ჟინვალის ნამოსახლარი და სამაროვანი
ჟინვალის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის პირას. ძეგლი მრავალფენიანია, განეკუთვნებოდა ძველი წელთაღრიცხვით ძვ. წ. V—IV ათასწლეულების მიჯნას, I და ახ. წ. VIII საუკუნეებს. ამჟამად დაფარულია წყლით. 1971-1985 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
ქვედა კულტურული ფენის ძლიერ დაზიანებულ ნამოსახლარზე გამოვლინდა ნახევარწრიული კერა, ცხოველთა ძვლები, ღია ნაცეცხლურები და მცირე ზომის ქვაყრილები, რომელთაგანაც ორი სარიტუალო დანიშნულებისაა. აღმოჩენილია თიხის ჭურჭლის ნატეხები ბაკოზე ტალღისებრი ორნამენტით, ძვლის, რქის, ობსიდიანისა და კაჟის იარაღები. ნამოსახლარის ნაშთი დაფარული იყო ორი მეტრი სისქის სტერილური თიხნარით, რომელშიც აღმოჩნდა ნამოსახლარი და ორი ქრონოლოგიური პერიოდის სამაროვანი. სამაროვანის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა მოზრდილი ზომის, ნატეხი ქვის ორპირი წყობით ნაგები საცხოვრებელი კომპლექსის ნაშთი. ნამოსახლარზე გამოვლინდა ორმოები, რომლებშიც აღმოჩნდა I-IV საუკუნეების თიხის ქვევრების, დერგების, ქოთნების, ხელადების, ჯამების ნატეხები.
სამაროვანი განლაგებული იყო ერთიმეორეზე, ზოგ შემთხვევაში ხუთ ფენადაც. აღმოჩნდა 256 სამარხი. მათ შორის 217 — ორმოსამარხი, 13 — ქვამიწაყრილიანი, 6 — ყორეკედლიანი, 19 — ხის ძელებით გადახურული და 1 — ქვევრსამარხი. დაკრძალვის წესი წარმართულია, მიცვალებულები ესვენა ხელფეხმოკეცილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამარხები ძირითადად ინდივიდუალურია, გვხვდება წყვილად დაკრძალვის შემთხვევებიც. სამარხებში აღმოჩნდა თიხისა და მინის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და პართული მონეტები და სხვა. ზედა ფენაში არსებული 301 სამარხიდან 99 ორმოსამარხია, 27 — ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი, 124 — ქვის სამარხი, ხოლო 51 — კატაკომბა.
დაკრძალვის წესი ქრისტიანულია, მიცვალებულები დასვენებული იყვნენ თავით დასავლეთისკენ. გვხვდება წარმართული წესით დაკრძალვის შემთხვევებიც. სამარხები ძირითადად საოჯახოა. აღმოჩნდა ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს სამკაული, ვერცხლის სასანური მონეტები და სხვა. არქეოლოგიური მასალის ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ხოლო ნაწილი არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიქოვანი გ., ჩიხლაძე ვ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 297.