იზაბელ ლოთარინგიელი
იზაბელ ლოთარინგიელი (ფრანგ. Isabelle de Lorraine; დ. 1400 — გ. 28 თებერვალი, 1453) — შატენუას დინასტიის წარმომადგენელი. ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ II-ის ასული. 1419 წელს ცოლად გაჰყვა ანჟუს ჰერცოგ რენეს, რომელიც 1435 წელს ნეაპოლის მეფე გახდა. იზაბელი გახდა მამამისის მემკვიდრე და ლოთარინგიის ჰერცოგინია 1435-53 წლებში.
იზაბელ ლოთარინგიელი | |
---|---|
ლოთარინგიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 25 იანვარი, 1431 |
მმართ. დასასრული: | 28 თებერვალი, 1453 |
წინამორბედი: | შარლ II ლოთარინგიელი |
მემკვიდრე: | რენე ანჟუელი |
ნეაპოლის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 თებერვალი, 1435 |
მმართ. დასასრული: | 28 თებერვალი, 1453 |
წინამორბედი: | მარგერიტა სავოიელი |
მემკვიდრე: | ჟანა დე ლავალი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1400 |
გარდ. თარიღი: | 28 თებერვალი, 1453, (53 წლის) |
მეუღლე: | რენე, ნეაპოლის მეფე |
შვილები: |
ჟან II, ლოთარინგიის ჰერცოგი იოლანდა, ლოთარინგიის ჰერცოგინია მარგარიტა, ინგლისის დედოფალი |
დინასტია: | შატენუა |
მამა: | შარლ II, ლოთარინგიის ჰერცოგი |
დედა: | მარგარეტე პფალცელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიზაბელი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ II-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარგარეტე პფალცელის ასული. 1410 წელს მისი ძმების გარდაცვალებამ იზაბელი ტახტის მემკვიდრედ აქცია. სწორედ ამიტომ, მას მისცეს საუკეთესო განათლება. იგი აღწერილია როგორც ფრთხილი, გონებამახვილი, მამაცი და ხასიათდებოდა კრიზისულ სიტუაციებში უაღრესი გამძლეობით.
1419 წლის 24 ოქტომბერს იგი დაოქრწინდა მაინის ჰერცოგ რენე ანჟუელზე, რომელიც საფრანგეთის მეფის ცოლის ძმა იყო. იზაბელს რენეს მფლობელობაში მყოფი ბარის საჰერცოგო, ხოლო რენეს ლოთარინგია სურდა. მომავალში კი მათმა შთამომავლებმა ეს ორი საჰერცოგო გააერთიანეს.
1431 წლის 25 იანვარს მამის გარდაცვალების შემდეგ იზაბელი ლოთარინგიის ჰერცოგინია გახდა, თანამმართველად კი რენე დაინიშნა. თუმცაღა მალევე მის ტახტზე პრეტენზია მისმა ბიძაშვილმა ანტუან დე ვედემონმა განაცხადა, რომელსაც მხარს ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპ III-ც უჭერდა. დიდი ბრძოლების შემდეგ 1434 წელს იზაბელმა და ანტუანმა დაზავება შესძლეს, იზაბელმა კი ტახტი შეინარჩუნა.
1434 წელს მისი ქმარი ანჟუს ჰერცოგი გახდა, 1435 წლის 2 თებერვალს კი რენე ნეაპოლის ტახტზეც ადის, რითაც იზაბელი ნეაპოლის დედოფალი ხდება. ამის შემდეგ წყვილი ნეაპოლში გადასახლდა, ლოთარინგია და მათი დომენონი საჰერცოგოები კი რეგენტს ჩააბარეს. მათთვის ადვილი არც ნეაპოლის ტახტის შენარჩუნება ყოფილა, ვინაიდან ამაში მათ არაგონის მეფე ალფონსო V ეცილებოდათ. თუმცაღა რენესა და იზაბელს მხარს თავად რომის პაპი უჭერდათ, რის გამოც ალფონსომ მათი დამხობა ვერ მოახერხა.
1440 წელს ლოთარინგიაში არსებული დაძაბული სიტუაციის გამო წყვილმა ნეაპოლი დატოვა. 1441 წელს მათ საბოლოოდ დაამარცხეს მეამბოხე ანტუანი, რომელსაც ტახტზე პრეტენზიები კვლავ ჰქონდა. ყოველივე ამის შემდეგ რენე და იზაბელი საფრანგეთის მეფე შარლ VII-სა და დედოფალ მარია ანჟუელს ესტუმრნენ, რომლებიც რენეს და და სიძე იყვნენ. სწორედ ამ დროს იზაბელმა გაიცნო შარლის ლეგენდარული საყვარელი აგნეს სორელი, რომელიც იმით იყო სახელგანთქმული, რომ ცალი მკერდი სულ შიშვლად ჰქონდა. 1445 წელს ისინი კვლავ ლოთარინგიაში გაემგზავრნენ, სადაც იზაბელმა თავის რეგენტად თავისი უფროსი ვაჟი, ჟანი დანიშნა.
1453 წლის 28 თებერვალს 53 წლის იზაბელი გარდაიცვალა, ლოთარინგიის ჰერცოგი კი მისი ვაჟი ჟან II გახდა. მისი გარდაცვალებიდან სულ ერთ წელიწადში რენე მეორედ დაქორწინდაა ჟანა დე ლავალზე, თუმცა ქორწინება უშვილო იყო.
შვილები
რედაქტირება- ჟან II (დ. 2 აგვისტო, 1424 — გ. 16 დეკემბერი, 1470), ლოთარინგიის ჰერცოგი და დედის მემკვიდრე, ცოლად შეირთო ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ის ასული მარი დე ბურბონი, რომელმაც გაუჩინა ხუთი კანონიერი შვილი, თუმცა გარდა ამისა, მას ასევე ჰყავდა ხუთი უკანონო შვილი საყვარლებისგან;
- ლუი (დ. 16 ოქტომბერი, 1427 — გ. 22 მაისი, 1444), პუა-მუსონის მარკიზი, ჩაბმული იყო სამხედრო საქმიანობებში. სწორედ ერთ-ერთი თავისი ლაშქრობისას დაავადდა პნევმონიით და გარდაიცვალა, უცოლო და უშვილო;
- ნიკოლა (დ. 2 ნოემბერი, 1428 — გ. 1430), იოლანდას ტყუპისცალი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- იოლანდა (დ. 2 ნოემბერი, 1428 — გ. 23 მარტი, 1483), ძმისა და დედის დაღუპვის შემდეგ გახდა ლოთარინგიის ჰერცოგინია, ცოლად გაჰყვა ვემონტის გრაფ ფრიდრიხ დე ლორენს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
- მარგარიტა (დ. 23 მარტი, 1430 — გ. 25 აგვისტო, 1482), ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე ჰენრი VI-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, თუმცა მისი ვაჟის ბრძოლაში დაცემისა და ვარდების ომის დროს მისი ქმრის სიკვდილით დასჯის შემდეგ მან დაკარგა დედოფლობა და საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც დაასრულა სიცოცხლე;
- შარლი (დ. 1431 — გ. 1432), გიზის გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- იზაბელი (დ. ? — გ. ?), გარდაიცვალა ახალგაზრდა;
- რენე (დ. ? — გ. ?), გარდაიცვალა ახალგაზრდა;
- ლუიზა (დ. 1436 — გ. 1438), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ანა (დ. 1437 — გ. 1450), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Bernhard Röse: Isabella (Herzogin von Lothringen). In: Johann Samuel Ersch, Johann Gottfried Gruber (Hrsg.): Allgemeine Encyclopädie der Wissenschaften und Künste. 2. Section: H – N. Band 24: Irland – Ismuc. Brockhaus, Leipzig 1845, S. 233–236.
- Auguste Vallet de Viriville: Isabelle de Lorraine. In: Nouvelle Biographie Générale. Band 26: Isaac – Joséphine. Didot, Paris 1858, Sp. 20–22.
- Detlev Schwennicke: Europäische Stammtafeln. Neue Folge Band 1, 2: Přemysliden, Askanier, Herzoge von Lothringen, die Häuser Hessen, Württemberg und Zähringen. Klostermann, Frankfurt am Main 1999, ISBN 3-465-03020-6, Tafel 205.
- Henry Bogdan: La Lorraine des ducs. Sept siècles d'histoire. Perrin, Paris 2005, ISBN 2-262-02113-9.