იოლანდა არაგონელი
იოლანდა არაგონელი (ესპ. Yolanda de Aragón, ფრანგ. Yolande d'Aragon; დ. 11 აგვისტო, 1384, სარაგოსა, არაგონის სამეფო — გ. 14 ნოემბერი, 1442, სომური, საფრანგეთის სამეფო) — ბარსელონას დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ხუან I-ისა და დედოფალ იოლანდა ბარელის ქალიშვილი. ანჟუს ჰერცოგინია და ნეაპოლის ტიტულოვანი დედოფალი 1400-17 წლებში როგორც საფრანგეთის მეფე ჟან II-ის შვილიშვილის, ჰერცოგ ლუი II ანჟუელის მეუღლე და მისი შვილების დედა. იგი იყო დედა ნეაპოლის მეფე რენე I-ისა და საფრანგეთის დედოფალ მარია ანჟუელისა.
იოლანდა არაგონელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 აგვისტო, 1384 სარაგოსა, არაგონის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
14 ნოემბერი, 1442, (58 წლის) სომური, საფრანგეთის სამეფო |
ეროვნება | ესპანელი |
წოდება | ანჟუს ჰერცოგინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ლუი II ანჟუელი |
შვილ(ებ)ი |
ლუი III, ანჟუს ჰერცოგი მარია, საფრანგეთის დედოფალი რენე I, ნეაპოლის მეფე იოლანდა, ბრაბანტის ჰერცოგინია შარლი, მაინის გრაფი |
მშობლები |
მამა: ხუან I, არაგონის მეფე დედა: იოლანდა ბარელი |
ოჯახი
რედაქტირებაიოლანდა იყო არაგონის მეფე ხუან I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ იოლანდა ბარელის ასული, ხოლო მას შემდეგ რაც მამამისი და შემდეგ უკვე ბიძამისი მარტინი 1410 წელს დაიღუპნენ, სწორედ იოლანდა გახდა ბარსელონელთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მან მამა ადრევე დაკარგა, რის გამოც ტახტზე ბიძამისი ავიდა, რომელმაც იგი თავისი პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად მიათხოვა საფრანგეთის მეფის ბიძაშვილს, ანჟუს ჰერცოგსა და ნეაპოლისა და იერუსალიმის ტიტულოვან მეფე ლუი II ანჟუელს. იოლანდასა და ლუის ქორწინება 1400 წლის 2 დეკემბერს შედგა ქალაქ არლში, რითაც ანჟუსა და ბარსელონას დინასტიები გაერთიანდნენ სიცილიის ტახტისათვის საბრძოლველად. ლუისა და იოლანდას არც თუ ისე ხანგრძლივი და უიღბლო ქორწინებიდან ექვსი შვილი შეეძინათ:
- ლუი III (დ. 25 სექტემბერი, 1403 — გ. 12 ნოემბერი, 1434), ანჟუს ჰერცოგი, გარდაიცვალა უცოლო და უშვილო;
- მარია (დ. 14 ოქტომბერი, 1404 — გ. 29 ნოემბერი, 1463), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ VII-ს, რომელთანაც შეეძინა 14 შვილი, მათ შორის აღსანიშნავია საფრანგეთის მეფე ლუი XI;
- ქალიშვილი, სახელი უცნობია (დ. 1406 — გ. ?), ცოლად გაჰყვა გენუის გრაფს;
- რენე I (დ. 16 იანვარი, 1409 — გ. 10 ივლისი, 1480), ანჟუს ჰერცოგი და ნეაპოლის მეფე, ცოლად შეირთო ჯერ იზაბელ ლოთარინგიელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჟანა დე ლავალი. ორივე ცოლთან შეეძინა შვილები, რომელთაგან აღსანიშნავია ლოთარინგიის ჰერცოგი ჟან III, ლოთარინგიის ჰერცოგინია იოლანდა ანჟუელი და ინგლისის დედოფალი მარგარიტა ანჟუელი;
- იოლანდა (დ. 1412 — გ. 1440), პირველად ცოლად გაჰყვა ბრაბანტის ჰერცოგ ფილიპე I-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისთხოვდა ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- შარლი (დ. 14 ოქტომბერი, 1414 — გ. 10 აპრილი, 1472), მაინის გრაფი, პირველად ცოლად შეირთო სობელა რუფო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა იზაბელა ლუქსემბურგელზე, რომელთანაც შეეძინა თავისი ერთადერთი შვილი, ანჟუს ჰერცოგი შარლ IV.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოლანდას საფრანგეთის სამეფო კარზე დიდი კავშირები და ძალაუფლება ჰქონდა, რაც განსაკუთრებულად 1417 წელს, მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ გაიზარდა, რის შემდგომაც ანჟუს დინასტიის მართვის სადავეები იოლანდამ აიღო ხელში.
სწორედ იოლანდამ მოახერხა თავისი ვაჟისათვის ბარის საჰერცოგოს ხელში ჩაგდება. იოლანდას განსაკუთრებულად ეხმარებოდა ბიძამისი, კარდინალი ლუი ბარელი, რომელმაც 1419 წელს თავისი ნებით დაუთმო იოლადას ვაჟს ბარი.
1413 წელს იოლანდამ თავისი უფროსი ასული მარია ცოლად შერთო საფრანგეთის დოფინ შარლ დე ვალუას. ამით იგი საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის მძახალი და საფრანგეთის მომავალი დედოფლის დედა გახდა, რითაც ცხადია მისი ძალაუფლება ერთი — ორად გაიზარდა. მას შემდეგ, რაც ასწლიან ომში ფრანგებმა პარიზი და მთლიანად ნახევარი საფრანგეთი დაკარგეს ინგლისელებთან ბრძოლისას, იოლანდა სამეფო ოჯახთან ერთად ჯერ პროვანსში, შემდეგ კი შინონში გაიქცა. 1422 წელს მეფე შარლი გარდაიცვალა და საფრანგეთის მეფე იოლანდას სიძე შარლ VII გახდა.
ახალ მეფეზე, ყველას გასაკვირად, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა მის სიდედრ იოლანდა არაგონელს. იგი ბრმად ენდობოდა მას და დახმარებისთვისაც ყოველთვის იოლანდას აკითხავდა. სწორედ იოლანდას დიპლომატიურობის დამსახურებით დაუზავდა საფრანგეთი ინგლისს და ალიანსი გააფორმა ლოთარინგიასთან. მალევე იოლანდას დამსახურებით საფრანგეთი ბურგუნდიის მოკავშირეც გახდა და ასევე გადმოიბირა ინგლისელთა მოკავშირე ფრანგი დიდგვაროვნები — ჟორჟ დე ლა ტრემუალი და ჟან ლუვეტი, რითაც ინგლისი ფაქტობრივად იზოლაციაში და მოკავშირეების გარეშე აღმოჩნდა.
მეფისათვის საფრანგეთის მხსნელის, ყველასათვის კარგად ნაცნობი ჟანა დ'არკის წარდგენაზეც სწორედ იოლანდამ იმუშავა, რის შემდეგაც ჟანა საფრანგეთის ჯარების მთავარსარდლად გვევლინება და ათავისუფლებს ინგლისელთა მიერ ოკუპირებულ ფრანგულ მიწებს. სიცოცხლის ბოლომდე, იოლანდას დიდი გავლენა ჰქონდა ფრანგულ პოლიტიკაზე. იგი გარდაიცვალა 1442 წელს, 58 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jehanne d'Orliac: Yolande d'Anjou, la reine des quatre royaumes. Plon, Paris 1933.
- Arnaud des Roches de Chassay: Yolande d'Aragon. (1379–1442. Ou l'unité de la France). Charles Hérissey, Janzé (Ille-et-Vilaine) 2006, ISBN 2-914417-30-6.