მხედრული
მხედრული დამწერლობა — ქართული დამწერლობის განვითარების ბოლო საფეხური. იგი ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული. ადრეული ნიმუშები უკვე X საუკუნიდან გვხვდება, მხედრულის პირველ ნიმუშად ატენის სიონის ერთ-ერთი წარწერა ითვლება, რომელსაც ზაზა ალექსიძე და გ. აბრამიშვილი 982–986 წლებით ათარიღებენ. უძველესია აგრეთვე ბაგრატ IV-ის ორი სიგელი (შიომღვიმისა და ოპიზის) XI საუკუნიდან. მხედრული დამწერლობით შესრულებული ადრეული ძეგლები ძირითადად ისტორიული საბუთების, ხელნაწერთა მინაწერებისა და წარწერების სახითაა წარმოდგენილი.
ტერმინი „მხედრული“ გვიანდელია და იგი პირველად XIV საუკუნეში დასტურდება. სიტყვა „მხედრული“ ამ პერიოდის ძეგლებში გამოიყენება „ხუცურის“ საპირისპირო მნიშვნელობით, როგორც საერო დანიშნულების დამწერლობა. მომდევნო საუკუნეებში მხედრული იმდენად იკიდებს ფეხს, რომ თანდათან ანაცვლებს ნუსხურს; აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ სასულიერო წიგნებიც იწერებოდა მხედრული ანბანით იმ მიზეზით, რომ საერო პირები ვერ კითხულობდნენ ნუსხურს.
ნუსხური დამწერლობა XIX საუკუნის მიწურულამდე გამოიყენებოდა, ამ დროიდან კი მხედრული დამწერლობა ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.
მხედრულის გრაფიკა
რედაქტირებაX-XI საუკუნეების ადრეულ ძეგლებზე წარმოდგენილ მხედრულს ახასიათებს ნუსხური კუთხოვანი ფორმების მომრგვალება და ერთიანი კონტური თითქმის ყოველ ასოში. ასოთა განლაგება ოთხხაზოვან ბადეში ნუსხურის ანალოგიურია, თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული ასოთა ფორმებიც, ძირითადი განსხვავება მომრგვალებულ მოხაზულობებშია. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ადრეულ ნიმუშებში ერთსა და იმავე ასოს განსხვავებული მოხაზულობა აქვს იმის მიხედვით, იგი ცალკემდგომია თუ გადაბმული სხვა ასოსთან; ცალკემდგომი ასოები, როგორც წესი, უფრო მეტად ინარჩუნებენ ძველ, ნუსხურის მსგავს მოხაზულობასა და მდებარეობას. ამის გამო ქართული დამწერლობის განვითარების ამ ეტაპს ალექსანდრე ცაგარელი და ივანე ჯავახიშვილი არ მიიჩნევენ მხედრულად და მას გარდამავალ საფეხურს, „მრგლოვან ნუსხა–ხუცურს უწოდებენ“. მათი მოსაზრებით მხედრული დამწერლობა XIV საუკუნისათვის ყალიბდება. დღეს მკვლევრები ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ და ითვლება, რომ დამწერლობის X-XI საუკუნეებში გავრცელებული ეს სახე უკვე შეიძლება მხედრულად ჩაითვალოს.
გარდამავალი მხედრულის მაგალითი, ფრაგმენტი ბაგრატ IV-ის სიგელიდან, XI საუკუნე.
მომდევნო პერიოდში მხედრულის გრაფიკამ განვითარების რთული გზა გამოიარა, რის შედეგადაც მან შეიძინა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ასოთა მოხაზულობები მკვეთრად დაშორდა ნუსხურს. შეიცვალა რამდენიმე ასოს განლაგება ოთხხაზოვან სისტემაში; მაგალითად, ბანმა ზემოთ აიწია და პირველ–მესამე ხაზებს შორის მოთავსდა, დონმა პირიქით — ქვემოთ ჩამოიწია და მესამე–მეოთხე ხაზებში მოექცა, ვინის სამი კბილი გაერთიანდა, კანს ზედა კიდური თანდათანობით დაუმოკლდა, ლასს პირველი კბილი ქვემოთ ჩამოუგრძელდა, ონი კი 180°–ით ამოტრიალდა და სხვა.
მხედრულის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სწრაფი და გადაბმული წერისკენ მიდრეკილებაა. მხედრულით ნაწერ ძეგლებში ხშირად გვხვდება ასოთა კანონზომიერი გადაბმები (მაგალითად — „ეს“, — „ელ“, — „ყო“, — „და“, — „ვე“, — „გა“). ამგვარი გადაბმების ნაწილი შენარჩუნებულია პირველ ქართულ საბეჭდ შრიფტებში, თუმცა უმრავლესობა ბეჭდური წიგნის განვითარებასთან ერთად დაიკარგა და დღეს ხელწერაშიც იშვიათად გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ ხუცურისაგან განსხვავებით, მხედრულში არ არსებობს მთავრული (დიდი) ასოები. XVIII საუკუნის ოციან წლებში ნიკოლოზ ორბელიანს, სულხან-საბა ორბელიანის ძმას ჰქონდა მცდელობა, რომ მხედრულში შემოეღო დიდი ასოები, თუმცა ისინი საყოველთაო ხმარებაში ვერ დამკვიდრდა.
ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს — დედაბრული ხელი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.
დედაბრული ხელის სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ იგი ძირითადად ქალებს შორის იყო გავრცელებული. დედაბრული ხელით შესრულებულია როგორც პირადი წერილები (მაგალითად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერი H-1258), აგრეთვე ისტორიული საბუთები (Qd-3351, Qd-3366, Qd-3578, Qd-3580) და ხელნაწერი — კარაბადინი (H-1258). არსებობს აგრეთვე დედაბრული ხელით შესრულებული წერილი თურქულ ენაზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- თ. გამყრელიძე, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბილისი, 1990
- რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი, 1980
- ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949
- ე. მაჭავარიანი, ქართული ანბანი, თბილისი, 1977
- ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბილისი, 2008
- პატარიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 276-277.