პიაოზერო
პიაოზერო (რუს. Пяозеро) — ტბა რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში. 1966 წლიდან კუმის წყალსაცავის ნაწილია. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში, ზღვის დონიდან 109,5 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 659 კმ². ტბის ქვაბული მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბის ფორმა არასწორია და წაგრძელებული. სიგრძე 79 კმ, სიგანე 30 კმ. მაქსიმალური სიღრმე 49 მ.[1] ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია, ბევრია ყურე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 256 კმ. ნაპირები მაღალია, ქვიანი ან ქვიშიანია, დაფარულია ტყით. ტბაში სულ 66 კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 96,1 კმ².[2] ყველაზე დიდ კუნძულებზე დგას ქოხები, სადაც მეთევზეები ცხოვრობენ. ძირითადი შენაკადია მდინარე ოლანგა. ტბაზე გაედინება მდინარე კოვდა, რომელსაც ტბაში შესართავამდე სოფიანგა ეწოდება, ხოლო ტბიდან გამოსვლის შემდეგ კუნდოზიორკა. წყალცვლა შენელებულია. გამოიყენება ელექტროენერგიის მისაღებად და წყალმომარაგებისათვის. განვითარებულია ხე-ტყის დაცურება და თევზჭერა. იყინება ნოემბრის შუა რიცხვებში, ყინულისგან თავისუფლდება მაისში. გვხვდება თევზის 16 სახეობა, რომელთაგან სარეწაო მნიშვნელობისაა ევროპული ჭაფალა, სიგი, პალია, კუმჟა, ღლაბუტა, ქორჭილა და ჩვეულებრივი ცქიმურა, მეორეხარისხოვანია წერი, ნაფოტა, ჰარიუსი, მტკნარი წყლის ჩიქვი და კაპარჭინა.[1]
პიაოზერო | |
---|---|
პიაოზერო | |
კოორდინატები: 66°04′18″ ჩ. გ. 31°02′01″ ა. გ. / 66.07167° ჩ. გ. 31.03361° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კარელიის რესპუბლიკა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 109,5 მ |
სიგრძე | 79 კმ |
სიგანე | 30 კმ |
ფართობი | 659 კმ² |
მოცულობა | 10,1 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 256 კმ |
საშუალო სიღრმე | 15,4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 49 მ |
აუზის ფართობი | 1430 კმ² |