ლუი II ანჟუელი (ფრანგ. Louis III d'Anjou, იტალ. Luigi II d'Angiò; დ. 5 ოქტომბერი, 1377, ტულუზა, საფრანგეთი — გ. 29 აპრილი, 1417, ანჟუ, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ანჟუს ჰერცოგ ლუი I-ის ძე და საფრანგეთის მეფე ჟან II კეთილის შვილიშვილი. ანჟუს, პროვანსისა და ფოლსანკიერის ჰერცოგი 1384-1417 და ნეაპოლისა და იერუსალიმის მეფე 1389-99 წლებში. 1400 წელს ცოლად შეირთო არაგონის მეფე ხუან I-ის ასული იოლანდა არაგონელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის ანჟუს გრაფი ლუი III, ნეაპოლის მეფე რენე I და საფრანგეთის დედოფალი მარია ანჟუელი.

ლუი II ანჟუელი
ანჟუს ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 20 სექტემბერი, 1384
მმართ. დასასრული: 29 აპრილი, 1417
წინამორბედი: ლუი I
მემკვიდრე: ლუი III
ნეაპოლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1 ნოემბერი, 1389
მმართ. დასასრული: 1399
წინამორბედი: ლადისლო ნეაპოლელი
მემკვიდრე: ლადისლო ნეაპოლელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ოქტომბერი, 1377
დაბ. ადგილი: ტულუზა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 29 აპრილი, 1417, (39 წლის)
გარდ. ადგილი: ანჟუ, საფრანგეთი
მეუღლე: იოლანდა არაგონელი
(ქ. 1400)
შვილები: ლუი III, ანჟუს ჰერცოგი
რენე I, ნეაპოლის მეფე
შარლი, მაინის გრაფი
მარია, საფრანგეთის დედოფალი
იოლანდა, ბრაბანტის ჰერცოგინია
დინასტია: ვალუები
მამა: ლუი I, ანჟუს ჰერცოგი
დედა: მარი დე ბლუა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუი დაიბადა 1377 წლის 5 ოქტომბერს ტულუზაში, საფრანგეთში. იგი იყო ანჟუს ჰერცოგ ლუი I ვალუასა და მისი ცოლის, მარი დე ბლუას ვაჟი. 1384 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ხდება ანჟუს, პროვანსისა და ფოლსანკიერის ჰერცოგი. მან ასევე განაგრძო მამის წამოწყებული ბრძოლა ნეაპოლის ტახტისათვის, რომელსაც ისინი ლადისლო ნეაპოლელის წინააღმდეგ აწარმოებდნენ.

ტახტზე ასვლიდან მალევე მას პროვანსა განუდგა, რომლის კვლავ დასაბრუნებლადაც მარი დე ბლუა თითოეულ ქალაქში ჩავიდა და მოსახლეობას პირადად შეხვდა, რითაც მათი მხარდაჭერა დაიბრუნა და პროვანსელებმაც ლუი კვლავ თავიანთ გრაფად სცნეს, სადაც მან პროვანსის უნივერსიტეტი დააარსა.

1389 წლის 1 ნოემბერს ავინიონის ანტიპაპ იოანე XXIII-ისა და საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის დახმარებით ლუიმ ნეაპოლის ტახტიდან ჩამოაგდო მეფე ლადისლო და თავად გამეფდა. მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა და სულ რაღაც ათ წელიწადში ლადისლომ ნეაპოლი დაიბრუნა და ლუი სამეფოდან გააძევა.

1409 წელს ლუიმ რომი ლადისლოს ოკუპაციისაგან გაანთავისუფლა. 1410 წელს თავის მოკავშირე ანტიპაპ იოანე XXIII-თან ერთად ლუი თავს დაესხა ნეაპოლს და როკასეკას ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ლადისლო. ამის შემდეგ ლუიმ ნეაპოლელების ის მცირედი მხარდაჭერაც დაჰკარგა რაც გააჩნდა, რის გამოც იძულებული გახდა სამუდამოდ დაეთმო ნეაპოლი.

ლუიმ 1400 წელს ცოლად შეირთო თავისი პირველი თაობის ბიძაშვილი, არაგონის, მაიორკის, ვალენსიისა და ბარსელონის მეფე ხუან I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ვიოლანტა ბარელის ასული იოლანდა არაგონელი. ამ დროს მეფე ხუანი უკვე გარდაცვლილი იყო და არაგონს იოლანდას ბიძა, მეფე მარტინი მართავდა, რომელიც 1410 წელს დაიღუპა. ამით ლუი და მის შთამომავლები არაგონის ტახტზე უფლებებს იღებდნენ.

ლუიმ თავისი უფროსი ვაჟი თავისი ბიძაშვილის, ჟან უშიშის ქალიშვილ კატრინ ბურგუნდიელზე დანიშნა. თუმცაღა მალევე ლუიმ თავისი ასული საფრანგეთის დოფინს შერთო ცოლად, რის გამოც მათ კატრინთან ნიშნობა ჩაშალეს და უფრო მაღალი რანგის ქალზე, არმანიაკის ჰერცოგის ასულზე შეაჩერეს არჩევანი. ცხადია მან ჟანი და კატრინი განარისხა, რამაც ბურგუნდიისა და ანჟუს ჰერცოგებს შორის დიდი მტრობა გამოიწვია.

სიცოცხლის ბოლო წლებში მას ბრძოლებში მონაწილეობა აღარ შეეძლო, ვინაიდან შარდის ბუშტის ინფექციით იტანჯებოდა და სიარულსაც ძლივს ახერხებდა. იგი გარდაიცვალა 1417 წელს ანჟუში, რის შემდეგაც ანჟუს ჰერცოგი მისი ვაჟი ლუი III გახდა.

ოჯახი რედაქტირება

1400 წელს ლუიმ ცოლად შეირთო პირველი თაობის ბიძაშვილი, არაგონის მეფე ხუან I-ისა და დედოფალ ვიოლანტა ბარელის ასული იოლანდა არაგონელი, რომელთანაც მას ექვსი შვილი შეეძინა:

  1. ლუი III (დ. 25 სექტემბერი, 1403 — გ. 12 ნოემბერი, 1434), ანჟუს ჰერცოგი, გარდაიცვალა უცოლო და უშვილო;
  2. მარია (დ. 14 ოქტომბერი, 1404 — გ. 29 ნოემბერი, 1463), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ VII-ს, რომელთანაც შეეძინა 14 შვილი, მათ შორის აღსანიშნავია საფრანგეთის მეფე ლუი XI;
  3. ქალიშვილი, სახელი უცნობია (დ. 1406 — გ. ?), ცოლად გაჰყვა გენუის გრაფს;
  4. რენე I (დ. 16 იანვარი, 1409 — გ. 10 ივლისი, 1480), ანჟუს ჰერცოგი და ნეაპოლის მეფე, ცოლად შეირთო ჯერ იზაბელ ლოთარინგიელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჟანა დე ლავალი. ორივე ცოლთან შეეძინა შვილები, რომელთაგან აღსანიშნავია ლოთარინგიის ჰერცოგი ჟან III, ლოთარინგიის ჰერცოგინია იოლანდა ანჟუელი და ინგლისის დედოფალი მარგარიტა ანჟუელი;
  5. იოლანდა (დ. 1412 — გ. 1440), პირველად ცოლად გაჰყვა ბრაბანტის ჰერცოგ ფილიპე I-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისთხოვდა ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  6. შარლი (დ. 14 ოქტომბერი, 1414 — გ. 10 აპრილი, 1472), მაინის გრაფი, პირველად ცოლად შეირთო სობელა რუფო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა იზაბელა ლუქსემბურგელზე, რომელთანაც შეეძინა თავისი ერთადერთი შვილი, ანჟუს ჰერცოგი შარლ IV.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Allmand, C. T., ed. (2000). War, Government and Power in Late Medieval France. Liverpool University Press.
  • Kekewich, Margaret L. (2008). The Good King: René of Anjou and Fifteenth Century Europe. Palgrave Macmillan.