როდრიგესი (ოფიციალურად როდრიგესის მუნიციპალიტეტი; წარსულში ცნობილი, როგორც მონტალბანი; ტაგალ. Bayan ng Rodriguez) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი რისალის პროვინციაში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 443 954 ადამიანს შეადგენს და ფილიპინების მასშტაბით, ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

როდრიგესი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°43′00″ ჩ. გ. 121°07′00″ ა. გ. / 14.71667° ჩ. გ. 121.11667° ა. გ. / 14.71667; 121.11667
დაარსდა 1909
ფართობი 312.70 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 112 მეტრი
მოსახლეობა 443 954 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 2
საფოსტო ინდექსი 1860
ოფიციალური საიტი http://www.montalbanrizal.com/
როდრიგესი (რისალი) — ფილიპინები
როდრიგესი (რისალი)

როდრიგესი პროვინციის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სიერა-მადრეს მთიანეთის ფერდობებზე. ფართობის მიხედვით, როდრიგესი პროვინციის უდიდესი მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მონტალბანის კანიონი, რომელიც პამიტინანის დაცული ლანდშაფტის ნაწილია.

მუნიციპალიტეტის სამხრეთით სან-მატეო და ანტიპოლო მდებარეობს, ჩრდილოეთიდან ― ნორსაგარაი და სან-ხოსე-დელ-მონტე, დასავლეთით ― კესონ-სიტი, ხოლო აღმოსავლეთით ― გენერალ-ნაკარი. როდრიგესი ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუნიციპალიტეტია. 2016 წელს მუნიციპალიტეტის შემოსავალი 691 მილიონი ფილიპინურ პესოს გაუტოლდა.[2]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ყოფილი ოფიციალური სახელი მონტალბანი ესპანური სიტყვიდან Monte (მთა) წარმოდგება და ქალაქის ირგვლივ მდებარე ბორცვებსა და მთებზე მიუთითებს.[3] 1982 წელს ფილიპინების ყოფილმა პარლამენტმა მუნიციპალიტეტს ოფიციალურად უწოდა როდრიგესი, ეულოხიო როდრიგესის პატივსაცემად.

მონტალბანის მუნიციპალიტეტი 1871 წლის 30 ივნისს დაარსდა.[4] ფილიპინების კომისიის №137 აქტის საფუძველზე, 1901 წლის 11 ივნისს მუნიციპალიტეტი ახლადშექმნილ რისალის პროვინციას შეუერთდა. 1903 წლის 12 ოქტომბერს ფილიპინების კომისის №942 აქტის საფუძველზე მონტალბანი სან-მატეოსთან გაერთიანდა. 1908 წლის 29 თებერვალს, №20 აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე მონტალბანი დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად გამოცხადდა.

1982 წელს ქალაქს ოფიციალურად ეწოდა როდრიგესი, ფილიპინების სენატის ყოფილი პრეზიდენტის, ეულოხიო როდრიგესის პატივსაცემად.

2019 წლის 3 ივლისს, რისალის მეორე საკანონმდებლო რაიონის წარმომადგენლმა, ხუან ფიდელ ნოგრალესმა მუნიციპალიტეტის ყოფილი სახელის, მონტალბანის, აღდგენას დაუჭირა მხარი. ინიციატივა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თხოვნების საფუძველზე შეიმუშავეს.[5]

2019 წლიდან მუნიციპალურმა მთავრობამ ქალაქის მონტალბანად მოხსენიება დაიწყო. მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საბუთებში, ოფიციალურ სახელწოდებებსა და კორესპონდენციებში სახელწოდება როდრიგესი აღარ გამოიყენებოდა. მუნიციპალური მთავრობა მუნიციპალურ ბეჭედს იყენებდა, რომელზეც როდრიგესის ნაცვლად „მონტალბანი“ ეწერა. 2020 წლის თებერვალში ახალი მუნიციპალური ბეჭედი შეიქმნა, რომელზეც 1871 წელია აღნიშნული, როგორც მუნიციპალიტეტის დაარსების თარიღი და ამავე წლის 17 აპრილს მუნიციპალიტეტის დაარსებიდან (Araw ng Montalban) 149 წლისთავის აღსანიშნავი იუბილე გაიმართა. მანამდე, 2019 წლის აპრილში, როდესაც მუნიციპალიტეტის დაარსების თარიღად 1909 წელს მიიჩნევდნენ, როდრიგესის დაარსებიდან 110 წლისთავი აღნიშნეს.[6]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
როდრიგესის (მონტალბანი) რუკა

როდრიგესი მთიანი მუნიციპალიტეტია. მთებსა და ფერდობებს მთლიანი ტერიტორიის 27% უკავია. ქალაქის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1469 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

რისალის პროვინციის ფართობი 1 175.8 კმ²-ია. როდრიგესს მთელი პროვინციის ფართობის 26.6% უკავია.

მუნიციპალიტეტი 11 ბარანგაის (8 ურბანული, 3 სასოფლო-სამეურნეო) მოიცავს. მოსახლეობის რაოდენობით, პირველ ადგილზე სან-ისიდროსა და სან-ხოსეს ბარანგაებია.[7]

2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 443 954 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 1 400 ადამიანია 1 კმ²-ზე.

ჰავის მონაცემები — როდრიგესი (რისალი)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 26 27 28 31 31 30 29 29 29 29 28 27 29
საშუალო დაბალი °C 22 22 22 23 25 25 25 25 24 24 23 22 24
საშუალო ნალექი (მმ) 40 33 35 38 138 190 242 216 224 200 114 94 1 564
წვიმიანი დღეები საშუალოდ 12.2 9.0 11.0 11.7 21.5 24.0 27.2 26.1 26.8 22.3 16.3 15.1 223.2
წყარო: Meteoblue [8]

ადგილობრივი მმართველობა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს მუნიციპალური საბჭო (Sangguniang Bayan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს, რომელიც მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის მუნიციპალიტეტის მერი დენის ლ. ერნანდესია, ხოლო ვიცე-მერი ― ანესიტო ხ. ლირასანი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ხუან ფიდელ ფელიფე ფ. ნოგრალესი.[9]

როდრიგესის ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია: პამიტინანის დაცული ლანდშაფტი. ფილიპინების დაცული ტერიტორია, რომელიც მდინარე მარიკინას მიერ შექმნილ მონტალბანის კანიონს მოიცავს; ვავას კაშხალი ― გრავიტაციული კაშხალი მდინარე მარიკინაზე;[10] პურაის ჩანჩქერი, როდრიგესის სასახლე, პამიტინანის, ბინაკაიანის, სიპიტ-ულანგის მთები და ავილონის ზოოპარკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Commission On Audit's Annual Financial Report
  3. Torres, Ceferino; Mariano, Encarnacion; Cruz, Josefina; Bautista, Cecilia. History and Cultural Life of Montalban and its Barrios en (JPG, PDF) (1954). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2021.
  4. Rodriguez, Rizal 2012 Annual Audit Report
  5. Roxas, Pathricia Ann (3 July 2019). „Time for Rizal town of 'Montalban' to reclaim original name, says solon“. Philippine Daily Inquirer (ინგლისური). Manila, Philippines. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: 5 August 2019.
  6. Bayan ng Montalban Executive Order No. DLH-041, Series of 2020 : “Implementing Guidelines For The Precautionary Measures And Management In The Containment Of Coronavirus Disease 2019 (COVID-19) And Other Emerging Infectious Diseases In The Municipality Of Montalban, Rizal”. Retrieved January 25, 2021. Scanned article archived in File:Municipality of Rodriguez (Montalban) Executive Order DLH-041 S-2020, Header detail.jpg
  7. Highlights of the Philippine Population 2015 Census of Population | Philippine Statistics Authority.
  8. Rodriguez: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 11 May 2020
  9. Dominguez-Cargullo, Dona (May 14, 2019). „Mga nagwaging kandidato sa Rodriguez, Rizal naiproklama na“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: 5 August 2019.
  10. http://www.solitarywanderer.com/2012/04/caving-in-wawa-dam-montalban/ Caving in Wawa Dam, Montalban