რგოლურა პარკხვევია
რგოლურა პარკხვევია (ლათ. Malacosoma neustria) — პეპელა პარკხვევიების ოჯახისა. ხეხილოვანი და ტყის ჯიშების მავნებელია, უპირატესად აზიანებს ვაშლსა და მუხას.[1] დედალი პეპლის ფრთების შლილია 40 მმ, მამლისა 32 მმ. წინა ფრთები მურა-მოყვითალო ან მურა-წითელია და განივი მუქი ზოლი გასდევს. მუხლუხი მოცისფრო-ნაცრისფერია, რომლის სიგრძე 55 მმ აღწევს,[2] გასდევს თეთრი, ნარინჯისფერი და ცისფერი ზოლები. ფართოდაა გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.[1] საქართველოში უმეტესად აღმოსავლეთ რაიონებშია.[2]
რგოლურა პარკხვევია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Malacosoma neustria (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
|
ახასიათებს ერთწლიანი გენერაცია.[3] ზამთარს ატარებს კვერცხის ფაზაში,[2] გაზაფხულზე აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში იჩეკება მუხლუხი.[3] მუხლუხები კოლონიებად ცხოვრობენ ორკაპა ტოტებზე გაკეთებულ აბლაბუდის ბუდეებში (ბოლო ასაკის მუხლუხები — მარტოულად ვარჯზე). კვირტის გაშლის პერიოდში 25–40 დღის განმავლობაში იკვებებიან ფოთლებით,[1] აზიანებენ ასევე კოკორს, ყვავილს. თუ მავნებელი მასობრივად გამრავლდა, მცენარე შიშვლდება.[2] მუხლუხები ვითარდებიან 40–45 დღის განმავლობაში. მდედრებს აქვთ 6, მამრებს — 5 ხნოვანება. იჭუპრებენ ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში ფოთლებს შორის, ქერქის ნაპრალებში. ჭუპრები ვითარდებიან 15–20 დღის განმავლობაში.[3] დედალი ზაფხულის შუაში დებს კვერცხს[1] (100–400 ცალამდე) წვრილ ტოტებზე რგოლურად (აქედან სახელწოდება).[2] ერთ მცენარეზე 5–10 ნაყარის არსებობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მოსავლისთვის.[1] პეპლები ფრენენ ივლისიდან სექტემბრამდე.[3] წელიწადში ერთ თაობას იძლევა.[1]
რგოლურ პარკხვევია უმთავრესად გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში. მასობრივი გავრცელება რეგისტრირებული იყო 1936–1937 წლებში შიდა ქართლში, 1940 წელს — გორის რაიონში (258 ჰექტარზე). მკვებავი მცენარეებია: მუხა, ცირცელი, კუნელი, თხილი, თელა, მაყვალი, ჟოლო, ასევე ხეხილი (ვაშლი, მსხალი და სხვა).[3]
ბრძოლის ღონისძიებანი: წვრილი ტოტების შეჭრა და დაწვა; მუხლუხების ბუდეების შეგროვება და მოსპობა; მცენარის დამუშავება ინსექტიციდებით.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
კვერცხები
-
მუხლუხი
-
ჭუპრი
-
ილუსტრაცია
-
მამალი
-
დედალი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Исаичев В. В. Кольчатый шелкопряд // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 586.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 მუხაშავრია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 317.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 მანდარია ნ., დიდმანიძე ე., იმერეთში გავრცელებულ ქერცლფრთიანების ზეოჯახ აბრეშუმქსოვებისებრთა (LEPIDOPTERA, BOMBYCIDOIDEA) მავნე სახეობები // აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, №2, 2013. — გვ. 162.