საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი

საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი1945-1953 წლებში არსებული საბჭოთა კავშირ-თურქეთის სასაზღვრო კონფლიქტი, აღმოსავლეთ ანატოლიისთვის. საბჭოთა კავშირი ითხოვდა 1878-1921 წლებში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ამიერკავკასიის ტერიტორიებს, რომელიც 1921 წელს ყარსის ხელშეკრულებით გადასცა თურქეთს. ის საქართველოს სსრ-სა და სომხეთის სსრ-ს შორის უნდა განაწილებულიყო.

წინაპირობა

რედაქტირება

1921 წლის 16 მარტს რსფსრ-სა და თურქეთს შორის დაიდო „მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულება“, ხოლო 1921 წლის 13 ოქტომბერს — ანალოგიური ხელშეკრულება თურქეთსა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორისაც. 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით საბჭოთა რესპუბლიკები, ომი რომ თავიდან აეცილებინათ, იძულებულნი იყვნენ დაეთმოთ თურქებისადმი, საკუთარი ტერიტორიის ნაწილი. ამრიგად, საბჭოთა ამიერკავკასიას ჩამოშორდა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი სექტორი და მთლიანად ართვინის, არტაანისა და ყარსის ოლქები, აგრეთვე ყოფილი ერევნის გუბერნიის სურმალინის მაზრა. იმის გამო, რომ გერმანიის წინააღმდეგ მიმართულ დიდი სამამულო ომის დროს თურქეთმა ფაქტობრივად დაარღვია და ცალმხრივად შეწყვიტა მეგობრობის ხელშეკრულებების მოქმედება, შესაძლო გახდა ამ ხელშეკრულების დენონსაცია, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკებისათვის კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნება. 1878-1918 წლების საზღვრების აღდგენის საკითხში საქართველოს სსრ-ს შეეძლო დაესაბუთებინა ბათუმის ოლქის სამხრეთ სექტორის, ართვინის, არტაანის და ოლთისის ოლქების მიერთება, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 12 789 კვ.კმ-ს. გარდა, ამისა საქართველოს სსრ-ს შეეძლო დაესაბუთებინა თავისი უფლებები ისტორიული მესხეთის სხვა პროვინციებზეც — პარხალი, თორთუმი და ისპირი. ასევე შესაძლებელი ხდებოდა ლაზისტანის საკითხის წამოჭრა. ლაზები, რომელთა გათურქების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა, ქართველურ ტომებს მიეკუთვნებოდნენ და ქართული ენის დიალექტზე საუბრობდნენ. ეს გარემოება ლაზისტანის შემოერთების საფუძველს ან ლაზისტანის ავტონომიის სახით შემოერთების საფუძველს ქმნიდა.

პოტსდამის კონფერენცია

რედაქტირება

1945 წლის მიწურულიდან მოყოლებული საქართველოს სსრ მოელოდა, რომ საბჭოთა არმია ისტორიული საქართველოს ტერიტორიას დაიკავებდა.აბჭოთა კავშირის მთავრობამ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ეს საკითხი პირველად საგანგებოდ პოტსდამის კონფერენციაზე წამოჭრა. საბჭოთა კავშირი თურქეთს სთხოვდა არტაანის, ართვინისა და ყარსის ოლქების დათმობასა და 1936 წლის 20 ივნისის მონტრეს ხელშეკრულების პირობების გაუქმებას — ბოსფორის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უფლებასა და ასევე, სრუტეში საბჭოთა გემებისთვის სამხედრო-სარემონტო ბაზის შექმნას. ეს საკითხები საგანგებოდ განიხილეს „დიდი სამეულის“ (საბჭოთა კავშირი, აშშ, ინგლისი) პოტსდამის კონფერენციაზე. კონფერენციამ საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები არ დააკმაყოფილა.

საქართველოს პრეტენზიები

რედაქტირება

1944 წელს რუსულ ენაზე დაიწერა სიმონ ჯანაშიას სტატია 1თურქეთის შემადგენლობაში არსებული ქართული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც არ გამოქვეყნებულა. 1945 წლის 14-20 დეკემბერს ცენტრალურ ქართულ და რუსულ გაზეთებში: კომუნისტი, ზარია ვოსტოკა, პრავდა და იზვესტია-ში გამოქვეყნდა ქართველი მეცნიერ-აკადემიკოსების სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილი „თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ“. პუბლიკაციაში ნათქვამია:

განმათავისუფლებელი ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ გამარჯვებული დემოკრატია მშვიდობიანობისა და უსაფრთხოების დასაყრდენად ირაზმება. თავისუფლების მოყვარე ხალხებს სურთ დაიკავონ მათი შესაფერისი ადგილი. ქართველმა ხალხმა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის განადგურების საქმეში, უფლება მოიპოვა წარადგინოს თავისი კანონიერი მოთხოვნები.მივმართავთ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს თურქეთის მიერ წართმეული ჩვენი ძველისძველი მიწა-წყლის შესახებ. საქმე ეხება არა უმნიშვნელო ტერიტორიულ შევიწროებას, არამედ ჩვენი ხალხის ინდივიდუალობის აკვანს, ჩვენგან მიტაცებულს - დანაშაულს, რომელმაც ორად გაკვეთა ეროვნული სხეული. საქმე ეხება ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ბრძოლის საგანს - ჩვენი უძველესი მიწა-წყლის დაბრუნებას. წერილი მთავრდება მოთხოვნით: „ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს თავისი მიწა-წყალი, რომელზეც არასოდეს უთქვამს უარი და ვერც იტყვის.“

წერილზე გამოხმაურება დაწერეს სხვა მეცნიერებმაც, არნოლბ ჩიქობავამ, სერგი ჯიქიამ, კალისტრატე ცინცაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა. მთავრობის დაკვეთით პროფესორმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა დაწერა ნარკვევი „სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ვახუშტი ბაგრატიონის აღწერილობით“. აღნიშნული ნარკვევი არ გამოცემულა. ართვინ-არტაანის დაბრუნების პრობლემა ფართოდ იყო ასახული ქართულ ლიტერატურაშიც: იბეჭდებოდა მოთხრობები („მტკვრის სათავისკენ“), იწერებოდა და იდგმებოდა პიესები („ჩაძირული ქვები“), იქმნებოდა პოემები და ლექსები:

გზის გასწვრივ დგანან ალვები მწკრივად,
თეთრად გაჰკვრია ზეცას ღრუბლები,
მე ტრაპიზონის ოლქკომში ვზივარ,
ოლქკომის მდივანს ვესაუბრები.
კედელზე რუკა ჰკიდია ოლქის,
მდივანი დასცქერს გადაშლილ ფურცელს,
სახეზე დაჰკრავს იერი კოლხის
და ლაპარაკში ლაზურად უქცევს.[1]

ტაო-კლარჯეთის საკითხს შეეხო კანდიდ ჩარკვიანი 1946 წლის თებერვალში წაკითხულ მოხსენებაში.

სომხეთის პრეტენზიები

რედაქტირება

1945 წლის 7 ივლისს სომხეთის სსრ-ის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა არუთინოვმა წერილით მიმართა სტალინსა და მოლოტოვს. წერილში აღნიშNული იყო სომხეთის პრეტენზია ყარსის ოლქზე. ანალოგიური წერილით სტალინს მიმართა სომხეთის პატრიარქმა გევოქრ VI-მ. საქართველოს და სომხეთის სსრ-ებს შორის სადავო იყო არტაანის და ოლთისის ყოფილი ოკრუგები.

თურქეთთან სამხედრო ოპერაციის გეგმა და პრეტენზიებზე უარის თქმა

რედაქტირება

1946 წლის ზაფხულში თურქეთსა და სსრკ-ს შორის დაძაბულომაბ პიკს მიაღწია. შეიქმნა და დამტკიცდა დოკუმენტი სახელწოდებით „ზოგიერთი მოსაზრება ამიერკავკასიის ფრონტის ოპერაციათა დაგეგმვის შესახებ“. დოკუმენტის თანახმად საბჭოთა არმია შედიოდა თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში, ტრაპიზონ-ბაიბურთისა და ყარს-ერზერუმის მიმართულებით.

  • პირველ ეტაპზე (10-დღიანი ვადით) ანადგურებდა თურქეთის არმიის დაჯგუფებას ყარსისა და პაზარ-ართვინის რაიონებში, შტურმით იღებდა ტრაპიზონს,
  • მეორე ეტაპზე (6-დღიანი ვადით) ანადგურებდა ოლთის-სარიყამიშის დაჯგუფებას, გადიოდა ისპირ-თორთუმის ხაზზე და საბოლოოდ,
  • მესამე ეტაპზე (ოპერაციის დაწყებიდან მე-20 დღეს) იკავებდა ერზერუმს.

აშშ მზად იყო საბჭოთა კავშირის მიერ თურქეთში შეჭრის შემთხვევაში ემოქმედა თურქეთის დასაცავად. იოსებ სტალინი იძულებული გახდა, თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარი ეთქვა და მიწების შეერთებაზე ხელი აეღო. სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წლის 30 მაისს საბჭოთა კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ ოფიციალურ დონეზე საბოლოოდ უარი თქვა თურქეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით, საბჭოთა საქართველო და სომხეთი უარს ამბობენ თურქეთისადმი თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ამონარიდი გრიგოლ აბაშიძის ლექსიდან „ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე“