ჟანა ბურგუნდიელი
ჟანა ბურგუნდიელი (ფრანგ. Jeanne de Bourgogne), აგრეთვე ცნობილი როგორც ჟანა კოჭლი (ფრანგ. Jeanne la Boiteuse; დ. 24 ივნისი, 1293 — გ. 12 დეკემბერი, 1349) — ბურგუნდიელთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ რობერ II-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა აგნეს ფრანგის ასული. საფრანგეთის დედოფალი 1328-1349 წლებში როგორც ფილიპ VI-ის მეუღლე. როდესაც მისი ქმარი ასწლიანი ომის პერიოდში ქვეყნიდან მიდიოდა საომრად, საფრანგეთს ჟანა მართავდა, როგორც რეგენტი.
ჟანა ბურგუნდიელი | |
---|---|
საფრანგეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 27 მაისი, 1328 |
მმართ. დასაწყისი: | 1 აპრილი, 1328 |
მმართ. დასასრული: | 12 დეკემბერი, 1349 |
წინამორბედი: | ჟანა დე ევრე |
მემკვიდრე: | ბლანკა ნავარელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ივნისი, 1293 |
გარდ. თარიღი: | 12 დეკემბერი, 1349, (56 წლის) |
მეუღლე: | ფილიპ VI, საფრანგეთის მეფე |
შვილები: |
ჟან II, საფრანგეთის მეფე ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი |
მამა: | რობერ II, ბურგუნდიის ჰერცოგი |
დედა: | აგნეს ფრანგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაჟანა დაიბადა 1293 წლის 24 ივნისს. იგი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ რობერ II-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა აგნეს ფრანგის ასული. მამის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ ბურგუნდიის ჰერცოგი უგო IV და იოლანდ დრულერი, ხოლო დედის მხრიდან მისი ბებია-პაპა იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი IX და დედოფალი მარგარიტა პროვანსელი. მისი უფროსი და, პრინცესა მარგარიტა ცოლად შერთეს პრინც ლუის, რომელიც შემდგომში საფრანგეთის მეფე ლუი X გახდა, ხოლო მარგარიტა ბურგუნდიელი დედოფალი. 1313 წლის ივლისში ჟანა მიათხოვეს მის გარე ბიძაშვილ ფილიპ დე ვალუას. იგი საფრანგეთის მეფის ღვიძლი ბიძაშვილი და თავად მეფის ძმების შემდეგ ტახტის პირველი მემკვიდრე იყო. 1315-28 წლებში ჟანამ და ფილიპმა მიიღეს რამდენიმე ტიტული, როგორებიცაა ვალუას გრაფი-გრაფინია, მაინის გრაფი-გრაფინია და ანჟუს გრაფი-გრაფინია.
დედოფლობა
რედაქტირებასაფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ის სამი ვაჟი — ლუი X, ფილიპ V და შარლ IV — უძეოდ გარდაიცვალა. საბოლოოდ, მეფე შარლის გარდაცვალებამ, ჟანას ქმარი, ახლა უკვე ფილიპ VI საფრანგეთის მეფედ აქცია. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა შემდგომში ინგლისის მეფე ედუარდ III-ის განრისხება და საფრანგეთის ტახტისთვის ასწლიანი ომის დაწყება. ედუარდი ასევე ფილიპ IV-ის ქალიშვილ იზაბელა ფრანგის ვაჟი იყო და თვლიდა, რომ ტახტი მას უფრო ეკუთვნოდა, მაგრამ საფრანგეთში მოქმედი სალიური კანონისდა მიხედვით, რომელიც ქალის მემკვიდრეობას არ აღიარებდა, ტახტი ფილიპს ეკუთვნოდა და ამ აზრზე იყო მთელი ფრანგული არისტოკრატიაც. თავისი ტახტისა და უფლებების დასაცავად ფილიპსა და მის შთამომავლებსაც გამუდმებული ბრძოლა უწევდათ ინგლისელების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ფილიპი ძალიან ხშირად ტოვებდა ქვეყანას და ბრძოლაში მიდიოდა, რა დროსაც თავის გონიერებითა და პოლიტიკაში გაწვრთნილ ცოლს, დედოფალ ჟანას ნიშნავდა ქვეყნის რეგენტად. იმ ეპოქაში ადამიანებს აღიზიანებდათ ქალის ძალაუფლება, რის გამოც ფრანგებმა მას კოჭლი შეარქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მას სიარულთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს არ ჰქონია. დედოფალს ასევე დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე, რის გამოც დროთა განმავლობაში ხალხს ფილიპზეც შეეცვალა შთაბეჭდილება.
დედოფალს ძალიან უყვარდა მეცნიერება და ბიბლიოფილსაც კი უწოდებდნენ. იგი თავის ვაჟ ჟანთან ერთად ხშირად იჯდა ბიბლიოთეკაში და თვითონ თარგმნიდა უცხოენოვან წიგნებს ფრანგულზე. სწორედ მან თარგმნა ფრანგულად უამრავი ღირსშესანიშნავი სალიტერატურო თუ სამეცნიერო ნარკვევი.
დედოფალი ჟანა 1349 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს სენ დენის სამეფო ბაზილიკაში. მას მოგვიანებით მისმა შვილიშვილმა შარლ V-მ საოცარი აკლდამა აუშენა, რომელიც შემდგომში საფრანგეთის რევოლუციის დროს დაინგრა. მისი გარდაცვალებიდან მალევე ფილიპმა ალიანსის მიზნით ცოლად შეირთო ნავარის მეფის ასული ბლანკა, თუმცა მალევე, 1350 წელს თავად ფილიპ VI-ც გარდაიცვალა.
შვილები
რედაქტირება- ჟან II (დ. 26 აპრილი, 1319 — გ. 8 აპრილი, 1364), საფრანგეთის მეფე, პირველად ცოლად შეირთო ბონა ბოჰემიელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ჟანა ოვერნელზე. მისი მრავალი შვილიდან აღსანიშნავია საფრანგეთის მეფე შარლ V. გარდაიცვალა ინგლისელთა ტყვეობაში;
- მარი (დ. 1326 — გ. 22 სექტემბერი, 1333), ცოლად შერთეს ბრაბანტის ჰერცოგ ჟან III-ს, მაგრამ ქორწილიდან მალევე დაიღუპა;
- ლუი (17 იანვარი, 1329), გარდაიცვალა დაბადებისას;
- ლუი (დ. 8 ივნისი, 1330 — გ. 23 ივნისი, 1330), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- მკვდარშობილი ვაჟი (2 ოქტომბერი, 1333);
- მკვდარშობილი ვაჟი (28 მაისი, 1335);
- ფილიპი (დ. 1 ივლისი, 1336 — გ. 1 სექტემბერი, 1375), ორლეანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო საფრანგეთის განსვენებული მეფე შარლ IV-ის ნაბოლარა ასული ბლანშ კაპეტი, თუმცა ჰყავდა მხოლოდ ერთი ვაჟი, ისიც საყვარლისგან;
- ჟანა (ნოემბერი, 1337), გარდაიცვალა დაბადებისას;
- მკვდარშობილი ვაჟი (ზაფხული, 1343).
ლიტერატურა
რედაქტირება- A History of the Crusades: The fourteenth and fifteenth centuries, Vol. III, ed. Kenneth Meyer Setton, (University of Wisconsin Press, 1975), 773.
- Elizabeth Hallam, Capetian France: 987-1328, (Longman, 1980), 282.
- Robert Knecht, The Valois: Kings of France 1328-1589, (Hambledon Continuum, 2004), 11.
- Jonathan Sumption, The Hundred Years War II:Trial by Fire, (University of Pennsylvania Press, 1999), 49.