პამპასის ირემი, ამერიკული ირემი (ლათ. Odocoileus) — წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვართა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. მოხდენილი აგებულების ცხოველებია. მათი სხეულის სიგრძეა 1,5–2 მ, სიმაღლე 0,8–1,1 მ, კუდი 28 სმ-მდე; მასა 145 კგ-ს აღწევს. ზურგი შეფერილია რუხ-მურადან ყვითელ-წითურამდე, მუცელი თეთრია. ცნობილია 2 სახეობა: თეთრკუდა ირემი (O. virginianus) და შავკუდა ირემი (О. hemionus); გავრცელებული არიან ამერიკაში (კანადა, აშშ, ცენტრალური ამერიკა, ბოლივია, ჩრდილოეთი ბრაზილია), თეთრკუდა აკლიმატიზირებულია ევროპაში (მ. შ. ესტონეთსა და რუსეთში), შავკუდა — ჰავაის კუნძულებზე. მამლებს დატოტვილი რქები აქვთ, დედლები საერთოდ ურქონი არიან. ბინადრობენ სხვადასხვა ჰაბიტატში (მ. შ. ანთროპოგენურ ლანდშაფტში) 2–4-სულიან ოჯახურ ჯგუფებად, ზოგჯერ (განსაკუთრებით ზამთარში) თავს იყრიან დიდ ჯოგებში. იკვებებიან მცენარეული საკვებით: ბალახით, ფოთლებით, ბუჩქების ყლორტებით, ნაყოფებით, კაკლებით, აგრეთვე სოკოებით და სხვ. იგებენ 1–4 ნუკრს. ცოცხლობენ 12–15 წელი. მრავალრიცხოვნები არიან, ზიანის მოტანა შეუძლიათ სოფლის და სატყეო მეურნეობებისათვის. სანადირო ობიექტებია (აშშ-ში — სპორტული ნადირობის), გამოიყენება მათი ხორცი, ტყავი და რქები.[1][2]