როს 128 b
როს 128 b (Ross 128 b) — დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ კლდოვანი, რომელიც სასიცოცხლო ზონის შიდა ნაწილში გარს უვლის წითელ ჯუჯა ვარსკვლავ როს 128-ს. მდებარეობს დედამიწიდან დაახლოებით 11 სინათლის წლის მანძილზე.[1] ჩვენგან მანძილის მიხედვით, ჩამორჩება მხოლოდ პროქსიმა b-ს. აღმოაჩინეს ჩილეში მდებარე ლა-სილიის ობსერვატორიიდან, სპექტროგრაფ HARPS-ით (მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტათა მძებნელით) ათწლეულობით მუშაობის შემდეგ. როს 128 b უახლოესი ეგზოპლანეტაა, რომელიც მშვიდ წითელ ჯუჯასთან მდებარეობს და მიიჩნევა სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატ პლანეტად. არის დედამიწაზე 35%-ჯერ მასიური, იღებს 38%-ით უფრო მეტ სინათლეს და მიჩნეულია, რომ მისი ტემპერატურა ხელსაყრელი უნდა იყოს ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისათვის, თუკი პლანეტას ატმოსფერო გააჩნია.[2]
როს 128 b | ||||
---|---|---|---|---|
როს 128 b-ის მხატვრული კონცეპტი; უკანა ფონზე — დედავარსკვლავი, წითელი ჯუჯა როს 128 | ||||
სხვა სახელები | Ross 128 b | |||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | ხავიერ ბონფილი | |||
აღმოჩენის ადგილი | ლა-სილიის ობსერვატორია | |||
აღმოჩენის თარიღი | 15 ნოემბერი, 2017 | |||
აღმოჩენის მეთოდი | HARPS (მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტათა მძებნელი) | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
პერიასტრი | 0.0475 (± 0.0031) აე | |||
აპოასტრი | 0.0511 (± 0.0031) აე | |||
დიდი ნახევარღერძი (a) | 0.0496 (± 0.0017)აე | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.036 (± 0.092) | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
მასა (m) | 0.168 (± 0.017) | |||
ტემპერატურა | ||||
ზედაპირზე | 3192 (± 60) K | |||
| ||||
| ||||
როს 128 b ვიკისაწყობში |
Exoplanets Channel-ის მიხედვით, დიდი ალბათობით, როს 128 b კლდოვანი უნდა იყოს, რადგან ყველა ის აღმოჩენილი ეგზოპლანეტა, რომელსაც 4 დედამიწის მასაზე ნაკლები აქვს, დადასტურდა, რომ კლდოვანია.[3]
ამ ეტაპზე, თანამედროვე ტელესკოპთათვის შეუმჩნეველი რჩება როს 128 b-ის ტრანზიტი თავის დედავარსკვლავის წინ, რაც ძალიან ართულებს მისი ატმოსფერული მახასიათებლების გარკვევას; ამ ყველაფერს საბოლოოდ გამოარკვევს ამჟამად მზადების პროცესში მყოფი ისეთი უმძლავრესი ტელესკოპები, როგორებიცაა ევროპის უკიდურესად დიდი ტელესკოპი (European Extremely Large Telescope) და ჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპი.[2]
მახასიათებლები
რედაქტირებამასა, რადიუსი და ტემპერატურა
რედაქტირებაიქიდან გამომდინარე, რომ აღმოჩენილია რადიალური სიჩქარის მეთოდით,[4] როს 128 b-ის ერთადერთი ცნობილი ფიზიკური პარამეტრია მისი მინიმალური შესაძლო მასა, რაც სულ მცირე 1,35 დედამიწის მასას შეადგენს, ანუ ჩვენს პლანეტაზე 1,35-ჯერ მასიურია. ამ თვალსაზრისით, ის ოდნავ აღემატება ჩვენს უახლოეს მეზობელ ეგოპლანეტა პროქსიმა b-ს, რომელსაც 1,27 დედამიწის მასა აქვს. როს 128 b-ის ასეთი დაბალი მასა მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, იგი დედამიწის ზომის კლდოვანი პლანეტაა მყარი ზედაპირით.[1] თუმცა, ჯერჯერობით მაინც უცნობი რჩება მისი ზუსტი მასა და რადიუსი, რადგან არ მომხდარა ტრანზიტზე დაკვირვება. თუ როს 128 b-ს შემადგენლობა წმინდა რკინაა, მისი რადიუისი 0,5 დედამიწის რადიუსს უნდა შეადგენდეს, წმინდა ჰელიუმ-წყალბადის შემადგენლობის შემთხვევაში კი 3-ს; ორივე ეს შესაძლებლობა არადამაჯერებელი უკიდურესობებია. იმისათვის, რათა უფრო დედამიწის მსგავსი იყოს, ამ პლანეტას უნდა ჰქონდეს 1,1 დედამიწის რადიუსი. შედეგად, ის ოდნავ მკვრივი იქნება ვიდრე ჩვენი პლანეტა.[2]
გათვლების მიხედვით, როს 128 b-ზე უნდა იყოს დედამიწის მსგავსი ტემპერატურა და შესაბამისად, სიცოცხლის განვითარებისთვის ხელსაყრელი.[4] აღმომჩენმა ჯგუფმა პლანეტის პოტენციური ტემპერატურის ეკვილიბრუმის მოდელირება ალბედოს გამოყენებით მოახდინა — 0,100, 0,367, და 0,750. ალბედო არის სინათლის ის წილი, რომელიც ციური სხეულის მიერ შთანთქმის ნაცვლად აირეკლება. ალბედოს ამ მაჩვენებელთა მიხედვით, როს 128 b-ის ტემპერატურის ეკვილიბრუმი უნდა იყოს 20, -4 ან -60 °C. დედამიწის მსგავსი 0,3-იანი ალბედოთი, პლანეტის ტემპერატურის ეკვილიბრუმი 7 °C იქნებოდა.[4] როს 128 b-ის ნამდვილი ტემპერატურა საბოლოოდ მაინც დამოკიდებულია ჯერ კიდევ უცნობი ატმოსფეროს პარამეტრებზე, თუკი ის საერთოდ აქვს.[2]
ეგზოპლანეტებზე ნადირობისათვის, ყველაზე ხშირად ტრანზიტის მეთოდს იყენებენ. ამ დროს, ეგზოპლანეტის არსებობას ადგენენ მისი ჩავლით დედავარსკვლავის წინ. როდესაც პლანეტა ჩვენს ტელესკოპსა და თავის მასპინძელ ვარსკვლავს შორის ჩაივლის, ვარსკვლავის შუქი ოდნავ ბნელდება.
სწორედ ამ გზით ნადირობს ეგზოპლანეტებზე კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი, რომელმაც უკვე აღმოაჩინა 2337 დადასტურებული ეგზოპლანეტა. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ ამ ციფრებს, ეს მეთოდი ყველაზე პროდუქტიულია ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად.
თუმცა, ტრანზიტის მეთოდს თან ახლავს ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე. იგი მოითხოვს, რომ პლანეტის ორბიტა განთავსებული იყოს ისე, რომ მან ვარსკვლავსა და ტელესკოპს შორის გაიაროს.
იმ ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად, რომლებიც ასე არ არიან განლაგებული, იდეალურია დედავარსკვლავის რადიალური სიჩქარის მეთოდის გამოყენება.
არსებითად, როცა პლანეტა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, ვარდკვლავი ადგილზე ფიქსირებული არ რჩება. პლანეტა ძალიან უმნიშვნელო გრავიტაციული ძალით ძაბავს დედავარსკვლავს, რაც განაპირობებს მის მოძრაობას მცირე წრეზე ან ელიფსზე.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავის დაშორება დედამიწიდან უმნიშვნელოდ იცვლება და როდესაც ასე ხდება, იცვლება მისი სინათლის სპექტრიც. როდესაც ის დედამიწასთან უფრო ახლოსაა, ოდნავ მოლურჯოა; როდესაც შედარებით შორსაა, ოდნავ მოწითალო ხდება. ამას დოპლერის წანაცვლებას უწოდებენ და სწორედ ისაა, რასაც რადიალური სიჩქარის მეთოდი ზომავს.
ეს გახლავთ ძალიან მუყაითი სამუშაო. HARPS ინსტრუმენტით როს 128 b-ის აღმოჩენას ათ წელიწადზე მეტი დასჭირდა.
ორბიტა და ღერძის გარშემო ბრუნვა
რედაქტირებაროს 128 b თავის დედავარსკვლავის გარშემო საკმაოდ ახლო მანძილიდან ბრუნავს და მისი წელიწადი მხოლოდ 9,9 დღეს გრძელდება.[2][4] მისი დიდი ნახევარღერძი 0,0496 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს (7,42 მლნ კმ). ორბიტა საკმაოდ წრიულია, 0,036 ექსცენტრიტეტით, მაგრამ შეცდომათა ფართო დიაპაზონით. დედამიწა მზისგან საშუალოდ 149 მლნ კმ-ითაა დაშორებული, 128 b კი თავის დედავარსკვლავთან ამ მანძილზე 20-ჯერ ახლოსაა. ასე ახლო მანძილზე მდებარეობის გამო, დიდი ალბათობით, პლანეტა გრავიტაციულად ჩაკეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მოქცეული და დღეა, მეორე მხარეს კი მუდმივი წყვდიადი.[5][6]
დედავარსკვლავი
რედაქტირებაროს 128 b ბრუნავს M-ტიპის ჯუჯა ვარსკვლავ როს 128-ის გარშემო. ამ ვარსკვლავს ჩვენი მზის მასის 17% და რადიუსის 20% აქვს. მისი ტემპერატურა 2919 °C-ია, სიკაშკაშე კი 0,00362; ასაკი 9.45±0.60 მილიარდი წელი. შედარებისათვის, მზის ტემპერატურა 5499 °C-ია, ასაკი კი 4,5 მილიარდი წელი; შედეგად, როს 128-ს ჩვენი ვარსკვლავის ტემპერატურის ნახევარი აქვს, ასაკით კი ორჯერ აღემატება. მდებარეობს ჩვენგან 11,03 სინათლის წლის მანძილზე და შედის 20 უახლოეს ვარსკვლავს შორის.
წითელი ჯუჯები ერთ-ერთი ყველაზე ცივი, მკრთალი და ყველაზე მეტად გავრცელებული ვარსკვლავებია სამყაროში. შესაბამისად, არაჩვეულებრივი სამიზნეებია ეგზოპლანეტათა საძებნელად.
სიცოცხლისათვის ხელსაყრელობა
რედაქტირებაჯერჯერობით არაა დადასტურებული, რომ როს 128 b თავის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს. დიდი ალბათობით, იგი მდებარეობს შიდა კიდეზე და იღებს დედამიწაზე 38%-ით მეტ ვარსკვლავის სინათლეს. სასიცოცხლო ზონა არის რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც საკმარისად სქელი ატმოსფეროს მქონე პლანეტისთვის ტემპერატურა საკმარისია იმისათვის, რათა ზედაპირზე შეინარჩუნოს თხევადი წყალი — გადამწყვეტი ინგრედიენტი სიცოცხლის აღმოცენებისათვის. სავარაუდოდ, როს 128 b შედარებით მაღალი ოდენობით იღებს ვარსკვლავურ რადიაციას და დიდი ალბათობით, მიდრეკილი უნდა იყოს წყლის დაკარგვისკენ, განსაკუთრებით მუდმივად ვარსკვლავის მხარეს მოქცეულ ნაწილში. თუმცა, ვარაუდობენ იმასაც, რომ აქვს დედამიწის მსგავსი ატმოსფერო, რომელიც ვარსკვლავისგან მღებულ ენერგიას პლანეტის გარშემო თანაბრად უნდა ანაწილებდეს და საკმაოდ დიდ ნაწილში უზრუნველყოფდეს თხევადი წყლის არსებობას.[7] გარდა ამისა, კვლევის ავტორი ხავიერ ბონფილი შენიშნავს, რომ ვარსკვლავისკენ მოქცეულ მხარეზე შესაძლებელია ღრუბლოვანი საფარის არსებობა, რაც უნდა ბლოკავდეს ვარსკვლავისგან მიღებული ენერგიის დიდ ნაწილს და პლანეტას შედარებით ცივს ინარჩუნებდეს. გამოთვლილია, რომ მისი მინიმალური ტემპერატურა 6,85 °C უნდა იყოს, დედამიწასთან მსგავსების ინდექსი კი 0,86, რითაც მესამე ადგილზეა პროქსიმა b-სა და ლეიტენ b-ს (GJ 273b) შემდეგ.
როს 128 b მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე დედამიწის მსგავს პლანეტად ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის ტემპერატურის, ზომისა და საკმაოდ წყნარი დედავარსკვლავის თვალსაზრისით.[1][4] როს 128 b მასით ძალიან ახლოსაა დედამიწასთან, არის მხოლოდ 35%-ით უფრო მასიური და აქვს 10%-ით დიდი რადიუსი. შესაბამისად, ამ პლანეტაზე ოდნავ მეტი უნდა იყოს გრავიტაციაც. გარდა ამისა, დედავარსკვლავი როს 128 ევოლუციის პროცესში იმყოფება და ახასიათებს სტაბილური ვარსკვლავური აქტივობა.[4] ბევრი წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, მაგალითად პროქსიმა კენტავრი და TRAPPIST-1 მიდრეკილნი არიან მომაკვდინებელი ამოფრქვევებისკენ, რასაც მათი მძლავრი მაგნიტური ველები განაპირობებს. მილიარდობით წლის განმავლობაში, მსგავს ამოფრქვევებს შეუძლია პლანეტებს შემოაძარცვოს ატმოსფერო და რადიაციის სახიფათო ოდენობით მოსპოს მათი სტერილურობა.[1] მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ამოფრქვევები როს 128-საც ახასიათებს, მისი ალები გაცილებით იშვიათი და გაცილებით სუსტია, ვიდრე ზემოთხსენებული ვარსკვლავებისა. ეს კი ამცირებს ატმოსფეროს ეროზიის შანსს (რომელიც შეიძლება აქვს როს 128 b-ს) და გეოლოგიური დროის მასშტაბებში, უნდა ზრდიდეს მისი შეკავების შესაძლებლობას.
2017 წლის მდგომარეობით, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა იმის გარკვევა, აქვს თუ არა როს 128 b-ს ატმოსფერო, რადგან ის თავის დედავარსკვლავთან ტრანზიტს არ ასრულებს.[4] თუმცა, ამჟამად მშენებლობის პროცესში მყოფი ისეთი ტელესკოპები, როგორებიცაა ჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპი და ოცდაათმეტრიანი ტელესკოპი და ევროპის უკიდურესად დიდი ტელესკოპი ტრანზიტის გარეშეც სრულად შესძლებენ მისი ატმოსფეროს ანალიზს, თუკი ის საერთოდ აქვს. მთავარი მიზანი კი იქნება ბიოხელწერების მოძებნა პლანეტის ატმოსფეროში, ანუ ისეთი ქიმიური ნივთიერებების, როგორებიცაა ჟანგბადი, ოზონი და მეთანი, რომლებიც ხშირად, ბიოლოგიური პროცესების შედეგად წარმოიქმნება.[1]
მიუხედავად იმისა, რომ როს 128 დედამიწისგან ამჟამად 11 სინათლის წლითაა დაშორებული, ეს ვარსკვლავი ჩვენკენ მოემართება და სულ რაღაც 79 000 წლის შემდეგ, იგი ჩვენი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი გახდება; ეს დრო კოსმოსური თვალსაზრისით, ერთი თვალის დახამხამებაა. როცა ეს მოხდება, როს 128 b გვირგვინს ჩამოართმებს პროქსიმა b-ს და დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ეგზოპლანეტა გახდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Newfound Earth-like exoplanet a good spot to hunt for aliens. Eric Mack, CBS News. 15 November 2017.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Bonfils, Xavier (2017). „A temperate exo-Earth around a quiet M dwarf at 3.4 parsecs“. Astronomy and Astrophysics. doi:10.1051/0004-6361/201731973.
- ↑ NEW: Earth-like exoplanet found orbiting the star Ross 128. (YouTube video)
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 A potentially habitable planet has been discovered just 11 light-years away დაარქივებული 2018-02-21 საიტზე Wayback Machine. . John Wenz, Astronomy Magazine. 15 November 2017.
- ↑ Nearby Earth-sized Alien World Orbits 'Quiet' Star, Boosting Habitable Potential. Ian O'Neill, How Stuff Works. 15 November 2017. Quote: "Tidal lock[ing] is expected for Ross 128 b," says Nicola Astudillo-Defru, who works at the Geneva Observatory, University of Geneva in Switzerland, and is co-author of the study.
- ↑ Ross 128. Sol Station. November 2017.
- ↑ Newly discovered nearby planet could support life. Ashley Strickland, CNN News. 15 November 2017.