ღრმა ზღვის ღარი

(გადამისამართდა გვერდიდან ოკეანური ღარი)

ღრმა ზღვის ღარი, ოკეანური ღარიგარდამავალი ზონის რელიეფის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ელემენტი. წარმოადგენს ვიწრო (1-20 კმ), ძლიერ წაგრძელებულ (6 ათ. კმ) და ღრმა (6 ათ. მ-ზე მეტი) ქვაბულს. ღრმა ზღვის ღარები უმეტესად წყნარი ოკეანის კიდეებზეა. აქ არის მარიანას ღარიც. ღარის პროფილი V-სებრია, ფერდობების დაქანება ზემო ნაწილში 5-6°, ქვემოთ — 25°. ფსკერი ბრტყელია. ფერდობებსა და ფსკერზე დალექილია ტერიგენული ლამის სქელი ფენა.[1]

სტრუქტურული ერთეულები
1. კერმადეკი 2. ტონგა 3. ბუგენვილი 4. მარიანა 5. იძუ-ოგასავარა 6. იაპონია 7. კურილ-კამჩატკა 8. ალეუტი 9. ცენტრალურამერიკული 10. პერუ-ჩილე 11. მენდოსინო 12. მიურეი 13. მოლოკაი 14. კლარიონი 15. კლიპერტონი 16. ჩელენჯერი 17. ელტანინი 18. უდინცევი 19. აღმოსავლეთწყნაროკეანური ამაღლება (S-სებრი) 20. ნასკას ქედი
ღრმა ზღვის ღარის სქემა

ფილების ტექტონიკის მიხედვით ღრმა ზღვის ღარების გასწვრივ მიმდინარეობს ლითოსფეროს შთანთქმა დედამიწის მანტიაში. გეოლოგიური თვალსაზრისით, ღრმა ზღვის ღარები წარმოადგენენ თანამედროვე გეოსინკლინურ სტრუქტურებს. ამავე მიზეზით ღარის რაიონები ხშირად მიწისძვრის ეპიცენტრებია, ხოლო ფსკერი წარმოადგენს მრავალი ვულკანის საფუძველს. ღრმა ზღვის ღარები გვხვდება ყველა ოკეანეში, რომელთაგან ყველაზე ღრმა წყნარ ოკეანეშია. მსოფლიო ოკეანის უღრმესი წერტილი მოქცეულია მარიანას ღარში, კერძოდ, მის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება „ჩელენჯერის უფსკრული“. მისი სიღრმეა 10 994 მ, სიზუსტით ±40.[2] მსოფლიო ოკეანის ყველაზე გრძელი ღარია პერუ-ჩილეს ღარი, რომლის სიგრძე დაახლოებით 5900 კმ-ია.[3]

ღრმა ზღვის ღარი გეგმაში წარმოადგენს სუსტად დახრილ ან იშვიათად სწორხაზოვან ვიწრო ასიმეტრიულ როფს, რომელიც აქტიურად ვითარდება რღვევების გასწვრივ თალასოკრატონების პერიფერიულ ნაწილებში, რომლებიც შეადგენს კუნძულთა რკალების სისტემის ნაწილს. უკანასკნელ შემთხვევაში ღრმა ზღვის ღარები გამოიხატება ან ძალიან მკვეთრად (ალეუტის ღარი, კურილ-კამჩატკის ღარი, ფილიპინების ღარი და სხვა) ან სუსტად (კიუსიუს ღარი, ახალი გვინეის ღარი და სხვა).[4]

ზოგჯერ ღრმა ზღვის ღარი ვრცელდება არა კუნძულთა რკალების ოკეანისკენ მიბჯენილ მხარეს, არამედ განაპირა ზღვის ღრმა წყლის ქვაბულის ფარგლებში (ბანდის ზღვის ღრმა ზღვის ღარი, კუნძულ ლუსონიდან დასავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში). სიღრმე მერყეობს 5-11 კმ ფარგლებში. ღრმა ზღვის ღარის სიგრძე შეადგენს რამდენიმე ათას (2000-4000) კმ-ს, სიგანე, პირობითად იზომება იზობათებით 6,5 კმ — რამდენიმე კმ-მდე. ღრმა ზღვის ღარის ფსკერი წარმოადგენს ოკეანესთან შედარებით ინტენსიური ნალექთდაგროვების არეს. ფხვიერი დანალექი საფრის სიმძლავრე ფერდობებზე უმნიშვნელოა, ხოლო ფსკერზე აღწევს 2-3 კმ-ს.[4]

ღრმა ზღვის ღარის განივი პროფილი V-სებრი ფორმისაა, ფერდობები ციცაბოა, საშუალოდ 5°, რღვევებთან თანხვედრის ადგილებში საფეხურებისებრი, ციცაბო. უღრმეს ადგილებში გადის ბრტყელი აკუმულაციური ფსკერის ვიწრო (5-20 კმ) ხაზი. ღრმა ზღვის ღარის ჩაზნექილობის კომპენსაციის ხარისხი სხვადასხვაა და დამოკიდებულია ადგილობრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებზე. ჩვეულებრივ ესაა მკვეთრად არაკომპენსირებული როფები, რომლებსაც მკვლევართა უმრავლესობა თანამედროვე გეოსინკლინებს მიაკუთვნებს. ღრმა ზღვის ღარი ყალიბდება ოკეანური ფილის სუბდუქციის ზონაზე.[4]

ღრმა ზღვის ღარის ფერდობები მიქცეულია კუნძულთა რკალებისკენ, ახასიათებს განსაკუთრებული სეისმური აქტივობა, ამასთან, ზედაპირთან ახლოს მყოფი მიწისძვრის კერები დაჯგუფებულია ვერტიკალურად ორიენტირებულ ზონაში. ანომალიური გრავიტაციული ველის ექსტრემუმები ან თანხვდება ღარის ღერძს, ან (ხშირად) არის გადაადგილებული მასთან მიმართებაში კუნძულთა რკალების მხარეს. ღრმა ზღვის ღარის ქვეშ არსებული დედამიწის ქერქის აგებულება რთულია.[4]

ღარების ფსკერული ნალექები პლეისტოცენ-ჰოლოცენური ასაკისაა და წარმოდგენილია ტურბიდიტებით, რომლებიც ზოგჯერ შეიცავენ ტუფების ჰორიზონტებსა და ტუფოგენურ-ტერიგენულ დანალექებს.[5] კურილ-კამჩატკისა და სხვა ღრმა ზღვის ღარების კვლევამ უჩვენა, რომ მათ ქვეშ დაგებულია სუბკონტინენტური (კუნძულთა რკალების მხარისკენ) და ოკეანური (ოკეანის მხარისკენ) ტიპის ქერქები. ღრმა ზღვის ღარის ღერძის ქვეშ მყოფი მძლავრი ბაზალტური ფენა აღწევს 10 კმ-ს.[4]

ღრმა ზღვის ღარის ქვედებულის ასაკი პირობითად შეიძლება მიეკუთვნოს ცარცულს ან პალეოგენურს. ღარების ფსკერული ფაუნა უძველესია, რომელსაც ენდემიზმის მაღალი ხარისხი ახასიათებს. მათი ტექტონიკური აქტივობა მკვეთრად გამოიხატებოდა მთელი გვიანდელი კაინოზოურის განმავლობაში და ნარჩუნდება დღევანდელ დღემდე.

ღრმა ზღვის ღარები აღმოაჩინეს XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ტრანსოკეანური სატელეგრაფო კაბელების გაყვანის დროს. ღრმა ზღვის ღარების დეტალური კვლევა დაიწყო სიღრმეების ექოლოტური გაზომვის გამოყენებასთან ერთად.[6]

უღრმესი ღარები

რედაქტირება
ღარი ოკეანე მაქსიმალური სიღრმე
მარიანას ღარი წყნარი ოკეანე 11034 მ
ტონგის ღარი წყნარი ოკეანე 10882 მ
ფილიპინების ღარი წყნარი ოკეანე 10545 მ
კურილ-კამჩატკის ღარი წყნარი ოკეანე 10542 მ
კერმადეკის ღარი წყნარი ოკეანე 10047 მ
იძუ-ოგასავარის ღარი წყნარი ოკეანე 9810 მ
პუერტ-რიკოს ღარი ატლანტის ოკეანე 8800 მ
სამხრეთ სენდვიჩის ღარი ატლანტის ოკეანე 8428 მ
პერუ-ჩილეს ღარი წყნარი ოკეანე 8065 მ
იაპონიის ღარი წყნარი ოკეანე 8046 მ

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ვსევოლოდ ზენკოვიჩი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 599.
  2. Марианскую впадину «углубили». compulenta.ru (8 დეკემბერი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-13. ციტირების თარიღი: 2011-11-08.
  3. პერუ-ჩილეს ღარი — ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. Под редакцией К. Н. Паффенгольца и др.. 1978.
  5. ღრმა ზღვის ღარი — დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2020-07-29 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  6. ღრმა ზღვის ღარი — გეოგრაფიის ენციკლოპედია (რუსული)