მახარებელი ქვაბალია

მახარებელი ქვაბალიაწალენჯიხის მონასტრის ბერი, მხატვარი — ოდიშის მმართველის, მანდატურთუხუცესისა და ერისთავთა ერისთავის ვამეყ I დადიანის მიერ ანდრონიკე გაბისულავასთან ერთად კონსტანტინოპოლში იყო წარგზავნილი, საიდანაც მათ ჩამოიყვანეს მხატვარი კირ მანუელ ევგენიკოსი.

ვიკიციტატა
„წარვეგზავნეთ მაცხოვრისა შეწევნითა კონსტანტიპოელეს და მოვიყვანეთ მხატვარი ესე კირ მანოელ ჩვენ, მონაზონთა ქრისტესთა, მახარებელმან ქვაბალია და ანდრონიკე გაბისულავა; და ვევედრებით მაცხოვარსა, რაითა გვიხსნას ჩვენცა დიდსა დღესა მას განკითხვისასა; ამენ, ამენ, ამენ“

მანუელ ევგენიკოსმა მოხატა წალენჯიხის ტაძარი. (სხვა მისი ნამუშევარი არც ბიზანტიაშიდა არც საქართველოში ცნობილი არაა). ვამეყ დადიანის მმართველობის დროს, რომელიც მარი ბროსეს მიხედვით 1384-1396 წწ. უნდა განისაზღვროს (150 წლის წინათ შემოთავაზებული ეს თარიღი დღემდე საყოველთაოდ გაზიარებულია). მაშასადამე, მანუელ ევგენიკოსის მოღვაწეობა, წალენჯიხის მხატვრობა და შესაბამისად მახარებელი ქვაბალიას მოღვაწეობა XIV საუკუნის ბოლო მეოთხედით თარიღდება.

მახარებელი ქვაბალია, ისევე, როგორც მხატვარ მანუელ ევგენიკოსის მასთან ერთად ჩამომყვანი ანდრონიკე გაბისულავა, დასახელებულია ტაძრის ორ წარწერაში – ერთი ასომთავრულია, შესრულებული შავი საღებავით თეთრ ფონზე ტაძრის გუმბათქვეშა სვეტის ჩრდილო-დასავლეთის წახნაგზე, ხოლო მეორე ბერძნულია, შესრულებული მთავრული ასოებით, შავი საღებავით თეთრ ფონზე, იმავე სვეტის მეორე, დასავლეთის უფრო ფართო წახნაგზე. ქართული წარწერა ერთ ადგილას სამი სტრიქონის ფართობზე დაზიანებულია (ჩამოშლილია შელესილობის ფენა), ამიტომ მახარებლის და ანდრონიკეს ვინაობა გაურკვეველია, სამაგიეროდ ბერძნული წარწერის მიხედვით აშკარაა, რომ ორივენი ბერ-მონაზვნები ყოფილა.

სხვა ცნობები მახარებელ ქვაბალიას, ანდრონიკე გაბისულავას და მათ მიერ ჩამოყვანილ მხატვარ კირ მანოელ ევგენიკოსის შესახებ არ მოიპოვება. მაგრამ წალენჯიხის ტაძრის მხატვრობა პალეოლოგების ეპოქის, მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთ შესანიშნავ ნიმუშად არის მიჩნეული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები, ტ.II, 1914 წ.