მიუზიკლი (ინგლ. musical) — მუსიკალური-სასცენო ნაწარმოები (უმთავრესად კომედიური ხასიათისა), რომელშიც გამოყენებულია ესტრადის, საბალეტო მუსიკის, ქორეოგრაფიისა და საოპერო ხელოვნების გამომსახველობითი საშუალებები.

შავი ქურდი (1866) მიიჩნევა პირველ მიუზიკლად.[1]
მხიარული გოგო (1893), ერთ ერთი პირველი მიუზიკლი

მიუზიკლი, როგორც სასცენო ხელოვნების ჟანრი, ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულს აშშ-ში. 1866 წელს აქ დაიდგა ბიკნელის პიესა „შავი ქურდი“ (ინგლ. The Black Crook), სადაც ერთმანეთს შეერწყა მელოდრამა, სიმღერა და ე. წ. „შოუ გიორლსი“ (ეს სპექტაკლი სცენიდან 25 წელი არ ჩამოსულა).

XX საუკუნის დასაწყისში შავკანიანმა მსახიობებმა ბ. უილიამზმა და დ. უოკერმა ნიუ-იორკში დადგეს რამდენიმე მიუზიკლი (კომპოზიტორი უ. კ. კუკი). ამ სახის სპექტაკლები ძალზე პოპულარული იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც. მოგვიანებით შეიქმნა საუკეთესო მიუზიკლები: კერონის „მცურავი თეატრი“ (1929), გერშვინის „მე შენზე ვმღერი“ (1931), ვეილის „ჯონ ჯონსონი“ (1936), როჯერზის „ოკლაჰომა“ (1943), პორტერის „მაკოცე, კეტ!“ (1948), ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“ (ბერნარდ შოუს „პიგმალიონის“ მიხედვით, 1956) და სხვა.

ცეკვას (თავდაპირველად ჩეჩოტკას) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბერნსტაინის „ვესტსაიდის ამბავში“ (ბალეტმაისტერი ჯ. რობინზი, 1957); ეს სპექტაკლი ერთ-ერთი საუკეთესო მიუზიკლი იყო ამერიკაში. კარგ და შემოსავლიან სპექტაკლებს ხშირად იმეორებენ და დგამენ სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე, ახდენენ ეკრანიზაციას (ფილმები: ბარტის „ოლივერი“, დიდი ბრიტანეთი, 1970; სტაინის — „სასაცილო გოგონა“, 1969, აშშ; ლეგრანის „როშფორელი ქალიშვილები“, 1966 და „შერბურის ქოლები“, 1964, საფრანგეთი და სხვა).

საქართველოში მიუზიკლის ჟანრმა ფეხი მოიკიდა 70-იან წლებში. დაიდგა რამდენიმე სპექტაკლები ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიის თეატრში (ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“, 1974), მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში პ. ტრავერსის „მერი პოპინსი“ (1975); გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ (1975), ლანა ღოღობერიძემ — „აურზაური სალხინეთში“ (1976) და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Morley 1987, p.15.