მეჰმანი (აზერ. Mehman göl) — ტბა აზერბაიჯანში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქ აღჯაბადიდან 25 კმ-ში. მდებარეობს მტკვარ-არაქსის დაბლობზე, ზღვის დონიდან –7,5 მ სიმაღლეზე. ფართობი 35 კმ²,[1] მაქსიმალური სიღრმე 2,3 მ. წარმოიქმნა მდინარე მტკვრის ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად. დამახასიათებელია მშრალი, სუბტროპიკული ნახევარუდაბნოს კლიმატი. ზაფხულში საშუალო დღე-ღამური ტემპერატურაა 22-35°C, ხოლო იანვარში +2,5°C.[2]

მეჰმანი
კოორდინატები: 40°02′56″ ჩ. გ. 47°52′48″ ა. გ. / 40.04889° ჩ. გ. 47.88000° ა. გ. / 40.04889; 47.88000
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სიმაღლე ზღვის დონიდან –7,5 
სიგრძე კმ
სიგანე კმ
ფართობი 35 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 2,3 
ჩამდინარე მდინარეები მტკვრის არხები
მეჰმანი — აზერბაიჯანი
მეჰმანი

ატმოსფერული ნალექების დიდი ნაწილი მოდის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წყალი ტბაში არ არის გამდინარი. ზამთარში არ იყინება. მდინარე მტკვრიდან გამოყოფილია ჯებირით. საზრდოობს მდინარე მტკვრის არხებიდან მოწოდებული წყლით. ტბის გრუნტი ძირითადად ლამიანია, ხოლო გარემომცველი ნიადაგი მდელო-ჭაობიანი ტიპისაა. წყლის მარილიანობა 5,5 გ/ლ. გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა 6,8-10,4 მგ/ლ. წყლის ტემპერატურა ზამთარში 4,5°С, ხოლო ზაფხულში 29°С. მეჰმანი ფრინველთა ბუდობისა და გამოზამთრებისათვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, თუმცა მტკვარ-არაქსის დაბლობზე გატარებული გიგანტური საირიგაციო სამუშაოების შემდეგ, მისი ზომები შესამჩნევად შემცირდა და მნიშვნელობამ ფრინველთათვის იკლო, რითაც ადგილი დაუთმო სიახლოვეს მდებარე აღგიოლის ტბას.[2]

აქ გამოვლინებულია პლანქტონის 34 სახეობა, მიკრობენთოსური ორგანიზმების 96 სახეობა და მაკრობენთოსური ორგანიზმების 143 სახეობა. ზოოპლანქტონის ბიომასა უდრის 0,96 გ/კვ.მ. 65% მოდის დატოტვილულვაშიანებზე. მაკრობენთოსური ორგანიზმების ბიომასა შეადგენს 1,1-5,7 გ/კვ.მ.-ს. მდიდარია თევზით. გვხვდება კობრი, კაპარჭინა, ფარგა, წერი და სხვა. ფუნქციონირებს თევზის მეურნეობის სახელმწიფო კონცერნი „აზერბალიგი“. აქ გამოვლინებულია უმაღლესი წყლის მცენარეების 16 სახეობა. ჭარბობს ლერწამი, ლელქაში და ლაქაში, აგრეთვე წყლის პერი.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება