მიშელ ვან ესბროკი (ფრანგ. Michel van Esbroeck; დ. 17 ივნისი, 1934, მეხელენი, ბელგია ― გ. 21 ნოემბერი, 2003, ლუვენ-ლა-ნუევი, ბელგია) ― ბელგიელი ორიენტალისტი, თეოლოგი და ფილოსოფოსი. იგი ასევე იყო ცნობილი ქართველოლოგი და არმენოლოგი.

მიშელ ვან ესბროკი
დაბადების თარიღი 17 ივნისი, 1934
მეხელენი, ბელგია
გარდაცვალების თარიღი 21 ნოემბერი, 2003, (69 წლის)
ლუვენ-ლა-ნუევი, ბელგია
ეროვნება ბელგიელი
პროფესია ორიენტალისტი, თეოლოგი და ფილოსოფოსი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
მეხელენი, მიშელის მშობლიური ქალაქი

მიშელ ვან ესბროკი დაიბადა 1934 წლის 17 ივნისს ფლამანდიურ ქალაქ მეხელენში, ბელგიაში. მისი ოჯახი ბურჟუაზიული კლასისა იყო. აღსანიშნავია, რომ წარმოშობით იგი როგორც ფლამანდიელი, ისე ვალონიელი ბელგიელი იყო, მაგრამ მისი მშობლიური ენა ფრანგული გახდა. ცნობილია, რომ მის ოჯახში ხშირად საუბრობდნენ ინგლისურადაც, რაც მისი კულტურულად ღია ოჯახის ატმოსფეროს ნაწილი იყო.

მამამისი, გიიომ ვან ესბროკი, სამთო ინჟინერი და გეოლოგი იყო, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესორად მუშაობდა გენტის უნივერიტეტში. იგი ასევე იყო ექსპერტი ბუა-დიუ-კუზიერის სამთო კატასტროფის სასამართლო პროცესში.

მოგვიანებით მიშელი გააგზავნეს ბრიუსელში მდებარე სენ-მიშელის კოლეჯში, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა 1951 წელს ბერძნულ-ლათინური ჰუმანიტარული მეცნიერებების განხრით. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო ბრიუსელის სენ-ლუის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ ეს არ იყო მისი მოწოდება. 1953 წლის 15 ოქტომბერს გაწევრიანდა ე.წ. იესოს საზოგადოებაში. მისი სულიერი განათლების მიღება 1955 წელს დასრულდა ქალაქ არლონში, 1955-დან 1959 წლამდე კი იგი ქალაქ ლუვენში სწავლობდა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. საბოლოოდ მან მიიღო სახელმწიფო დიპლომი კლასიკურ ფილოსოფიაში და ასევე იეზუიტთა ორდენისაგან მინიჭებული ჰქონდა თეოლოგის ხარისხი. ამის შემდეგ მან სავალდებულო სამხედრო სამსახურიც გაიარა, რის შემდეგაც მიშელმა სწავლა კოლეჯ სენ-მიშელში განაგრძო, რომელიც ერთ წელში დაასრულა.

ჰაგიოგრაფია, ქრისტიანული ორიენტალიზმი და ენების შესწავლა

რედაქტირება

მიშელი პირველად აღმოსავლეთით 1962 წელს დაინტერესდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც სენ-მიშელის კოლეჯში სწავლისას იგი პირველად მოხვდა ბოლანდისტების ბიბლიოთეკაში, რის შემდეგაც იგი ერთობ დაინტერესდა ჰაგიოგრაფიული და პატრისტიკული კვლევებით. იმ წელს ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში მას მისცეს უფლება, რომ, როგორც თავისუფალ აუდიტორს, პროფესორ ჟერარ გარიტესთან ემუშავა სომხურ და ქართულ კურსებზე, რომელმაც ხელახლა გამოაქვეყნა ბოლანდისტებთან ერთად პალესტინურ-ქართული კალენდარი.

შემდეგში უკვე ვან ესბროკმა გააანალიზა ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ ბერძნული, ლათინური, ქართული და სომხური ნაშრომების კვლევა არ იყო საკმარისი მისი ბოლომდე შეცნობისათვის. მან გადაწყვიტა, რომ ამისათვის შეესწავლა სლავური, კოპტური, სირიული და არაბული ნამუშევრებიც. ამ მიზეზით, 1963 წელს მიშელ ვან ესბროკი გაემგზავრა ბეირუთში, სადაც იქ არსებულ იეზუიტთა არაბულის კვლევის ცენტრად ქცეულ სენ-ჟოზეფის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და დაიწყო არაბული და სირიული ენების სწავლა.

მაშინ, როდესაც არაბული ენის საფუძვლიან შესწავლას მინიმუმ ორი წელი სჭირდება, ვან ესბროკმა ერთ წელში ორივე ენა საკმარის დონეზე ისწავლა. უკან დაბრუნებულმა ჩაიტანა სინას მთაზე არსებულ ჰაგიოგრაფიულ ნაშრომებზე გადაღებული რამდენიმე მიკროფილმი. აღსანიშნავია, რომ ეს ხელნაწერები მან ჯერ კიდევ მაშინ გადაწერა, როდესაც არაბული არც იცოდა. იგი უბრალოდ უყურებდა ტექსტებს და იხატავდა. იგივე მეთოდი გამოიყენა სირიული ტექსტების გადაწერისას. 1964 წელს იგი უკან, ბელგიაში გაიწვიეს, რათა გაეგრძელებინა თავისი ოთხწლიანი სასულიერო განათლების მიღება ლუვენში. ამ დროს იგი უკვე დამოუკიდებლად იწყებდა სლავური, კოპტური და ებრაული ნაშრომების შესწავლას.

მოღვაწეობა და გარდაცვალება

რედაქტირება
 
ლუვენ-ლა-ნუევი 2002 წელს, ქალაქი, სადაც ვან ესბროკი აღესრულა

აღმოსავლეთის ისტორიასა და ფილოლოგიაში დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, თავისი დისერტაციით, რომელიც მან უძველეს ქართველ მოღვაწეებს მიუძღვნა, 1975 წელს იგი ოფიციალურად მიიღეს ბოლანდისტთა საზოგადოებაში. თუმცა, მას არ აკმაყოფილებდა მხოლოდ მათ ბიბლიოთეკაზე წვდომა, არამედ სურდა არქივი და უძველესი დოკუმენტებიც შეესწავლა. 1976 წელს მან ოთხი თვით იმოგზაურა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში, რა დროსაც მოინახულა ბიბლიოთეკები შემდეგ ქალაქებში: მოსკოვსა და ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), რუსეთში, ასევე თბილისში, საქართველოში და ერევანში, სომხეთში. აქ მოგზაურობისას მან გაიცნო და დაუმეგობრდა არაერთ ადგილობრივ მეცნიერს, მათ შორის ისეთ ქართველ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ: აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, ილია აბულაძე და ა.შ. ვან ესბროკმა მათთან ერთად გამოიკვლია IX საუკუნის ხელნაწერი „უდაბნოს მრავალთავი“. 1979-1990 წლებში იგი რომის პაპის აღმოსავლურ ინსტიტუტში ასწავლიდა ეკლესიის ისტორიას და ქართულ და სომხურ ენებს. 1984-1986 წლებში მან ამ ორი ენის სწავლება განაგრძო პარიზის კათოლიკურ უნივერსიტეტშიც. 1987-1998 წლებში კი მიუნხენის უნივერსიტეტში იყო აღმოსავლეთქრისტიანული ფილოსოფიის კურსების ლექტორი. როდესაც პენსიაზე გასვლის დრო დადგა, 2002 წელს იგი მშობლიურ ბელგიაში დაბრუნდა და იქ ქალაქ ლუვენ-ლა-ნუევში დასახლდა. იგი სწორედ აქ, 2003 წლის 21 ნოემბერს გარდაიცვალა 69 წლის ასაკში, რომში მოგზაურობიდან დაბრუნებიდან მალევე, მოულოდნელად.

წვლილი ქრისტიანულ ორიენტალიზმში

რედაქტირება
 
რობერტ გოდინგი, ვან ესბროკის მოწაფე და ბოლანდისტური საზოგადოების დირექტორი

ვან ესბროკის წვლილი ორიენტალიზმში მნიშვნელოვანი და უნიკალურია. მისი ცოდნა ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და რელიგიაზე, ასევე არაერთი ენის ფლობა (ყოველთვის არასრულად, თუმცა მაინც), მას საშუალებას აძლევდა გაერკვია ის, რისი გარკვევაც არ შეეძლოთ ერთი და ორი ენის მცოდნე სპეციალისტებს. ცნობილია ისიც, რომ მისი ეს უნარები ხშირად იწვევდა სხვა სპეციალისტთა გაღიზიანებასაც. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ერთობ გამბედავი იყო და ისეთ თემებზე აქვეყნებდა ნაშრომებს, რაზეც სხვებს საუბარი უჭირდათ. მისი კვლევები უმეტესად ჰაგიოგრაფიაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ უფრო ფართო გაგებით.

მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფემ და ბოლანდისტთა საზოგადოების დირექტორმა რობერტ გოდინგმა მასზე დაწერა:

 
„ბოლანდისტურ ტრადიციაში, რომელიც, ჩვეულებრივ განასხვავებს კვლევის სამ სფეროს, ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ ლათინურში, ბერძნულსა და აღმოსავლურში, მიშელს შეეძლო ერთნაირი კომპეტენციით შეესრულებინა საქმის ყველა ასპექტი. ამ ოსტატობამ აიძულა იგი, რომ შეესწავლა უკიდურესად რთული ნაშრომები, როგორებიცაა მოციქულებზე, წმინდა ბართლომეზე, წმინდა გრიგოლზე, ან ქალწულ მარიამზე დაწერილი ტექსტები. მაგრამ, ჰაგიოგრაფია თავისთავად ძალიან ვიწრო სფერო იყო მისთვის. იგი ასევე დაინტერესებული იყო ეგზეგეტიკით, პატრისტიკითა და საბჭოთა ქვეყნების ისტორიით. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი მეხსიერება, რომელსაც შეეძლო მოულოდნელად ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება, ტექსტებისა და ნაშრომების არსის ამოცნობა, რაც სხვა მეცნიერებს გამოეპარებოდათ.“

ფრანსუა ნოსთან, ანტონ ბომსტარკთან და რამდენიმე სხვასთან ერთად, მიშელ ვან ესბროკის სახელს დიდი ადგილი უკავია ქრისტიანულ ორიენტალიზმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 1990, გვ. 144–145
  • ა. შანიძე, უდაბნოს მრავალთავი, 1994, გვ. 7
  • Samir Khalil, « Michel van Esbroeck, SJ (1934-2003), le collègue et l’ami », Collectanea Christiana Orientalia, vol. 2,‎ 2005, p. 409-440.
  • B. Lourié et A. Mouraviev, Scrinium, 2 : Universum Hagiographicum. Mémorial R. P. Michel van Esbroeck, s. j. (1934–2003), Saint-Pétersbourg, 2006.
  • “Die Quelle der Himmelfahrt Muhammeds”, in: Akten des XXVIII. Deutschen Orientalistentages. Bamberg, 26–30 mars 2001. Mouhammade.
  • “Nino, Théognosta et Eusthate : un dossier hagiographique oriental des ive-ve siècles”, à paraître dans Khristianskij Vostok, 6 (12) (?). Nino / Théognosta / Eusthate.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება