გარდამავალი მხედრული
გარდამავალი მხედრული X-XI საუკუნეებში გავრცელებული ქართული მხედრული დამწერლობის ქვესახეობაა; ასოთა მოხაზულობები ნუსხურიდან მხედრულისაკენ გარდამავალ საფეხურს წარმოადგენენ; აქედან მომდინარეობს ქართული დამწერლობის ამ სახეობის დასახელებაც. ხშირად მოიხსენიება მდივანმწიგნობრულის სახელწოდებითაც.
გარდამავალი მხედრულითაა შესრულებული X-XI საუკუნეების ისტორიული საბუთები, მათ შორის ბაგრატ IV-ის ცნობილი ორი სიგელი; აგრეთვე ხელნაწერთა ზოგიერთი მინაწერი და ეპიგრაფიკული წარწერები. ხელნაწერ საბუთებში, განსაკუთრებით კი ბაგრატის სიგელში ოპიზარი და მიჯნაძორელი მამების მიმართ (1054—1072 წლები), გარდამავალ მხედრულს ახასიათებს ნუსხურისათვის დამახასიათებელი კუთხოვანი ფორმების მომრგვალება. ამგვარი მომრგვალება, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შესაძლოა ინდივიდუალური ხელწერის ნიშანი იყოს. სხვა შემთხვევებში, განსაკუთრებით ეპიგრაფიკულ ძეგლებში, გარდამავალი მხედრულის ასოთა ფორმები ინარჩუნებენ კუთხოვან ფორმებს. გარდამავალ მხედრულს ახასიათებს აგრეთვე ასოთა გადაბმები; მხედრულის შემდგომი განვითარების შედეგად გადაბმები კიდევ უფრო დაიხვეწა და მხედრული კალიგრაფიის აუცილებელ ელემენტად იქცა.
გარდამავალი მხედრულის მაგალითი, ფრაგმენტი ბაგრატ IV-ის სიგელიდან, XI საუკუნე.
აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილი გარდამავალ მხედრულს ორ ნაწილად ყოფდა; წიგნური ვარიანტის აღსანიშნავად მან შემოიღო ტერმინი ნუსხახუცური მრგლოვანი, ხოლო საბუთების ხელის აღსანიშნავად — ნუსხახუცური მწიგნობრული დამწერლობა. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამგვარი დაყოფა ზედმეტია; ტერმინი გარდამავალი მხედრული ამ ორივეს მოიცავს, ტერმინოლოგიურ დაქუცმაცებას კი საფუძვლად უდევს არა დამწერლობათა განვითარების სხვადასხვა საფეხური, არამედ წერილობითი ძეგლების შინაარსობრივი მხარე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბილისი, 2008, გვ. 104
- ელენე მაჭავარიანი, მხედრული დამწერლობის ადრეული ნიმუშები. — კრ.: „მრავალთავი“ (ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი), III, თბილისი, 1973
- ივანე ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია. — თხზ., ტ. 9, ნაკვ. 1, თბილისი, 1996