რისალი (ოფიციალურად რისალის პროვინცია; ტაგალ. Lalawigan ng Rizal) ― ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს კალაბარსონის რეგიონში, ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია ანტიპოლო. მანილიდან 20 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს. პროვინციას სახელი ეწოდა ფილიპინების ეროვნული გმირის, ხოსე რისალის პატივსაცემად. რისალის დასავლეთით ეროვნული დედაქალაქის რეგიონი მდებარეობს, ჩრდილოეთით ― ბულაკანი, აღმოსავლეთით ― კესონი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ― ლაგუნა. პროვინცია მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ტბის, ლაგუნა-დე-ბაის ჩრდილოეთ სანაპიროზე. რისალი მთიანი პროვინციაა და სიერა-მადრეს მთიანეთის სამხრეთ ნაწილის დასავლეთ ფერდობებზე მდებარეობს.

რისალი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა ანგონო, ანტიპოლო, ბარასი, ბინანგონანი, Cainta, კარდონა, ხალახალა, Morong, პილილია, როდრიგესი, სან-მატეო, ტანაი, ტაიტაი და ტერესა
კოორდინატები 14°40′00″ ჩ. გ. 121°15′00″ ა. გ. / 14.66667° ჩ. გ. 121.25000° ა. გ. / 14.66667; 121.25000
მმართველი Rebecca Ynares
დაარსდა 11 ივნისი, 1901
ფართობი 1191.94 კმ²
მოსახლეობა 3 330 143 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 2
საფოსტო ინდექსი 1850–1990
ოფიციალური საიტი http://rizalprovince.ph/
რისალი — ფილიპინები
რისალი

1975 წლამდე პროვინციის დედაქალაქის ფუნქციებს პასიგი ასრულებდა, რომელიც შემდეგში ეროვნული დედაქალაქის რეგიონის შემადგენლობაში შევიდა. 2009 წლიდან პროვინციული კაპიტოლიუმი ანტიპოლოშია განთავსებული და პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. 2020 წლის 19 ივნისს პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ №11475 რესპუბლიკურ აქტს მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც რისალის პროვინციის დედაქალაქად ანტიპოლო გამოცხადდა.[2][3]

რისალის ტერიტორიაზე ტაგალთა დასახლებები წინაესპანურ ხანაში შეიქმნა. ესპანელთა მმართველობის პერიოდში რისალის ტერიტორია ტონდოსა და ლაგუნის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. ამ პერიოდში ქალაქები: პასიგი, პარანიაკე, ტაიტაი და კაინტა უკვე ყვაოდა.

1582-1583 წლების ენკომიენდების მოხსენების მიხედვით, მორონის (მორონგი) ენკომიენდა ლაგუნის პროვინციის იურისდიქციის ქვეშ იყო, ხოლო პასის (პასიგი), ტაიტაისა და ტაგის (ტაგიგი) ენკომიენდები ტონდოს პროვინციას მიეკუთვნებოდა. 1591 წლისთვის მორონისა და ტაიტაის ენკომიენდები ლაგუნის პროვინციის ფრანცისკანელთა ორდენის იურისდიქციის ქვეშ იყო მოქცეული. ნაბოტასის (ნავოტასი), ტამბობოს (მალაბონი), ტონდოს, პარანიაკეს, ლონგალოს, ტაგისა და პასიგის ენკომიენდები კი ტონდოს პროვინციის ავგუსტინელთა ორდენის იურისდიქციის ქვეშ იყო.

1853 წელს ახალი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა შემოიღეს. ახალ ერთეულში ტონდოს პროვინციიდან ანტიპოლო, ბოსობოსო, კაინტა და ტაიტაი შევიდა, ხოლო ლაგუნის პროვინციიდან ― მორონგი, ბარასი, ტანაი, პილილია, ანგონო, ბინანგონანი და ხალა-ხალა. ოთხი წლის შემდეგ რაიონს მორონგის სამხედრო-პოლიტიკური რაიონი ეწოდა.

 
მანილის პროვინციის რუკა

1875 წლის 2 სექტემბერს ტონდოს პროვინცია მანილის პროვინცია გახდა. ყველა ქალაქი ახლადშექმნილი პროვინციის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ფისკალური ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ფილიპინების რევოლუციის დროს, გენერალ ემილიო აგინალდოს რევოლუციური მმართველობისას მანილის პროვინციის დედაქალაქი მარიკინა გახდა. 1898-1899 წლებში მორონგის პროვინციის დედაქალაქი ანტიპოლო გახდა, ხოლო 1899-1900 წლებში ― ტანაი.

თანამედროვე ისტორია

რედაქტირება

1975 წლის 7 ნოემბერს, №824 საპრეზიდენტო დეკრეტის საფუძველზე ეროვნული დედაქალაქის რეგიონი შეიქმნა. ლას-პინიასის, პარანიაკეს, მუნტინლუპის, ტაგიგის, პატეროსის, მაკატის, მანდალუიონგის, სან-ხუანის, მალაბონის, ნავოტასის, პასიგისა და მარიკინას მუნიციპალიტეტები და სამი ქალაქი: კალოოკანი, პასაი და კესონი ახალი რეგიონის შემადგენლობაში გადავიდა, ხოლო 14 ქალაქი რისალის შემადგენლობაში დარჩა.[4]

2020 წლის 19 ივნისს პრეზიდენტმა დუტერტემ №11475 რესპუბლიკურ აქტს მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც რისალის კაპიტალი ოფიციალურად გადავიდა პასიგიდან ანტიპოლომდე. კანონი 2020 წლის 22 ივნისს გამოიცა და 7 ივლისს შევიდა ძალაში.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
რისალის პოლიტიკური რუკა

რისალის ფართობი 1 191.94 კმ²-ია. პროვინცია ლუსონზე კალაბარსონის რეგიონის ცენტრალურ ჩრდილოეთ ნაწილს იკავებს. რისალის ჩრდილოეთით ბულაკანი მდებარეობს, აღმოსავლეთით ― კესონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ― ლაგუნის პროვინცია, სამხრეთით ― ლაგუნა-დე-ბაი და დასავლეთით ― ეროვნული დედაქალაქის რეგიონი.

რისალი მანილიდან 20 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს. პროვინციის რელიეფი ბორცვებითა და მთებით ხასიათდება. პროვინციის სამხრეთი ქალაქების ნაწილი ქვეყნის უდიდესი ტბის, ლაგუნა-დე-ბაის სანაპიროზე მდებარეობს.[5]

ლაგუნა-დე-ბაიში მდებარე უდიდესი კუნძული ტალიმი პროვინციის იურისდიქციის ქვეშაა.

რისალის პროვინცია 13 მუნიციპალიტეტისა და 1 ქალაქისგან შედგება.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
ბრინჯის მინდვრები ბინანგონანში

2020 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 3 330 143 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 2 800 ადამიანია 1 კმ²-ზე. კატაგალუგანის გულში მდებარეობის გამო, რისალის მცხოვრებთა უმრავლესობა ტაგალურ ენაზე საუბრობს. მოსახლეობის მეორე ენა ინგლისური და ფილიპინური ენაა.

რისალის მოსახლეობის 80% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. დანარჩენ ნაწილს ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესიის, ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები, იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, მეთოდისტები, პრესვიტერიანელები, ქრისტერ უკანასკნელი დღის მოწმეები, ევანგელისტები, მუსლიმები, ანიმისტები, ადგილობრივი რელიგიების მიმდევრები და ათეისტები შეადგენენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Aguilar, Krissy (June 22, 2020). „Duterte transfers capital, seat of gov't of Rizal from Pasig City to Antipolo City“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: June 22, 2020.
  3. „Antipolo City now Rizal provincial capital after four decades“. CNN Philippines. June 22, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2020. ციტირების თარიღი: June 22, 2020.
  4. Presidential Decree No. 824 - Creating the Metropolitan Manila and the Metropolitan Manila Commission and for Other Purposes (7 November 1975). ციტატა: „Section 2. Territorial Jurisdiction. The Commission shall have jurisdiction over the cities of Manila, Quezon, Pasay and Caloocan and the municipalities of Makati, Mandaluyong, San Juan, Las Piñas, Malabon, Navotas, Pasig, Pateros, Parañaque, Marikina, Muntinlupa, and Taguig in the province of Rizal; and the municipality of Valenzuela, in the province of Bulacan, all of which together shall henceforth be known as Metropolitan Manila.“ ციტირების თარიღი: 17 April 2016
  5. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი 2021.