რენე ანჟუელი (ფრანგ. René de Anjou, იტალ. Renato di Angiò; დ. 16 იანვარი, 1409, ანჟე, ანჟუ, საფრანგეთი — გ. 10 ივლისი, 1480, ექს-ან-პროვანსი, პროვანსი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ანჟუს ჰერცოგ ლუი II-ისა და მისი ცოლის, იოლანდა არაგონელის ვაჟი. საფრანგეთის მეფე ჟან II ვალუას შვილთაშვილი. პიემონტის, ბარის, პროვანსის, გიზის, ფოლსანკიერისა და ანჟუს ჰერცოგი 1434-80 წლებში, ლოთარინგიის ჰერცოგი 1430-53 წლებში როგორც თავისი პირველი ცოლის, იზაბელ ლოთარინგიელის თანამმართველი, ნეაპოლის მეფე 1435-80 წლებში, იყო ასევე ტიტულარული მეფე არაგონის, სიცილიის, იერუსალიმის, მაიორკისა და კორსიკისა.

რენე ანჟუელი
ანჟუს ჰერცოგი და პროვანსის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 12 ნოემბერი, 1434
მმართ. დასასრული: 10 ივლისი, 1480
წინამორბედი: ლუი III ანჟუელი
მემკვიდრე: შარლ IV ანჟუელი
ნეაპოლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 2 თებერვალი, 1435
მმართ. დასასრული: 10 ივლისი, 1480
წინამორბედი: ჯოვანა II ნეაპოლელი
მემკვიდრე: ალფონსო I არაგონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 იანვარი, 1409
დაბ. ადგილი: ანჟე, ანჟუ, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 10 ივლისი, 1480, (71 წლის)
გარდ. ადგილი: ექს-ან-პროვანსი, პროვანსი, საფრანგეთი
მეუღლე: 1. იზაბელ ლოთარინგიელი
(ქ. 1419 - გ. 1453)
2. ჟანა დე ლავალი
(ქ. 1454)
შვილები: ჟან II, ლოთარინგიის ჰერცოგი
ლუი, პუა-მუსონის მარკიზი
იოლანდა, ლოთარინგიის ჰერცოგინია
მარგარიტა, ინგლისის დედოფალი
დინასტია: ვალუები
მამა: ლუი II, ანჟუს ჰერცოგი
დედა: იოლანდა არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რენე დაიბადა 1409 წლის 16 იანვარს ანჟეში, საფრანგეთში. იგი იყო ანჟუს ჰერცოგ ლუი II-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია იოლანდა არაგონელის მესამე შვილი და მეორე ვაჟი. იგი იყო ძმა მარია ანჟუელისა, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის მეფე შარლ VII-ს მიათხოვეს და დედოფალი გახდა.

ჰერცოგი ლუი ანჟუელი 1417 წელს დაიღუპა, რენე კი მის და-ძმებთან და სიძესთან (რომელიც მათი თანატოლი და მცირეწლოვანი იყო) ერთად იოლანდა არაგონელის მეურვეობის ქვეშ იზრდებოდნენ. მამის გარდაცვალების შემდეგ ანჟუს ჰერცოგი რენეს უფროსი ძმა, ლუი III გახდა, რენეს კი გიზის გრაფის წოდება მიენიჭა. 1419 წელს რენე დაქორწინდა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ II-ის უფროს ასულ იზაბელ ლოთარინგიელზე. ვინაიდან შარლს სხვა მემკვიდრე არ ჰყავდა, რენე ლოთარინგიისა და ბარის მომავალი ჰერცოგი გახდა.

რენე მაშინ მხოლოდ ათი წლის იყო, როდესაც იგი ლოთარინგიის პრინცესაზე დააქორწინეს და მის მემკვიდრედ გამოაცხადეს. 1429 წელს რენე თავის ცოლთან ერთად ესწრებოდა თავისი სიძის, მეფე შარლ VII-ის მეფედ კურთხევას რეიმსში. 1430 წელს, მას შემდეგ რაც ბიძამისი, ბარის ჰერცოგი დაიღუპა, რენე ამ საჰერცოგოსაც დაეპატრონა. მომავალ წელს კი თავისი სიმამრის გარდაცვალების შემდეგ იგი ცოლთან ერთად ავიდა ლოთარინგიის ტახტზე. თუმცაღა ლოთარინგიის ტახტზე მას დიდ წინააღმდეგობას უწევდა მისი ბიძაშვილი ანტუანი, რომელმაც ბურგუნდიელების დახმარებით ბულნევილთან დაამარცხა. 1432 წელს იზაბელი და რენე ანტუანს დაუზავდნენ. ზავის თანახმად იზაბელი და რენე ლოთარინგიის ტახტს ინარჩუნებდნენ, ანტუანი კი ტახტზე უარს ამბობდა, ამის სანაცვლოდ კი ლოთარიგნიელები ანტუანის დატყვევებულ ვაჟებს ანთავისუფლებდნენ.

რენეს ლოთარინგიის ტახტზე ჯდომა რთულად შესანარჩუნებელი იყო, რადგან ანტუანის შემდეგ მას მალევე გამოუჩნდა ახალი მტერი საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ ლუქსემბურგელის სახით, რომელიც 1434 წელს რენემ ბაზელის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. მალევე რენემ ტყვედ ჩაიგდო ბურგუნდიის ჰერცოგი ჟან უშიში, რომელიც დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ გაანთავისუფლა. 1434 წელსვე, თავისი ძმის, ლუი III-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ რენე ანჟუსა და მაინის ჰერცოგი ხდება. 1435 წელს გარდაიცვალა ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი ჯოვანა II, რომელმაც ნეაპოლის ტახტი რენეს, ხოლო სიცილიისა არაგონის მეფე ალფონსო V-ს დაუტოვა. ვინაიდან იგი ახლა უკვე მეფე იყო, ბურგუნდიელებთან დაზავება განიზრახა, რის გამოც მან თავისი უფროსი ვაჟი დააქორწინა ბურგუნდიის ჰერცოგის ბიძაშვილის ასულ მარი დე ბურბონზე. ბარსა და ლოთარინგიაში რეგენტის დანიშვნის შემდეგ, რენე იზაბელთან ერთად თავის მმართველობაში შემავალ პროვანსსა და ნეაპოლში მოგზაურობდა.

1444 წელს რენემ მონაწილეობა მიიღო ინგლის-საფრანგეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც ეს ორი გადამტერებული სახელმწიფო დაზავდა, ინგლისის მეფე ჰენრი VI-მ კი ცოლად რენეს უმცროსი ქალიშვილი მარგარიტა შეირთო.

მას შემდეგ, რაც 1453 წელს დედოფალი იზაბელ ლოთარინგიელი გარდაიცვალა, ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგი მათი ვაჟი ჟან II გახდა.

1454 წელს მან მეორედ იქორწინა ბრეტონული წარმომავლობის დიდგვაროვან ჟანა დე ლავალზე. მართალია მასთან შვილები არ ჰყოლია, თუმცა ბედნიერად ცხოვრობდა. ჟანამ შეცვალა რენე და იგი სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში უფრო მეტად ჩართო. რენე აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოეზიის, ფერწერის, მებაღეობისა და მეცხოველეობის საქმიანობებში. 1466 წელს ურჩმა კატალონიელებმა, რომლებიც ყოველთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდნენ ესპანელთათვის, არაგონის მეფე ალფონსოს წინააღმდეგ თავიანთი კატალონიის გვირგვინი რენეს შესთავაზეს. 1470 წლის 16 დეკემბერს მან შესძლო და ბარსელონას გრაფობა მიიღო. 1473 წელს არაგონის მეფემ შურის საძიებლად რენეს ვაჟის, ჟანის უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე მოაწამვლინა. 1471 წელს რენეს ქალიშვილი მარგარიტა საბოლოოდ დამარცხდა ვარდების ომში მეამბოხე იორკთა დინასტიასთან. ახალმა მეფე ედუარდ IV იორკელმა მარგარიტას ერთადერთი ვაჟი ბრძოლაში მოკლა, ხოლო ჩამოგდებულ მეფე ჰენრის თავი მოჰკვეთა. თავად მარგარიტამ ძლივს მოახერხა თავის გადარჩენა და საფრანგეთში გაქცევა, სადაც იგი მეფე ლუი XI-ს შეეკედლა.

1474 წელს უკვე გადაღლილმა რენემ თავისი სამფლობელოები, გარდა ნეაპოლისა, ნათესავებს გადაუნაწილა. ლოთარინგია და ბარი თავის ქალიშვილ იოლანდას უბოძა, პროვანსი და ფოლსანკიერი თავის ბიძაშვილს, საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს, ანჟუ და მაინი კი თავის ძმის შვილ შარლ IV-ს. რენე გარდაიცვალა 1480 წლის 10 ივლისს, 71 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ ნეაპოლის ტახტი არაგონის მეფემ დაიპყრო.

ქორწინებები და შვილები

რედაქტირება
 
რენე და მისი პირველი ცოლი, დედოფალი იზაბელ ლოთარინგიელი

რენე სულ ორჯერ დაქორწინდა:

  1. 1419 წლის 24 ოქტომბერს იზაბელ ლოთარინგიელზე (დ. 1410 — გ. 28 თებერვალი, 1453);
  2. 1454 წლის 10 სექტემბერს ჟანა დე ლავალზე (დ. 10 ნოემბერი, 1433 — გ. 19 დეკემბერი, 1498);

მას თავის პირველ და საყვარელ ცოლთან, იზაბელ ლოთარინგიელთან ჰყავდა ათი კანონიერი შვილი:

  1. ჟან II (დ. 2 აგვისტო, 1424 — გ. 16 დეკემბერი, 1470), ლოთარინგიის ჰერცოგი და დედის მემკვიდრე, ცოლად შეირთო ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ის ასული მარი დე ბურბონი, რომელმაც გაუჩინა ხუთი კანონიერი შვილი, თუმცა გარდა ამისა, მას ასევე ჰყავდა ხუთი უკანონო შვილი საყვარლებისგან;
  2. ლუი (დ. 16 ოქტომბერი, 1427 — გ. 22 მაისი, 1444), პუა-მუსონის მარკიზი, ჩაბმული იყო სამხედრო საქმიანობებში. სწორედ ერთ-ერთი თავისი ლაშქრობისას დაავადდა პნევმონიით და გარდაიცვალა, უცოლო და უშვილო;
  3. ნიკოლა (დ. 2 ნოემბერი, 1428 — გ. 1430), იოლანდას ტყუპისცალი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. იოლანდა (დ. 2 ნოემბერი, 1428 — გ. 23 მარტი, 1483), ძმისა და დედის დაღუპვის შემდეგ გახდა ლოთარინგიის ჰერცოგინია, ცოლად გაჰყვა ვემონტის გრაფ ფრიდრიხ დე ლორენს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
  5. მარგარიტა (დ. 23 მარტი, 1430 — გ. 25 აგვისტო, 1482), ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე ჰენრი VI-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, თუმცა მისი ვაჟის ბრძოლაში დაცემისა და ვარდების ომის დროს მისი ქმრის სიკვდილით დასჯის შემდეგ მან დაკარგა დედოფლობა და საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც დაასრულა სიცოცხლე;
  6. შარლი (დ. 1431 — გ. 1432), გიზის გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. იზაბელი (დ. ? — გ. ?), გარდაიცვალა ახალგაზრდა;
  8. რენე (დ. ? — გ. ?), გარდაიცვალა ახალგაზრდა;
  9. ლუიზა (დ. 1436 — გ. 1438), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  10. ანა (დ. 1437 — გ. 1450), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

რენეს თავის მეორე ცოლთან შვილები არ ჰყოლია, თუმცა მას საყვარლებისგან ჰყავდა სამი უკანონო შვილი:

  1. ჟანი (დ. ? — გ. 1536), პუა-მუსონის მარკიზი და ანჟუს ბასტარდი, 1500 წელს ცოლად შეირთო მარგარიტა დე გლანდევეზ-ფუკონი;
  2. ჟანა (დ. ? — გ. 1470), მარიბოს ქალბატონი, 1467 წელს ცოლად გაჰყვა ბერტრანდ დე ბევეს, რამდენიმე წელიწადში კი პირველივე მშობიარობას გადაჰყვა;
  3. მადლენი (დ. ? — გ. 1515), მონტფერატოს გრაფინია, 1496 წელს ცოლად გაჰყვა ბელენავეს სენიორ ლუი ჟან ტურელს.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "René d'Anjou and de Lorraine"", Benezit Dictionary of Artists. Oxford Art Online, Oxford University Press, retrieved 27 February 2017, (Subscription required (help))
  • Belleval, René (1901), Les bâtards de la Maison de France (in French), Librairie Historique et Militaire, pp. 103–104
  • Morby, John E. (1978), "The Sobriquets of Medieval European Princes", Canadian Journal of History, 13 (1): 12
  • Neubecker, Ottfried; Harmingues, Roger, Le Grand livre de l'héraldique, ISBN 2-04-012582-5
  • Niccolini, Fausto (1925), L'arte napoletana del Rinascimento, Naples, pp. 161–63
  • Richardson, Carol M.; Woods, Kim W.; Franklin, Michael (2007), Renaissance Art Reconsidered: An Anthology of Primary Sources, pp. 193–96
  • Wikisource Baynes, T.S., ed. (1878), "René, Duke of Anjou", Encyclopædia Britannica, 2 (9th ed.), New York: Charles Scribner's Sons, pp. 58–59
  • Sommé, Monique (1990). "Règlements, délits et organisation des ventes dans la forêt de Nieppe (début XIVe-début XVIe siècle)". Revue du Nord. Charles de Gaulle University. 72 (287).