სპელეოლოგია

(გადამისამართდა გვერდიდან მღვიმეთმცოდნეობა)

სპელეოლოგია (ბერძ. σπήλαιον [spēlaion] — „მღვიმე“ და λογος [logos] — „მოძღვრება“), იგივე მღვიმეთმცოდნეობა — ბუნებისმეტყველების დარგი, რომელიც შეიწავლის ბუნებრივად წარმოშობილ მღვიმეებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებს. ადგენს მღვიმეების წარმოშობას, ასაკს, ევოლუციას, სტრუქტურას, მორფოლოგიასა და ეკოსისტემებს. სპელეოლოგია იმყოფება გეოლოგია-გეოგრაფიის მიჯნაზე.

მღვიმე საფრანგეთში
 
ე.ა. მარტელი

სპელეოლოგიას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც გამოქვეყნდა ედუარდ ალფრედ მარტელის (18591938) სამეცნიერო შრომები. სწორედ ე.ა. მარტელი ითვლება სპელეოლოგიის როგორც მეცნიერების ფუძემდებლად, აქედან გამომდინარე მას ხშირად უწოდებენ „სპელეოლოგიის მამას“. ე.ა. მარტელი ბევრს მოგზაურობდა, ატარებდა გამოკვლევებს და საბოლოოდ შეკრიბა დიდძალი გეოგრაფიული (სპელეოლოგიური) მასალა. XX საუკუნის დასაწყისში იგი კავკასიაშიც მოგზაურობდა, იმყოფებოდა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში — აფხაზეთში, სადაც აღწერას აწარმოებდა არაბიკის კირქვულ მასივზე. კავკასიაში აღმოაჩინა რამდენიმე მღვიმე. შემდეგ გამოსცა ნაშრომები პარიზში. სპელეოლოგიის შემდეგი განვითარება დაკავშირებულია ფ. კრაუსის, ა. შმიდლის, ა. გრუნდისა და სხვა მკვლევრების სახელებთან.

მნიშვნელოვანი იყო ალექსანდრე კრუბერის გამოკვლევებიც. 1897 წლიდან იგი სწავლობდა ყირიმისა და კავკასიის კარსტული რაიონებს. იმყოფებოდა არაბიკის კირქვულ მასივზე. სპელეოლოგიისა და კარსტოლოგიის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა გეოლოგმა გ. მაქსიმოვიჩმა, რომელმაც აღწერა არაერთი მღვიმე, მღვიმური ტბა და სხვა.

სპელეოლოგია განიხილავს მღვიმეებს როგორც რთულ ბუნებრივ წარმონაქმნებს, რომლებიც არსებობენ შეზღუდულ მიწისქვეშა სამყაროში. მათი ელემენტები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები და ამგვარად ქმნიან მიწისქვეშა ლანდშაფტს. სპელეოლოგია როგორც აღინიშნა ძირითადად არის გეოლოგიისა და გეოგრაფიის შესწავლის საგანი, თუმცა თავისი მრავალფეროვანი დანიშნულებისდა მიხედვით სპელეოლოგიასთან ახლო კავშირში შედის ბოტანიკა, ზოოლოგია, პალეონტოლოგია, ისტორია და არქეოლოგია.

უფრო ზუსტად სპელეოლოგია არის ჰიდროგეოლოგიისა და კარსტოსფეროს ნაწილი. სპელეოლოგიას შეისწავლის გეოგრაფიის დარგები — ჰიდროლოგია, კლიმატოლოგია, გეომორფოლოგია და ლანდშაფტოლოგია და გეოლოგიის დარგები — ჰიდროგეოლოგია და მინერალოგია.

სპელეოლოგია საქართველოში

რედაქტირება
 
ახალი ათონის მღვიმე

საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები უძველესი დროიდან იპყრობენ მკვლევართა ყურადღებას. საქართველოს მღვიმეები მოხსენებული აქვთ სტრაბონს, ჯუანშერს, რუსთაველს, სულხან-საბა ორბელიანს და სხვ. პირველი ცნობები საქართველოს მღვიმეების შესახებ მოცემული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს. მის მონოგრაფიაში მოიპოვება საინტერესო ცნობები მღვიმე-გამოქვაბულების მდებარეობისა და მათი დანიშნულების შესახებ.

საქართველო მღვიმე-უფსკრულების ქვეყანაა. კარსტულ რელიეფს უკავია დაახლ. საქართველოს ტერიტორიის 7 %. კარსტული რელიეფი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში და გადაჭიმულია კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ფსოუს ხეობიდან ერწოს ტბის მიდამოებამდე. ამ მონაკვეთზე კარსტული ზოლის სიგრძეა დაახლ. 320 კმ. მაქსიმალური სიგანე 30 კმ. დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით, სადაც გაბნეულია ათობით კარსტული მასივი.

საქართველოს კარსტის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს ლევან მარუაშვილმა, ზურაბ ტატაშიძემ, შალვა ყიფიანმა და სხვ. საერთო ჯამში მათ გამოაქვეყნეს ასობით სამეცნიერო შრომა, რომლებსაც მნიშვნელობა დღესაც არ აქვს დაკარგული.

ლევან მარუაშვილმა არაერთი ექსპედიცია მოაწყო მღვიმეების შესასწავლად, იგივე ითქმის პროფესორ ზურაბ ტატაშიძეზეც, რომელმაც არ დაიშურა და დიდძალი ღონე დაახარჯა საქართველოსა და კავკასიის მღვიმეების შესწავლის საქმეს. შალვა ყიფიანმა ასევე ფართოდ გამოიკვლია კარსტის საკითხები. შესწავლის ხარჯზე მათ გამოაქვეყნეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მონოგრაფია. დასახელებული მეცნიერების კვლევებმა მნიშვნელოვნად განავითარეს სპელეოლოგიის როგორც მეცნიერების აზრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 9, გვ. 510, თბ., 1985;
  • მარუაშვილი ლ., მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები, თბ., 1973;
  • მარუაშვილი ლ., დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის გეოგრაფიული და სპელეოლოგიური დახასიათების ცდა, ტ. 1, 1963;
  • ტინტილოზოვი ზ., ჩანგაშვილი გ., ოქროჯანაშვილი არს., არაბიკას კირქვული მასივის კარსტულ-სპელეოლოგიური თავისებურებანი, თბ., 1965;
  • гвоздецкии Н. А., В пещерах Абхазии, 1940;
  • Тинтилозов З. К., Исследование пешер Грузии, М., 1962;
  • Максимович Г. А., Основы карстоведения, т. 1, Пермь, 1963;
  • Гвоздецкий Н. А., Проблемы изучения карста и практика, М., 1972;
  • Пещеры Грузии, в. 1—5, Тб., 1963—1973;
  • Martel E. A., La Spelelogie, Paris, 1900;
  • Trombe F., Traite de spelelogie, Paris, 1952.