როი ლიხტენშტეინი (Roy Lichtenstein; დ. 27 ოქტომბერი, 1923 — გ. 29 სექტემბერი, 1997) — ამერიკელი მხატვარი, პოპ-არტის წარმომადგენელი. ნამუშევრებისთვის თემები ნასესხები აქვს პოპულარული სარეკლამო და კომიქსების წიგნების სტილისგან, რომელსაც თავად აღწერდა როგორც "მაქსიმალურად ხელოვნურს".

როი ლიხტენშტეინი
Roy Lichtenstein

როი ლიხტენშტეინი, 1985
სრული სახელი Roy Fox Lichtenstein
დაიბადა 27 ოქტომბერი, 1923
დაბადების ადგილი მანჰეტენი, ნიუ-იორკი
გარდაიცვალა 29 სექტემბერი, 1997 (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი იქვე
ეროვნება ამერიკელი
სფერო ფერწერა, ქანდაკება
მომზადება ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტი
მიმდინარეობა პოპ-არტი
ჟანრი ნატურმორტი[1]
ცნობილი ნამუშევრები „Whaam!“ (1963, ტეიტ-მოდერნი), „Drowning Girl“ (1963, მომა)
მასზე გავლენა მოახდინა კომიქსები
მან გავლენა მოახდინა პოსტმოდერნიზმი

ადრეული კარიერა

რედაქტირება

დაიბადა შეძლებულ ოჯახში ნიუ-იორკში. საზოგადო სკოლაში სწავლობდა 12 წლამდე, შემდეგ კი კერძო აკადემიაში შევიდა საშუალო განათლების მისაღებად. აკადემიაში ხელოვნების განყოფილება არ იყო და მის დაინტერესებას ხელოვნებით სკოლის გარე საქმიანობაში ჰობის სახით მისდევდა. ამავე პერიოდში გახდა ჯაზის დიდი თაყვანისმცემელი და ხშირად ესწრებოდა კონცერტებს აპოლოს თეატრში ჰარლემში. აქ იგი ხშირად ხატავდა მუსიკოსთა პორტრეტებს მათ ინსტრუმენტებთან ერთად. აკადემიის ბოლო წელს (1939) საზაფხულო ხელოვნების კურსებზე შედის ნიუ-იორკის ხელოვნების სტუდენტთა ლიგაში რეგინალდ მარშის ხელმძღვანელობით.

1940 წელს აკადემიის დასრულების შემდეგ ლიხტენშტეინმა ნიუ-იორკი დატოვა და ოჰაიოს საშტატო უნივერსიტეტში გადავიასახვითი ხელოვნების შესასწავლად. სწავლა სამი წლით შეწყვიტა მეორე მსოფლიო ომში გაწვევის გამო (1943-46). ომის შემდეგ ისევ ოჰაიოში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად, სადაც ერთ-ერთ მის მასწავლებელთაგანს (ჰოიტ შერმანი) მის შემდგომ ხელოვნებაზე უდიდესი გავლენა მოუხდენია. დამთავრების შემდეგ ლიხტენშტეინი უნივერსიტეტში დარჩა მასწავლებლად - სამსახური, რომელზეც მომდევნო ათი წელი დარჩა. 1951 წელს შედგა მისი პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკის ერთ-ერთ გალერეაში.

1951 წელს კლივლენდში გადავიდა, სადაც ექვსი წელი დარჩა, თუმცა ხშირად მოგზაურობდა ნიუ-იორკში სადეკორატორო სამუშაოების შესასრულებლად ხატვის შუალედებში. მისი ნამუშევრები ამ პერიოდში სხვა მხატვართა ტილოების (მაგ. ფრედერიკ რემინგტონი) კუბისტური ინტერპრეტაციები იყო. 1957 წელს ნიუ-იორკში დაბრუნდა და ისევ მასწავლებლობა დაიწყო. ამ პერიოდში ის გადავიდა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის სტილზე, რაც საკმაოდ გვიანი იყო ამ სტილის მხატვრობისთვის. ამ სტილის ნამუშევრების გამოფენა 1959 წელს მოეწყო.

წარმატება

რედაქტირება
 
"Drowning Girl", 1963, მომა.

1960 წელს ლიხტენშტენმა რატგერსის უნივერსიტეტში დაიწყო მასწავლებლობა, სადაც მასზე გავლენა მოახდინა ალან კაპროუმ, ასევე უნივერსიტეტის მასწავლებელმა. მისი პირველი ნამუშევარი ბლაგვკუთხა ფიგურებითა და ბენდეის წერტილებით იყო Look Mickey (1961, ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი). იმავე წელს მან შექმნა კიდევ ექვსი ნამუშევარი საღეჭი რეზინის შეფუთვისა და ანიმაციური ფილმების გმირების მოტივებზე. 1961 წელს ლეო კასტელმა დაიყო ლიხტენშტეინის ნამუშევრების გამოფენა საკუთარ გალერეაში ნიუ-იორკში, სადაც 1962 წელს ჩატარდა მისი პირველი პერსონალური გამოფენაც; ამ გამოფენაზე წარმოდგენილი მთელი კოლექცია შეისყიდა ერთ-ერთმა იმ დროისთვის გავლენიანმა კოლექციონერმა. მზარდი პოპულარობისა და მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების შედეგად ერთი წლის შემდეგ მხატვარმა მასწავლებლობა შეწყვიტა და მთელი დრო შემოქმედებას დაუთმო.

ზეთისა და მაგნა საღებავის გამოყენებით დახატულ მის ნამუშევრებში, როგორიცაა „Drowning Girl“ (1963, მომა, ნიუ-იორკი), გამოსახული სქელი კონტურები, მკვეთრი ფერები და ბენდეის წერტილები ფოტოგრაფიული რეპროდუქციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მის ნამუშევრებს პირველად გამოფენისას მრავალი ხელოვნების კრიტიკოსი ორიგინალურად აფასებდა, თუმცა ზოგადად ნაკლებად დადებითი კომენტარით.

 
როი ლიხტენშტეინის ქანდაკება დედოფალი სოფიას მუზეუმში, მადრიდი.
 
"თავი", ბარსელონა, 1992.

მისი ყველაზე განთქმული სურათია „Whaam!“ (1963, ტეიტ-მოდერნი, ლონდონი), ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პოპ-არტის ნიმუში, რომელზეც გამოსახულია მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავის აფეთქება მჭახე წითელი და ყვითელი ფერებით. ანიმაციური სტილი ხაზგასმულია ონომატოპეური წარწერით WHAAM! და ჩარჩოში ჩასმული სუბტიტრით "I pressed the fire control... and ahead of me rockets blazed through the sky..." ("მე დავაჭირე საცეცხლე ღილაკს... და ჩემს წინ ჭურვები ცაში აელვარდნენ"). ამ დიპტიქის მასშტაბი საკმაოდ დიდია 1.7 x 4.0 მ (5'7" x 13'4").

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების უმრავლესობა საკმაოდ მიახლოებული, თუმცა არა ზუსტი ასლია კომიქსების წიგნების სუბიექტების, თემა, რომელსაც მან 1965 წელს ზურგი აქცია. თუმცა დროდადრო მის გვიანდელ ნამუშევრებში ის მაინც უბრუნდებოდა კომიქსებს. ეს პანოები თავდაპირველად დახატული იყო ნაკლებად ცნობილი მხატვრების მიერ, როგორიცაა რას ჰიზი, ტონი აბრუცო, ირვ ნოვიკი და ჯერი გრანდინეტი. მრავალი ამ მხატვართაგანი მას უჩიოდა და სხვისი ნამუშევრების პლაგიატს სწამებდა. მათ საპასუხოდ ლიხტენშტეინის ნეკროლოგში ჟურნალი ეკონომისტი წერდა: ეს მხატვრები "ვერ ამჩნევენ მთავარს როი ლიხტენშტეინის მიღწევაში: მისი იყო იდეა. დღევანდელი ხელოვნება, როგორც თავად უთქვამს, ჩვენს ირგვლივაა ყველგან."

70-იან და 80-იან წლებში მისი ნამუშევრები შერბილდა და ადრეული თემების განვრცობა მოხდა. ამ პერიოდში მან შექმნა "ხელოვანთა სტუდიების" სერია, რომელშიც მისი ადრინდელი ნამუშევრების ელემენტებია გამოყენებული. მათგან აღსანიშნავია Artist's Studio, Look Mickey (1973, უოლკერის ხელოვნების ცენტრი, მინეაპოლისი), რომელშიც გაერთიანებულია მის ხუთი სხვა წინა ნამუშევარი.

გვიანდელ 70-იანებში მისი სტილი შეიცვალა უფრო სიურრეალური ნამუშევრებით, როგორიცაა Pow Wow (1979, Ludwig Forum für Internationale Kunst, აახენი). ნახატებთან ერთად მან ქანდაკებებიც შექმნა, ლითონითა და პლასტმასით (მაგ. ლამპა, სენტ-მერი, ჯორჯია, 1978). მისი ნახატი Torpedo...Los! კრისტიზე გაიყიდა $5.5 მილიონ დოლარად 1989 წელს, იმ დროისთვის რეკორდული თანხა, რითაც ის სამ ცოცხალ ხელოვანთა შორის მოხვდა, რომელთა ნამუშევრებმა ამგვარი თანხა მოიზიდა.

1995 წელს ლიხტენშტეინი დაჯილდოვდა კიოტოს პრემიით ინამორის ფონდის მიერ კიოტოში, იაპონია. 1996 წელს ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნული გალერეა მის ნამუშევრებთა უდიდესი მფლობელი გახდა, როდესაც მხატვარმა მას საკუთარი 154 ნამუშევარი და 2 წიგნი აჩუქა. საერთო ჯამში მისი 4500-მდე ნამუშევარი არსებობს.

ლიხტენშტეინი გარდაიცვალა 1997 წელს პნევმონიისგან ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში. სიცოცხლეში მან ორჯერ იქორწინა. პირველი ქორწინებიდან დარჩა ორი ვაჟი. მისი ბოლო ნამუშევარი იყო DreamWorks Records-ის ლოგო.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. RKDartists