რუსეთ-ოსმალეთის ომის კავკასიის ფრონტი (1877-1878)
რუსეთ-ოსმალეთის ომის კავკასიის ფრონტი (12 (24) აპრილი, 1877 — 19 თებერვალი (3 მარტი), 1878) — ამიერკავკასიაში რუსეთის არმიის მოქმედება რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) დროს.
ომის მსვლელობის დროს დაკავებულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები და დასახლებული პუნქტები, როგორებიცაა: არტაანი (5 (17) მაისი), ყარსი, არტანუჯი, ართვინი და ბათუმი.
ისტორია
რედაქტირება1877 წლის 12 (24) აპრილს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ კიშინიოვში ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლითაც ომი გამოეცხადა ოსმალეთის იმპერიას, და ოსმალეთის საზღვრებთან არსებულ რუსეთის მხედრობას ნება მისცა ოსმალეთის იმპერიაში შესვლისა.
ომის გამოცხადებიდან პირველსავე დღეს გამოიცა ბრძანება კავკასიის მხედრობისადმი[1]:
კავკასიის ლაშქარნო!
უმაღლესი ნება ხელმწიფე იმპერატორისა გიწვევთ თქვენ, რათა თოფ-იარაღით დაიცვათ ჩვენის მამულის პატივი და ღირსება.
თქვენს უკან — კავკასიის მხედრობის სახელოვანი წარსულია, თქვენ წინ — მინდორნი და სიმაგრენია, სადაც თქვენს მამებს და ძმებს თავისი სისხლი დაუნთხევიათ.
ამხედრდით და წარემართენით ღვთით სამშობლოსა და დიდის ხელმწიფისათვის!
მთავარ-სარდალი კავკასიის მხედრობისა გენერალ ფელცეხმეისტერი მიხეილ.
ომის დასაწყისში კავკასიის მხედრობათა მთავარსარდალმა მიხეილ ნიკოლოზის ძემ აჭარისა და ქობულეთის მოსახლეობის მიმართ გააკეთა სპეციალური მიმართვა, სადაც ის იტყობინებოდა, რომ „რუსეთის იმპერატორმა ინება და ჯარი ჩემდამი მონდობილი კავკასიის მხედრობისა მოდის თქვენს ქვეყანაში“[2].
12 (24) აპრილი — ტფილისში სიონის საკათედრო ტაძარში 3 საათზე შეიკრიბა ხალხი, ეგზარქოსმა გადაიხადა პარაკლისი, აკურთხა დროშა და გარედ გამოსულმა დალოცა ომში მიმავალი ჯარი. პროცესიას ესწრებოდა მიხეილ ნიკოლოზის ძე, რომელმაც დასრულებისთანავე დატოვა ტერიტორია[1].
მანიფესტის გამოცხადების დღეს კავკასიაში დისლოცირებული გიუმრის, ერევნის, ახალციხისა და რიონის რაზმები დაიძრა და გადალახა ოსმალეთის საზღვარი. გზად, სადაც ოსმალეთის საყარაულო შეხვდათ, ყველგან აიყვანეს ოსმალო ტყვეები. ნიჟეგოროდის დრაგუნებსა და კაზაკებს, კურტის ცხენოსან ჯართან შორის მცირე შეტაკებების შედეგად აიყვანეს შვიდი ოფიცერი და ოთხმოცდაცამეტი ჯარისკაცი. იმავე დღეს გიუმრის რაზმს შეემატა ორასი ყარაფაფახელი[2].
13 (25) აპრილი — რიონის რაზმმა გენერალ დენიბეკოვის მეთაურობით წარმატებებს მიაღწიეს თავის ფრონტზე. განსაკუთრებით თავი იჩინა გურიის მილიციამ. შეტაკებების შედეგად დაიჭრა პოდპოლკოვნიკი მუსხელოვი.
14 (26) აპრილი — ოსმალეთის სამხედრო ხომალდები მიადგნენ შავი ზღვის პირას მდებარე წმინდა ნიკოლოზის სიმაგრეს და დაბომბეს იგი. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი ჯარისკაცი.
15 (27) აპრილი — გენერალმა ოკლობჟიომ სრულად დაიკავა მუხაესტატე. დაიჭრა ოცდაჩვიდმეტი კაცი.
16 (28) აპრილი — ახალციხის რაზმმა პოლკოვნიკ კამაროვის მეთაურობით დაიკავა ქალაქი დვინი.
18 (30) აპრილი — ფოთის სიახლოვეს იმყოფებოდა ოსმალთა გემები, რომლებმაც მოგვიანებით სოხუმისკენ გადაინაცვლეს.
დილით, ერევნის ათასშვიდასკაციანმა რაზმმა გენერალ ტერგუქასოვის მეთაურობით უბრძოლველად ქალაქი ბაიაზეთი დაიკავა[2].
16 (28) — 18 (30) აპრილს გურიის ცხენოსანთა რაზმი გენერალ ჭავჭავაძის მეთაურობით დაიძრა ყარსის მიმართულებით[3].
22 აპრილი (4 მაისი) — ბათუმიდან წამოსულმა სამმა სამხედრო გემმა დაბომბა შავი ზღვის სანაპირო.
24 აპრილი (6 მაისი) — გენერალმა დეველმა არტაანამდე მიაღწია[3].
29 აპრილი (11 მაისი) — გენერალ ოგლობჟიოს რაზმმა მუხაესტატედან ხუცუბანში გადაინაცვლა და დაიკავა მაღლობი[4].
ერევნის რაზმმა სურფჰოვანესი აიღო. შუაღამისას ექვსმა სამხედრო ხომალდმა გუდაუთა დაბომბა და ხმელეთზე 2000-მდე ჯარისკაცი გადმოსხა.
1 (13) მაისი — გენერალ ლორის მელიქოვმა თავისი რაზმით ზაიმიდან არტაანისკენ გადაინაცვლა და გაჩერდა სოფელ ხევისკართან[4].
5 (17) მაისი — სამი საათი ზარბაზნებით იერიშის შემდეგ დაეცა ქალაქი არტაანი. საღამოს ექვს საათზე ციხეში შეიჭრა ერევნის, ბაქოსა და ტფილისის პოლკები და სრულად დაიკავეს იგი. არტაანის აღებას მეთაურობდა გენერალი ვ. გეიმანი[5]
აფხაზები აჯანყდნენ, სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა გენერალ კრავჩენკომ ჯარი გაგზავნა და აფაზები დაამარცხა.
10 (22) მაისი — ოსმალების შვიდი ხომალდი ადლერთან მივიდა და ხმელეთზე სამიათასამდე კაცი გადმოსხეს. ნიკოლაევსკის პორტთან ორი სამხედრო ხომალდი მივიდა, რომელთაც კიდევ ორი ხომალდი დაემატათ და დაბომბეს ჩოლოქის მიმდებარე ტერიტორია. ქობულეთის რაზმმა კინტრიშის მიმართულებით გადაინაცვლა. შავშეთიდან ფაშამ შვიდიათასიანი კაცით ბათუმისკენ გასწია[6].
13 (25) მაისი — გენერალ ლორის-მელიქოვის რაზმს შეტაკება ჰქონდა ყარსიდან გამოსულ ოსმალეთის ჯართან[7].
14 (26) მაისი — გენერალმა ტერ-გუსაკოვმა სურფჰოვანესიდან ევფრატის მარცხენა ნაპირები დაათვალიერა და კარაკლისთან შეამჩნია ოსმალების ჯარი 7 ბატალიონი.
18 (30) მაისი — ოსმალეთიდან გადმოსხმულმა აფხაზების რაზმმა კოდორის მიმართულებით დააპირა გადასვლა. მათ წინააღმდეგ გენერალმა ალხაზოვმა ქუთაისის დრუჟინის ორი ასეული და ეისკის კაზაკთა ერთი ასეული გაგზავნა. შეტაკების დროს გარდაიცვალა დრუჟინის წინამძღოლი პოდპოლკოვნიკი მიქელაძე. სოჭაში ოსმალეთის ჯარმა ორი გემით ჩამოსხა ჯარი, რომლებიც სტრელკოვის რაზმმა არმისული ნაპირებთან ჯერ კიდევ ნავებში გაანადგურა. ხომალდები ბიჭვინთაში დაბრუნდნენ. ქობულეთის რაზმმა პოლკოვნიკ გურჩინის მეთაურობით მდინარე კინტრიში გადალახა და სამების მაღლობი დაიჭირა. ოსმალეთის ჯარმა ციხისძირისაკენ დაიწია. დაიწყო კინტრიშზე ხიდის აშენება მძიმე ტექნიკის გადასაყვანად. მაიორ მელიქოვის რაზმს, რომელიც სოფელ ზენითში გამაგრდა ადგილობრივმა მოსახლეობამ მძიმე დახვედრა მოუწყო. მოკლულია ოთხი და დაჭრილია 26 ჯარისკაცი. სოფელ ბეგლი-ახმეტის სიახლოვეს გენერალი ზაქარია ჭავჭავაძის რაზმი ოსმალთა ცხენოსნებს დაესხა თავს.
21 მაისი (2 ივნისი) — გურჩინის რაზმი სოფელ ზენითის მახლობლად მივიდა და შემდეგ სოფელ აჩქოსკენ გადაინაცვლა. ყორღანოვის მეორე რაზმს მძიმე შეტაკება ჰქონდა ოსმალებთან[7].
კავკასიის საზღვრიდან ერზრუმის მიმართულებით სამ მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი არსებობდა: პირველი — ახალციხესა და არტაანს შორის, მეორე — გიუმრიდან ყარს შორის და მესამე ერევნიდან ბაიაზეთზე. პირველი და მესამე მონაკვეთები რუსის ჯარის მიერ უმეტესწილად კონტროლს ექვემდებარებოდა. ერევნის რაზმს გენერალ ტერ-გუსაკოვის მეთაურობით ბაიაზეთის გზაზე კარალლისიც ჯერ კიდევ 23 მაისს (4 ივნისს) ჰქონდა აღებული. არტაანის ციხის აღებამ ყარსიდან ოლთისისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა გამოიწვია. 21 მაისს (2 ივნისს) არტაანიდან წასულმა პოლკოვნიკმა კომაროვმა უბრძოლველად აიღო ქალაქი ოლთისი, ხოლო იქმყოფი ოსმალთა რაზმმა ერზრუმისკენ დაიხია[8].
26 მაისი (7 ივნისი) — რუსის ჯარი აგრძელებს ყარსის ციხის დაკვირვებას[9].
28 მაისი (9 ივნისი) — გენერალ ტერ-გუსაკოვმა ქალაქი აღაშვერტი და ზეიდიკიანი დაიკავა.
3 (15) ივნისი — ყარსის ციხიდან ოსმალთა 10 ბატალიონი ჯარი გამოვიდა და გენერალ გეიმანის ჯარს დახვდა. შეტაკების შემდეგ ოსმალთა ჯარმა ისევ ყარსის ციხეში შეტრიალდა. შეტაკების შედეგად ოსმალთა მხრიდან 200-მდე კაცი მოიკლა, ხოლო რუსების მხრიდან — მოიკლა 11 ჯარისკაცი, დაიჭრა 11, მათ შორის პრაპორშჩიკი აეტოვსკი. სამებას, რუსულ ჯარს თავს ოსმალები დაესხნენ. რუსებმა მტრის მოგერიება შესძლეს და ოსმალები უკუაქციეს. შეტაკების შედეგად მოიკლა 6 ჯარისკაცი და შტაბს-კაპიტანი პრჟევალსკი, დაჭრეს — 11 ჯარისკაცი და პარუჩიკი ლემენი-მაკედონი. ადლერთან ოსმალებმა ხომალდით ჯარისკაცთა ერთი რაზმი გადმოსხა. ამ ჯარს სოჭიდან გამოგზავნილ რუსის ჯართან შეტაკება მოუვიდათ. ოსმალების მხრიდან 8 კაცი მოიკლა და მრავალი დაიჭრა, რუსების მხრიდან დაიჭრა მილიციის პრაპორშჩკი პშინოვი. მდინარე მზიმთაზე ოსმალოს ათას კაცამდე იყო მობილიზებული[9].
4 (16) ივნისი — გენერალ ტერ-გუსაკოვის რაზმს, რომელიც ბაიაზეთსა და ერზრუმს შორის გზას აკონტროლებდა, ზეიდეკანსა და დალაბაბს შუა ფერიქ მაჰმედ-ფაშის მეთაურობით ოსმალები დაეხნენ თავს. რუსებმა ოსმალები განდევნეს მრავალი მოკლეს, მათ შორის თავად მაჰმედ ფაშაც[10].
5 (17) ივნისი — რუსებმა დაიწყეს ქალაქ ყარსის ყუმბარებით დაბომვა.
9 (21) ივნისი — გენერალ ტერ-გუსაკოვის რაზმს თავს ოსმალთა ჯარი დაესხა. ოსმლათა განკარგულებაში იყო 12 ზარბაზანი და 4500 ცხენოსანი. 10 საათიანი განუწყვეტელი ომის შემდეგ რუსებმა ოსმალები დაამარცხეს. რუსების მხარეს მოკლეს 51 ჯარისკაცი და სამი ოფიცერი (კაპიტანი ვასენკოვი, პოდპორიუჩიკი პოლიაკოვი და პრაპორშჩიკი თ. ბებუთოვი), დაჭრეს 363 ჯარისკაცი და ყირიმის პოლკის უფროსი სლუსარენკო, შტაბს-კაპიტანი იურგენსი, პრაპორშჩიკი კოლპაკოვი, მაიორი კარპინსკი, პარუჩიკი შლენევი, პოდპორუჩიკები ესიპოვი, სტაცევიჩი და ბარშევსკი, ასევე პრაპორშჩიკი ალმპინი. ციხისძირთან გენერალ ოკლობჟიოს რაზმი თავს დაესხა ოსმალებს. ბრძოლის შედეგად რუსის მხარეს დაჭრილებისა და მოკლულების რიცხვმა 400-ს მიაღწია, აქედან 11 ოფიცერი.
10 (22) ივნისი — შავ ზღვაზე, ხომალდებმა „კონსტანტინემ“ და „ვლადიმერმა“ ჩაძირეს ოსმალთა 4 სავაჭრო გემი, ხოლო ერთი მძევლად აიყვანეს 16 მეზღვაურით[10].
11 (23) ივნისი — ციხისძირთან რუსის ჯარს კვლავ დაესხნენ თავს ოსმალები. რუსეთის მხარეზე მრავალი დაიჭრა, მათ შორის: ფლიგელ-ადიუნტანტი პოდპოლკოვნიკი ტერიევი, მოტომსროლელი ბატალიონის მაიორი თ. მელიქოვი და პორუშჩიკი პოპოვი; პიატიგორსკის პოლკის მაიორი ულიანოვი და პრაპორშჩიკი ლევიცკი; ზაქათალის პოლკის კაპიტანი ანოსოვი; ლენკორანის პოლკის პრაპორშჩიკი შაგილ გირეი კურამშინი, სევასტოპოლის პოლკის პორუშჩიკი ფედკოვსკი, პორუჩიკი ლალოში, გურიის დრუჟინის როტმისტერი ჩხეიძე და გრუზინსკის პოლკის პოდპორუჩიკი აბულაძე[11].
12 (24) ივნისი — ოსმალები თავს დაესხნენ სამებაზე განლაგებულ რუსის ჯარს. მთელი დღის ბრძოლის შემდეგ რუსის ჯარმა ოსმალები დაამარცხა და განდევნა ისინი. სოფელ სუპროსში თ. ჯორჯაძის რაზმს დიდოელები დაესხნენ თავს. ბრძოლისას მოიკლა სიღნაღის ადგილობრივი რაზმის ოფიცერი თ. ჩერქეზოვი და ათი ჯარისკაცი, დაიჭრა თავადი სიკო ჯორჯაძე და 20 ჯარისკაცი.
13 (25) ივნისი — ზივინში შეტაკებისას რუსეთის მხრიდან ბრძოლაში დაიღუპნენ: პოდპორუჩიკი შრადერი, შტაბს-კაპიტანი ბარათოვი, პოდპორუჩიკი საგინოვი, შტაბს-კაპიტანი აფანასიევი, პარუჩიკი იასოვიჩი, პოდპორუჩიკი რუდიევიჩი, პრაპორშჩიკი სოფიევი და 118 ჯარისკაცი. ასევე დაიჭრა მრავალი სამხედრო პირი.
14 (26) ივნისი — ოსმალთა ხომალდები ილორს მიადგნენ და ჯერ დაბომბეს იგი, შემდეგ კი გადასვლა დააპირეს, მაგრამ ხმელეთიდან რუსულმა არტილერიამ ოსმალებს უკან დაახევინა. პოლკოვნიკი კომაროვი არტანუჯისკენ დაიძრა და 17 ივნისს ქალაქთან ახლოს განლაგებული ოსმალთა გამაგრებული ბანაკი დაამარცხა და უკუაგდო.
15 (27) ივნისი — ილორსა და ფოქვეშში მდგარმა რუსის ჯარმა გადალახა მდინარე ღალიძგა და დიდი ბრძოლის შემდეგ ოსმალები ოჩამჩირეს იქეთ განდევნა[11].
20 ივნისი (2 ივლისი) — გენერალი ლორის მელიქოვი აიხარიდან არდოსტში მივიდა[12].
21 ივნისი (3 ივლისი) — გენერალ გეიმანის რაზმი ხაჯი-ხალილში დაბანაკდა. მათ შეტაკება მოუვიდათ მაგარჯიხთან იმ ოსმალოს ჯართან, რომელიც ყარსიდან გამოვიდა. შეტაკების შემდეგ ოსმალები ისევ ყარსში დაბრუნდნენ.
23 ივნისი (5 ივლისი) — კავკასიის მთავარსარდალი დიდი მთავარი ნიკოლოზი მიხეილის ძე ალექსანდროპოლში იმპყოფებოდა. გენერალმა ალხაზოვმა აფხაზები განდევნა. ომში დაიჭრნენ ლიბინსკის პოლკის უფროსი გოლიანოვსკი, ახალციხის პოლკის პორუჩიკიბარონი კლეისტი და 20 ჯარისკაცი.
26 ივნისი (8 ივლისი) — წმინდა ნიკოლოზის სიმაგრეში ოსმალებმა ჯარი გადმოსხეს, მაგრამ როდესაც რუსთა ჯარმა შეუტია კვლავ ხომალდში დაბრუნდნენ. შემდეგ იმავე ხომალდით მუხაესტატე ზარბაზნებით დაბომბეს. იყო მსხვერპლი. სოფელ ასიხოს აღების დროს ბრძოლაში დაიღუპნენ თავადები ნაკაშიძე და ჯორჯაძე, ასევე 6 ჯარისკაცი, 3 ოფიცერი და 21 ჯარისკაცი დაჭრეს[12].
27 ივნისი (9 ივლისი) — აჭარლები და ლაზები ქვაბლიან ჩაიზე მდგარ ყარაულებს თავს დაესხნენ. დაშავდა და მოიკლა 9 რუსის ჯარისკაცი[13].
28 ივნისი (10 ივლისი) — გენერალი ტერ-გუსაკოვი თავს დაესხა ოსმალოს იმ ჯარს, რომელიც მანამდე ბაიაზეთს დაესხა თავს. გამართულ ბრძოლაში რუსებმა სძლიეს ოსმალებს. გენერალი ტერ-გუსაკოვი აღღნიშნული ბრძოლისათვის წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდნით დაჯილდოვდა[13].
გენერალმა ალხაზოვმა მტერი მოქვის იქეთ გაყარა და ღალიძგის იქეთა ნაპირას გუმის მაღლობზე დაბანაკდა[14].
1 (13) ივლისი — პოლკოვნიკმა ყაზბეგმა მუხა-ესტატედან ჩურუქსუს მიდამოებისკენ დაზვერვა განახორციელა.
3 (15) ივლისი — გენერალმა ალხაზოვმა კოდორის მაზრა გადალახა და მდინარე ომიკრამდე არსებული მტრები განდევნა რეგიონიდან. ოჩამჩირეს ნაპირებთან ოსმალების ოთხი ხომალდი მივიდა.
9 (21) ივლისი — რუსის ჯარმა დაიკავა გამაგრებული სოფელი მერკულკი. გენერალ ლორის მელიქოვის რაზმი ისევ ქურქდარში დგას. მუხთარ ფაშის ჯარი ალაჯის მთაზე დაბანაკდა. არტაანის ციხეში დამატებითი ჯარი შეიყვანეს. ბაიაზეთთან ოსმალოს ჯარმა იმატა[14].
16 (28) ივლისი — გენერალი ლორის-მელიქოვი ქურქდარის ბანაკიდან გამოვიდა და მტრის ჯარი დაათვალიერა ვიზინკევამდე. შეტაკება მოუვიდა ოსმალებთან დიდი იაგნის მთასთან. რუსებმა სძლიეს ოსმალებს[15].
18 (30) ივლისი — რუსების ერთმა ბრიგადა ჯარმა დაიკავა სოფელი ანისი.
24 ივლისი (5 აგვისტო) — არტაანთან პოლკოვნიკი კამაროვი დაუპირისპირდა ოსმალთა 2000 კაციან რაზმს, კომაროვს ბარიატინსკი ორი ბატალიონით ჩაება ბრძოლაში და უკუაგდეს ოსმალები.
6 (18) ნოემბერი — ქალაქი ყარსი აიღო რუსმა ჯარმა. ყარსის აღების შემდეგ კავკასიის ფრონტზე გარკვეული დროით შეჩერდა საბრძოლო მოქმედებები[16].
29 ნოემბერი (11 დეკემბერი) — ოსმალთა დიდმა ჯარმა გადმოლახა ლომის წყალი და სოფელ კრასნისთან თავს დაესხა რუსის ჯარს. რუსებმა ვლადიმერ ალექსანდრეს ძის მეთაურობით უკუაქციეს მომხვდური და 30 ნოემბერს იქეთ გადავიდნენ იერიშზე[17].
7 (19) დეკემბერი — რუსეთის ჯარმა აიღო არტანუჯი[18].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 გაზ. „ივერია“, №7, 14 აპრილი, 1877
- ↑ 2.0 2.1 2.2 გაზ. „ივერია“, №8, 21 აპრილი, 1877
- ↑ 3.0 3.1 გაზ. „ივერია“, №9, 28 აპრილი, 1877
- ↑ 4.0 4.1 გაზ. „ივერია“, №10, 5 მაისი, 1877
- ↑ გაზ. „ივერია“, №11, 12 მაისი, 1877
- ↑ გაზ. „ივერია“, №12, 19 მაისი, 1877
- ↑ 7.0 7.1 გაზ. „ივერია“, №13, 26 მაისი, 1877
- ↑ გაზ. „ივერია“, №14, 2 ივნისი, 1877
- ↑ 9.0 9.1 გაზ. „ივერია“, №15, 9 ივნისი, 1877
- ↑ 10.0 10.1 გაზ. „ივერია“, №15, 16 ივნისი, 1877
- ↑ 11.0 11.1 გაზ. „ივერია“, №17, 23 ივნისი, 1877
- ↑ 12.0 12.1 გაზ. „ივერია“, №18, 30 ივნისი, 1877
- ↑ 13.0 13.1 გაზ. „ივერია“, №19, 7 ივლისი, 1877
- ↑ 14.0 14.1 გაზ. „ივერია“, №20, 14 ივლისი, 1877
- ↑ გაზ. „ივერია“, №21, 21 ივლისი, 1877
- ↑ გაზ. „ივერია“, №36, 3 ნოემბერი, 1877
- ↑ გაზ. „ივერია“, №41, 8 დეკემბერი, 1877
- ↑ გაზ. „ივერია“, №42, 15 დეკემბერი, 1877