პატარძეულის ღვთისმშობლის ეკლესია (XIX საუკუნე)

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

პატარძეულის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის სამხრეთ განაპირას, ჯიღაურიანთ უბანში. სავარაუდოდ, თარიღდება XlX საუკუნით.

პატარძეულის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა პატარძეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნით
დეტალები
ტევადობა 10,8x6,6 მეტრი

ეკლესია ადრე ამ ადგილას არსებული ციხე-გალავნის აღმოსავლეთ კედელზე ისეა მიდგმული, რომ იგი ეკლესიის დასავლეთ კედლის მოვალეობასაც ასრულებს. 1990-იან წლებში აქ მამათა მონასტერი დაარსდა. აღდგა ეკლესიის გვერდით მდგარი ციხე-გალავნის ერთ-ერთი ცილინდრული კოშკი და გალავნის ნაწილი. ადრე არსებული გალავნის მთელ პერიმეტრზე აიგო სამონასტრო დანიშნულების რამდენიმე ახლანდელი ნაგებობა და გარემონტდა ეკლესია: მოიხსნა ეკლესიის დასავლეთ კედელზე დადგმული სამრეკლო, დაიდგა კანკელი, ეკლესია შიგნით გაჯით, ხოლო გარედან ცემენტით და ქვიშის ხსნარით შეილესა. ეკლესია დარბაზულია (10,8x6,6 მეტრი). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კარ-სარკმლების მოსაპირკეთებლად, სუფთად დამუშავებული ქვიშაქვაა გამოყენებული. შესასვლელი ორია: სამხრეთიდან (ამჟამად ამოშენებულია) და ჩრდილოეთიდან ორივე კარი სწორკუთხაა. იატაკი დიდი ზომის, გათლილი ქვითაა მოგებული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, გაჭრილია განიერი, გარეთკენ შევიწროებული სარკმელი, რომლის სამხრეთით ერთი შეირსულთაღოვანი ნიშია, ხოლო ჩრდილოეთით — ერთი ოთხკუთხა და ერთი შეისრულთაღოვანი ნიში. მათ შორის სწორკუთხა ნიშის ზემოთ, მცირე ზომის ნიშია მოწყობილი, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული გადახურვა აქვს. ერთი პატარა ნიში აფსიდის სარკმლის ქვემოთაცაა.

საკურთხეველი, დარბაზის იატაკის მიმართ, საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. საკურთხევლის სარკმლის მსგავსი თითო სარკმელი დარბაზის გრძივ კედლებშიცაა გაჭრილი. ოდნავ მომცრო, ერთი სარკმელი დასავლეთ კედლის ზედა ნახევარშია. იგი შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი — ოთხკუთხა. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც საბჯენი თაღი ეყრდნობა. თაღის ქუსლებთან მაღალი, თაროსებრი იმპოსტებია გამოყოფილი. დასავლეთ კედლის ორივე პილასტრი იატაკიდან დაახლოებით 2,5 მეტრის სიმაღლეზე იწყება. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, ხოლო დარბაზი — შეისრული კამარით. შეისრული ფორმისაა კონქის თაღიც და საბჯენი თაღებიც. ჩრდილო ფასადზე, კარის არქიტრავის თავზე, ნახევარწრიული ფორმის, შეღრმავებული არეა, რომლის ზემოთ წყობაში ჩასმულ, ოთხკუთხა ქვაზე, მხედრული დამწერლობით შესრულებული, ძლიერ დაზიანებული წარწერითაა შემორჩენილი. აღმოსავლეთ ფრონტონზე, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი, ჯვრის გამოსახულებაა, რომელიც მაღალ, საფეხუროვან კვარლცხბეკზეა აღმართული. კედლები დასრულებულია ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად დალაგებული აგურებით შედგენილი რიგების მონაცვლეობითაა გამოყვანილი. შენობა გადახურულია თუნუქის სახურავით. ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ ფასადების წინ საფლავის ქვებია.

ლიტერატურა

რედაქტირება