დედაბრული ხელი
დედაბრული ხელი — ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.
დედაბრული ხელის სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ იგი ძირითადად ქალებს შორის იყო გავრცელებული. დედაბრული ხელით შესრულებულია როგორც პირადი წერილები (მაგალითად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერი H-1258), აგრეთვე ისტორიული საბუთები (Qd-3351, Qd-3366, Qd-3578, Qd-3580) და ხელნაწერი — კარაბადინი (H-1258). არსებობს აგრეთვე დედაბრული ხელით შესრულებული წერილი თურქულ ენაზე.
დედაბრული ხელის პირველი ზოგადი დახასიათება, რომელიც ორსტრიქონიან ნიმუშთან ერთად გამოქვეყნდა 1878 წელს, ეკუთვნის დიმიტრი ბაქრაძეს. თავად ტერმინი „დედაბრული ხელი“ პირველად 1946 წელს გამოიყენა სიმონ ჯანაშიამ. 1949 წელს დედაბრული ხელი გამოიკვლია და მას ცალკე ნაშრომი უძღვნა თ. ხაჟომიამ.
დედაბრული ხელისათვის დამახასიათებელია მხედრულ ასოთა კუთხოვანი მოყვანილობები. ცალკეულ შემთხვევებში მხედრულად ნაწერ ტექსტში ზედმეტად ჩართულია ნუსხური, უ, ი ან სხვა ასოები. ანის, განის, ენისა და სხვა ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს. დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება; მეცნიერთა ნაწილი ადრეულ მხედრულთან მსგავსების გამო ვარაუდობს, რომ წერის ეს სახე გაცილებით ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, თბილისი, 1946
- თ. ხაჟომია, ქართული დამწერლობის ერთ-ერთი თავისებური სახე, „მიმომხილველი“, I, თბილისი, 1949, ტაბ. I-X
- ვ. სილოგავა, ენციკლოპედია ქართული ენა, თბილისი, 2008, გვ. 138