ჯინჯერ როჯერსი

(გადამისამართდა გვერდიდან როჯერსი, ჯინჯერ)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ჯინჯერ როჯერსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ჯინჯერ როჯერსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ჯინჯერ როჯერსი (ინგლ. Ginger Rogers; დ. 16 ივლისი, 1911 — გ. 25 აპრილი, 1995) — ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი. მის სამსახიობო და სასცენო კარიერაში, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტს გრძელდებოდა, ის გადაიღეს 73 ფილმში. მათ შორის ათ ჰოლივუდურ მიუზიკლში მისი პარტნიორი ფრედ ასტერი იყო. ასტერისა და როჯერსის სასცენო წყვილმა რევოლუცია მოახდინა მიუზიკლის ჟანრში. მან ასევე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კინოში და კინოაკადემიის ჯილდო მიიღო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „კიტი ფოილი“ (1940).

ჯინჯერ როჯერსი
დაბადების სახელი ვირჯინია კეთრინ მაკმეთი
დაბადების თარიღი 16 ივლისი 1911
ინდიპენდენსი, მისური აშშ
გარდაცვალების თარიღი 25 აპრილი, 1995
რანჩო-მირაჟი, კალიფორნია, აშშ
აქტიური 1929-1965
მეუღლე(ები) ჯეკ პეპერი (1929-1931)
ლიუ აირესი (1934-1941)
ჯეკ ბრიჯი (1943-1949)
ჯასქუეს ბერგერასი (1953-1957)
ვილიამს მარშალი (1961-1969)
მშობლები მამა: ედინს მაკმეთი
დედა: ლელ ოუენი
ოსკარი საუკეთესო მსახიობი
1940 „კიტი ფოილი“
საიტი ოფიციალური საიტი

ადრეული ბიოგრაფია

დაბადებისას ჯინჯერ როჯერსის სახელი იყო ვირჯინია კეთრინ მაკმეთი; იგი ინდიპენდენსში (მისური) დაიბადა, ედინს მაკმეთისა (შოტლანდიური ჩამომავლობის) და ლელ ოუენს მაკმეთის (უელსელი) ოჯახში. მისი დედ-მამა ადრევე გაიყარნენ და ჯინჯერი დედის მშობლებთან იზრდებოდა კანზას-სიტისთან.

მშობლებს ჯინჯერის მზრუნველობაზე სასამართლოში ჰქონდათ სარჩელი შეტანილი და საქმე იქამდეც მივიდა, რომ მამამისმა ჯინჯერი დედის დაუკითხავად სახლიდან მოიტაცა. ოფიციალური განქორწინების შემდეგ ჯინჯერი დედის მშობლებთან დარჩა, სანამ დედამისი ორი წლის განმავლობაში ჰოლივუდში სცენარებზე მუშაობდა. ბავშვობაში ჯინჯერის დეიდაშვილებს მისი სახელის ”ვირჯინია” გამოთქმა უჭირდათ და ამიტომ მას შემოკლებით ”ჯინჯა”-ს უძახდნენ.

როცა ჯინჯერი 9 წლის იყო დედამისი ცოლად ჯონ ლოგან როჯერსს გაჰყვა. ჯინჯერმა მამინაცვლის გვარი აიღო, თუმცა ეს ლეგალურად არასდროს გაუფორმებია. ამ პერიოდიდან ისინი ფორტ-უორზში, ტეხასი, ცხოვრობდნენ, სადაც დედამისი თეატრალური კრიტიკოსი ხდება ადგილობრივი გაზეთისთვის ”ფორტ-უორზ რეკორდი”.

ყმაწვილობაში ჯინჯერი სკოლაში მასწავლებლობაზე ოცნებობდა, თუმცა დედამისის ინტერესმა ჰოლივუდისა და თეატრისადმი ახალგაზრდა ჯინჯერს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. "მაჯესტიკ თეატრის" კულისებში დედის მომლოდინე ჯინჯერიმ სცენაზე შემსრულებლების ყურებით მალე სიმღერა და ცეკვა დაიწყო.

ვოდევილი

 
ჯინჯერი ვოდევილების პერიოდში, 1927.

ხუთი წლის შემდეგ მისი სცენური კარიერა დაიბადა ერთ ღამეს, როდესაც მოხეტიალე ვოდევილის დასი ”ედი ფოი” (ბობ ჰოუპი ასრულებდა ჯუჯის როლს ”შვიდ პატარა ჯუჯაში”) ჩამოვიდა ფორტ-უორზში და სასწრაფოდ დასჭირდა მოცეკვავის შეცვლა. ჯინჯერი სინჯებზე წავიდა, გაიმარჯვა ჩარლსტონის კონკურსში და შემდეგ ვოდევილის ტურნეზე გაემართა. ის და ლელა (დედამისი) ტურით ოთხი წელი მოგზაურობდნენ. ამ პერიოდში ლელა ჯონ როჯერს დასცილდა, თუმცა გვარი დაიტოვა.

17 წლის ასაკში ჯინჯერი ჯეკ კალპეპერს, ცირკის ერთ-ერთი მოცეკვავე, გაჰყვა ცოლად. ქორწინება რამდენიმე თვეში დასრულდა და ჯინჯერმა კვლავ დედამისთან ერთად გააგრძელა საგასტროლო ტურებში მონაწილეობა. როდესაც ტური ნიუ-იორკში ჩავიდა, ის ქალაქში დარჩა. ჯერ რადიოში მღეროდა, შემდეგ ბროდვეის ერთ-ერთ თეატრში მიუზიკლში მოხვდა სახელწოდებით ”Top Speed”, რომელიც 1929 წლის შობადღეს გაიხსნა.

კინოკარიერა

1929-1933

ჯინჯერის პირველი კინო-როლი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ტრილოგია 1929 წელს — Night in the Dormitory, A Day of a Man of Affairs, და Campus Sweethearts.

მიუზიკლი ”ტოპ სპიდ”-ის გახსნიდან ორ კვირაში ის აიყვანეს ბროდვეიზე ჯორჯ გერშვინისა და აირა გერშვინის დადგმაში ”ქალი-გიჟი” (Girl Crazy) როლის შესასრულებლად. ქორეოგრაფიაში მოცეკვავეთათვის დასახმარებლად აყვანილ იქნა ფრედ ასტერი და მცირე ხნით ფრედი და ჯინჯერი ერთმანეთს ხვდებოდნენ კიდეც. ”ქალი-გიჟში” გამოჩენამ 19 წლის ჯინჯერი ერთ ღამეში ვარსკვლავად აქცია. 1930 წელს მას პარამაუნტ პიქჩერზმა შვიდწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

როჯერსმა პარამაუნტის კონტრაქტს თავი მალევე დააღწია (რომელთანაც მან კინოფილმების სერია გადაიღო ასტორია სტუდიოსში, ასტორია, კუინზი) და დედამისთან ერთად ჰოლივუდისკენ გაემართა. კალიფორნიაში ჩასვლისას მან სამ კინოფილმიან კონტრაქვს მოაწერა ხელი კინოსტუდიასთან "Pathé", რაც კრიტოკოებმა თითქმის უყურადღებოდა დატოვეს. თითქმის მთელი 1932 წელს ის მცირე საცეკვაო და სიმღერის როლებს ასრულებდა და ერთ-ერთი ნომინანტი გახდა 15 "WAMPAS Baby Stars"-ს შორის. 1933 წელს ის კინო-გარღვევას ახდენს უორნერ ბრაზერსის ”42-ე ქუჩა”-ში. მომდევნო რამდენიმე უღიმღამო ფილმის შემდეგ ის შემთხვევით ისევ ხვდება ფრედ ასტერს. 1939 წელს ის ”დასაქორწინებელ დედა”-ში დევიდ ნივენთან პირისპირ ასრულებს როლს.

1933-1939: წლები ფრედ ასტერთან

 
ტოპ ჰეტ (1935) -- ჯინჯერისა და ფრედის მეოთხე ერთობლივი სურათი, რომელმაც მათ უზარმაზარი წარმატება მოუტანა.

ჯინჯერ როჯერსის ყველაზე ცნობილი წლები მისი ფრედ ასტერთან პარტნიორობა იყო. 1933-39 წლებში მათ შექმნეს ცხრა მუსიკალური ფილმი, რითაც რევოლუცია მოახდინეს ჰოლივუდის მიუზიკლში, შემოიტანეს რა უპრეცედენტო ელეგანტურობითა და ვირტუოზობით შესრულებული საცეკვაო პარტიები, რომლებისთვის სპეციალურად იმ დროის უდიდესი კომპოზიტორები სიმღერებს წერდნენ.

ერთად მათ შექმნეს ისეთი ფილმები, როგორიცაა Top Hat და Swing Time. ეს ფილმები, სიუჟეტის თვალსაზრისით საკმაოდ სუსტი იყო, თუმცა ფრედისა და ჯინჯერის ბრწყინვალე საცეკვაო შესრულება განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მათ პარტნიორობაზე კეთრინ ჰეპბერნს უთქვამს: „ის [ჯინჯერი] მას სექსს აძლევს, ფრედი კი მას კლასსო”. თუმცა, მიუხედავად მათი სცენური შეყვარებულობის იმიჯისა, სცენის გარეთ ისინი მეგობრები არ ყოფილან. მიუხედავად ამისა, ”ფრედი და ჯინჯერი” ნებისმიერი წარმატებული საცეკვაო პარტრნიორობის თითქმის სინონიმი გახდა. ფილმების უმრავლესობაში, რომლებშიც ორივე მონაწილეობდა, რამდენიმე ერთობ რთული ნომერი იყო ჩართული, რომელიც მრავალჯერ გამეორებას საჭიროებდა. ასტერთან პარტნიორობაში შესრულებულ 33 ცეკვათაგან კროკი და მიულერი გამოყოფენ მის გადამდებად სპონტანურ შესრულებას კომიკურ ნომერში "I'll Be Hard to Handle" "რობეტა"-დან (1935), "I'm Putting all My Eggs in One Basket" "Follow the Fleet"-დან (1936) და "Pick Yourself Up" "Swing Time"-დან (1936). ისინი ასევე მიუთითებენ ასტერის მიერ როჯერსის საოცარი მოქნილობის გამოყენებას კლასიკურ რომანტიკულ ცეკვებში, როგორიცაა "Smoke Gets in Your Eyes" (Roberta, 1935), "Cheek to Cheek" (Top Hat, 1935) და "Let's Face the Music and Dance" (Follow the Fleet, 1936). ყველაზე განსაკუთრებით კი ისინი აღნიშნავენ მის შესრულებას "Waltz in Swing Time"-ში (Swing Time, 1936), რომელიც ზოგადად ყველაზე ვირტუოზულ ნომრად ითვლება ასტერის მიერ პარტნიორთან შესრულებულს კინოფილმისთვის. როჯერსი ზოგადად თავს არიდებდა სოლო ნომრებს: ასტერი ყოველთვის ამატებდა სულ მცირე ერთი ვირტუოზულ სოლო ნომერს ყოველ ფილმში, მაშინ როდესაც როჯერსმა მხოლოდ ერთი შეასრულა: "Let Yourself Go" (Follow the Fleet, 1936).

 
ფრედი და ჯინჯერი ცეკვაში „კვამლი შენს თვალებში“ რობერტადან, 1935.

მიუხედავად იმისა, რომ საცეკვაო ნომრების ქორეოგრაფი ასტერი და მისი კოლაბორატორი ჰერმეს პანი იყვნენ, ორივე ხაზს უსვამდა როჯერსის წვლილსა და მის პროფესიონალიზმს, ყველაზე დაძაბული პერიოდების დროსაც კი, როდესაც ის ცდილობდა მისი მრავალრიცხოვანი კინოკონტრაქტებისთვის დადებული პირობების შესრულებას, ასტერის დატვირთული რეპეტიციების გრაფიკის პირობებში, რომელიც წელიწადში ორზე მეტ ფილმს არ ქმნიდა. 1986 წელს, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, ასტერმა აღნიშნა:

 
„ყველა გოგო, რომელთანაც ოდესმე მიცეკვია, ფიქრობდა, რომ ამის გაკეთება არ შეეძლო, მაგრამ რა თქმა უნდა მათ შეეძლოთ. ამიტომაც ისინი მუდამ ტიროდნენ. ყველა ჯინჯერის გარდა. არა არა, ჯინჯერი არასდროს ტიროდა.“

ჯონ მიულერის როჯერსის შესაძლებლობებს ამგვარად აჯამებს:

 
„როჯერსი განსაკუთრებული იყო ასტერის პარტნიორთა შორის არა იმიტომ, რომ ის სხვებს ჯობდა, როგორც მოცეკვავე, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ნიჭიერ, ინტუიციურ მსახიობს, მას გათავისებული ჰქონდა, რომ თამაში არ სრულდებოდა, როდესაც ცეკვა იწყებოდა... მიზეზი, რის გამოც ამდენი ქალი ოცნებობდა ფრედ ასტერთან ცეკვაზე იყო ის, რომ ჯინჯერ როჯერსმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ცეკვა მასთან არის ყველაზე სანუკვარი გამოცდილება, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება.“

ასტერის თანახმად:

 
„ჯინჯერს არასდროს უცეკვია პარტნიორთან მანამდე. ის ხშირად თავს გვაჩვენებდა. მას ბევრი რამის გაკეთება არ შეეძლო... მაგრამ ჯინჯერს ჰქონდა საკუთარი სტილი და ტალანტი, და იხვეწებოდა დროთა განმავლობაში. იმდენად, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ყველა სხვა, ვინც ჩემთან ცეკვავდა, მდარედ გამოიყურებოდა.“

როჯერსმა ასევე შემოიღო რამდენიმე განთქმული ნომერი კრებულიდან "Great American Songbook", სიმღერები, როგორიცაა ჰარი უორენისა და ალ დუბლინის "The Gold Diggers' Song (We're in the Money)" (ოქროს მაძიებლები, 1933), "Music Makes Me" (Flying Down to Rio, 1933), "The Continental" (The Gay Divorcee, 1934), ირვინ ბერლინის "Let Yourself Go" (Follow the Fleet, 1936) და გერშვინების "Embraceable You" (Girl Crazy) და "They All Laughed (at Christopher Columbus)" (Shall We Dance, 1937). მათი ბოლო ერთობლივი ფილმი 1939 წელს გამოვიდა.

1939 წლის შემდეგ

15-წლიანი პაუზის შემდეგ, რომლის დროსაც RKO გაკოტრების პირას იდგა, სტუდიამ ფრედი და ჯინჯერი კიდევ ერთი ფილმისთვის "Carefree" (ინგლ. "უდარდელი") დაიქირავა, თუმცა გადაღებისთვის საჭირო ფული დაკარგა. შემდეგ იყო "The Story of Vernon and Irene Castle" (ინგლ. "ვერნონისა და აირინ კასლის ისტორია"), მაგრამ სერიოზული სიუჟეტისა და ტრაგიკული დასასრულის გამო ფილმი კომერციულად ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. ამ ეტაპზე ყველა დათანხმდა, რომ უკვე გაჩერების დრო იყო.

1941 წელს ჯინჯერმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო ქალის მთავარი როლისთვის 1940 წლის ფილმში "კიტი ფოილი". 1940-იანების დასაწყისში ის შესამჩნევი წარმატებით სარგებლობდა და RKO-ს ამ პერიოდის ყველაზე სარფიანი საკუთრება იყო. თუმცა ამ ათწლეულის ბოლოსთვის მისი კინოკარიერა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. არტურ ფრიდმა ის ფრედ ასტერს დაუკავშირა ბოლოჯერ ფილმში "The Barkleys of Broadway" (1949), რომელმაც, მიუხედავად დიდი წარმატებისა, ვერ შეძლო როჯერსის დაღმავალი კარიერის აღორძინება. ამ პერიოდის კომენტატორები თითქმის ერთსულოვნად მიანიშნებდნენ, არც თუ ისე კეთილად, რომ 1930-იანი წლების ცქრიალა გოგონა 1949 წლისთვის გაუჩინარდა და მისი ადგილი ზორბა, ათლეტური აღნაგობის ქალებმა დაიჭირეს.

როჯერსი კვლავაც მუშაობდა მცირე კინოროლებზე 1950-იანი წლების ბოლომდე. 1952 წელს მან ითამაშა ფილმში "Monkey Business" კერი გრანტთან, იმავე წელს მან ასევე ითამაშა ფილმში "We're Not Married!" მერილინ მონროსთან. 1965 წელს მას შეხვდა დოლი ლევის როლი ბროდვეის მიუზიკლში "ჰელო, დოლი!". აღსანიშნავია, რომ 1956 წელს ჯინჯერ როჯერსმა შეასრულა ჰავანაში, კუბა, ჰოტელ რივიერას საზეიმო გახსნის სადებიუტო აქტი, რაც დიქტატორ ფულგენსიო ბატისტას ერთობლივი პროექტი იყო განგსტერ მეიერ ლანსკისთან.

ცხოვრების ბოლო პერიოდი როჯერსი კეთილ ურთიერთობას ინარჩუნებს ასტერთან: მან წარადგინა ის სპეციალურ კინოაკადემიის ჯილდოზე 1950 წელს, და ისინი თანაწარმომდგენები იყვნენ ინდივიდუალურ კინოაკადემიის ჯილდოებზე 1967 წელს. 1969 წელს მან შეასრულა მთავარი როლი თეატრალურ დადგმაში "Mame" (ადაპტაცია ჯერომ ლოურენსისა და რობერტ ედუინ ლის წიგნიდან, ჯერი ჰერმანის მუსიკითა და სიტყვებით) სამეფო თეატრ დრური-ლეინში, ლონდონი. ნიუ-იორკიდან ის ლაინერით QE2 (დედოფალი ელისაბედ II-ის სახ.) ჩავიდა და მისი ხმელეთზე გადმოსვლა დიდი პომპეზურობითა და ცერემონიულობით აღნიშნეს საუთემპტონში. სპექტაკლი 14 თვის განმავლობაში იდგმებოდა და მას დედოფალიც დაესწრო.

1992 წელს როჯერსი კენედის ცენტრის ყოველწლიური ჯილდოს ლაურეატი გახდა ამერიკის კულტურაში შეტანილი ღვაწლისთვის. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გაუშვეს ტელევიზიითაც, თუმცა ის ოდნავ დაჩრდილა ასტერის ქვრივის, რობინ სმიტის, უთანხმოებამ ტელეკომპანიასთან, ასტერის როჯერსთან ცეკვის კლიპების ეთერში გაშვების უფლებებზე.[1]

პირადი ცხოვრება

 
ჯინჯერის პორტრეტი ავტოგრაფით, 1943.

როჯერსი ერთადერთი შვილი იყო და თითქმის მთელი ცხოვრება დედასთან ერთად გაატარა. დედამისი, ლელა როჯერსი (1891-77) გაზეთის რეპორტიორი, სცენარისტი და კინოპროდიუსერი იყო. ის ასევე ერთ-ერთი პირველი ქალთაგანი იყო, რომელიც საზღვაო კორპუსში ჩაირიცხა. ჯინჯერი პოლიტუკურად მემარჯვენე რესპუბლიკელი იყო. ორივე გააფრთებული ანტი-კომუნისტები იყვნენ და ამ მხრივ საეჭვო პირებს ასმენდნენ ხოლმე ”თემთა პალატის არაამერიკული საქმიანობის კომისიასთან” (HUAC).

1940 წელს როჯერსმა 1000 აკრის რანჩო შეიძინა შეიდი-კოუვს, ორეგონსა და იგლ-პოინტს შორის მდ. როუგზე, მედფორდიდან ჩრდილოეთით. ამ რანჩოში (მეტსახელად ”4რ” - Rogers' Rogue River Ranch) ის დედამისთან თითქმის 50 წელი ცხოვრობდა. როჯერსს მდინარეში თევზაობა უყვარდა ყოველ ზაფხულს. თუმცა 1990 წელს მან რანჩო გაყიდა და მედფორდში გადავიდა.

1929 წლის პირველი ქორწინების შემდეგ, ცეკვის პარტნიორ ჯეკ პეპერთან, 1931 წელს ის განქორწინდა, ხოლო 1934 წელს მეორედ იქორწინა, ამჯერად მსახიობ ლიუ ეირსთან (1908-1996); თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, 1941 წელს კი ოფიციალურად განქორწინდნენ. 1943 წელს ის მესამედ გათხოვდა ჯეკ ბრიგსზე, რომელიც საზღვაო ძალების ოფიცერი იყო; ისინი 1949 წელს განქორწინდნენ. 1953 წელს ჯინჯერი მეოთხედ გათხოვდა იურისტ ჟაკ ბერჟერაკზე (16 წლით მასზე უმცროსი, რომელიც მოგვიანებით მსახიობი, შემდეგ კი კოსმეტიკური კომპანიის მმართველი გახდა); განქორწინდნენ 1957 წელს. 1961 წელს ჯინჯერი მეხუთედ დაქორწინდა დირექტორსა და პროდიუსერ უილიამ მარშალზე, თუმცა რამდენიმე კვირაში დაშორდა, ხოლო 1969 წელს კი ოფიციალურად მიიღო განქორწინების საბუთი.

ჯინჯერი მეგობრობდა ლიუსილ ბოლთან მრავალი წლის განმავლობაში, ბოლის გარდაცვალებამდე 1989 წელს, 77 წლის ასაკში. ლიუსი ჯინჯერის პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა, თუმცა უდავოდ მისი კომპანია სიამოვნებდა, ისევე როგორც ბეთ დეივისს, დემოკრატს, რომელიც ჯინჯერს ”მორალისტს” უწოდებდა.

ჯინჯერი ზამთარს რანჩო-მირაჟზე, კალიფორნია, ატარებდა, ზაფხულს კი მედფორდში, ორეგონი. გარდაიცვალა 1995 წლის 25 აპრილს, დიაბეტის გართულების გამო, 83 წლის ასაკში რანჩო-მირაჟში. დაკრძალულია ოკვუდის მემორიალური პარკის სასაფლაოზე ჩატსუორზში, კალიფორნია.

როჯერსის განსახიერება

ჯინჯერ როჯერსის სახე კინოში ჯერ არ შექმნილია, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ფრედ ასტერმა საკუთარ ანდრეძში ითხოვა, რომ ის კინოში არასდროს განესახიერებინათ. ვინაიდან როჯერის კარიერის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ასტერთან, მისი ცხოვრების აღწერა ცალკე შეუძლებელი იქნება.

  • ის არ განუსახიერებიათ ფილმში ავიატორი (2004), მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მისი კოლეგათაგან, რომლებიც მის მსგავსად ჰოვარდ ჰიუსთან მეგობრობდნენ, ამ ფილმში ფიგურირებენ. როჯერსის ავტობიოგრაფიის Ginger: My Story მიხედვით, რომელიც 1991 წელს გამოიცა, ჰიუ ძალიან მოწადინებული იყო მასთან ქორწინების და დაჟინებით სთხოვდა მას ამას.
  • მსგავსება ასტერსა და როჯერსთან, სავარაუდოდ გადმოღებული ცეკვიდან Cheek to Cheek მიუზიკლში Top Hat, აშკარაა The Beatles-ის კინოფილმის „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მონაკვეთში Lucy in the Skies (1968).
  • როჯერსის სურათი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან 1930-40-იანი წლების განთქმულ ქალთა სურათთაგან, რომლებიც ამსტერდამში ანა ფრანკის სახლის საძინებელი ოთახის კედელზეა გაკრული ჟურნალების ამონაჭრებით გაკეთებული კოლაჟით, რომელიც ანამ და მისმა დამ მარგომ გააკეთეს ნაცისტებისგან მალვის პერიოდში. როდესაც ეს სახლი მუზეუმი გახდა, დების მიერ შექმნილი გალერეა შენახულ იქნა. როჯერსის სურათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამოკვეთილია, რაც ნათლად მიანიშნებს მის გლობალურ პოპულარობაზე იმ დროის ახალგაზრდობაში.
  • მიუზიკლი როჯერსის ცხოვრებაზე სახელწოდებით Backwards in High Heels ფლორიდაში წარმოადგინეს 2007 წლის დასაწყისში.[2][3]

ფილმოგრაფია

(*) - ფრედ ასტერთან.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ვარტონი, დენის. (1992-12-18) ასტერის კინოკადრების ჩვენება დაჯილდოებაზე გაუქმდა. ვარიეტი (ჟურნალი). ციტირების თარიღი: 2009-04-22.
  2. Playbill News: Sold Out Florida Stage Run of Ginger Rogers Musical Gets Added Performances
  3. Backwards in High Heels: The Ginger Musical


წინამორბედი:
ვივიენ ლი
ფილმისთვის „ქარწაღებულნი
ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის
1940
ფილმისთვის „კიტი ფოილი
შემდეგი:
ჯოან ფონტენი
ფილმისთვის „ეჭვი