ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მასუმე ებთექარი, სპარს.معصومه ابتکار‎, (დ.1960 წ.) - ირანის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, თვალსაჩინო მეცნიერი გარემოს დაცვის სფეროში, რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი 1997-2005 წწ. და 2017 წლიდან.

მასუმე ებთექარი
მასუმე ებთექარი
ირანის ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა9 აგვისტო, 2017
პრეზიდენტი  ჰასან როუჰანი

დაბადებული21 სექტემბერი 1960
თეირანი, ირანი
მოქალაქეობაირანი
მეუღლემუჰამედ ჰაშემი
შვილები2
განათლებაშაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტი, თარბიათ მოდარესის უნივერსიტეტი
პროფესიაიმუნოლოგი
საქმიანობაპოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მასუმე ებთექარი თეირანში დაიბადა. ექვსი წლის განმავლობაში იგი იზრდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მისი მამა ფილადელფიის უნივერსიტეტში სწავლობდა. ირანში დაბრუნების შემდეგ მან ჩააბარა თეირანის საერთაშორისო სკოლაში და გახდა სახელმოხვეჭილი თეოლოგის ალი შარიათის მიმდევარი. ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნის წყალობით, 1979 წლის ნოემბერში თეირანში მდებარე აშშ-ს საელჩოს პერსონალის მძევლად აყვანის შემდეგ ებთექარი ცნობილი გახდა, როგორც დიპლომატიური შენობის მოიერიშე სტუდენტური ჯგუფის ინგლისურენოვანი სპიკერი.[1]

1981-83 წლებში მან გაზეთ "ქეიჰანის" ინგლისურენოვანი გამოცემის მთავარ რედაქტორად იმუშავა, შემდეგ კი განაგრძო განათლების მიღება: თავდაპირველად მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტში, შემდეგ კი - პროფესორის ხარისხი თარბიათ მოდარესის უნივერსიტეტში იმუნოლოგიის დარგში.

1991 წელს მასუმე ებთექარი ქალთა საკითხების შესწავლისა და კვლევის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი გახდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ პეკინში გამართულ ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

როდესაც 1997 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მუჰამედ ხათემიმ გაიმარჯვა, ებთექარი ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. რევოლუციის შემდეგ ის კაბინეტის წევრი პირველი ქალი გახდა. მომდევნო რვა წლის განმავლობაში იგი სათავეში ედგა გარემოს დაცვის სამინისტროს, სადაც განახორციელა პროგრამული, ორგანიზაციული და სტრუქტურული რეფორმები. ხათემის ზომიერი პოლიტიკის მხარდაჭერის მეშვეობით ის რეფორმატორის რეპუტაციით სარგებლობდა.

ირანის ხელისუფლების სახელით ებთექარი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში:

  • 2002 წ.ჰელსინკიში გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ქალთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა;
  • იოჰანესბურგში მოხსენებით წარსდა მდგრადი განვითარების შესახებ მსოფლიო ფორუმის წინაშე;
  • 2005 წელს უმასპინძლა თეირანში კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის ფარგლებში გაეროს ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციას მშვიდობისა და გარემოს დაცვის სფეროში.
  • სამი წლის შემდეგ ოსლოში თავმჯდომარეობდა საერთაშორისო კონფერენციას მშვიდობის, თანასწორობის და ქალთა საკითხებზე.

მას შემდეგ, რაც მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კონსერვატორმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გაიმარჯვა, ებთექარმა მთავრობა დატოვა, თუმცა ჰასან როუჰანის მმართველობისას იგი დაინიშნა ვიცე-პრეზიდენტად ქალთა და ოჯახის საქმეების სფეროში.

2005 წელს მან მონაწილეობა მიიღო მშვიდობისა და გარემოს დაცვის ცენტრის ჩამოყალიბებაში, რომელიც სფეროს 120 ექსპერტს აერთიანებს. პერიოდულად აქვეყნებდა სტატიებს. ებთექარმა მწვავედ გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა ჰაერის დაბინძურების სფეროში და, ზოგადად, გარემოს დაცვის მდგომარეობის გაუარესება. შესაძლოა ამის გამო ის დისკვალიფიცირებული იქნა თეირანის საქალაქო საბჭოს არჩევნებიდან 2014 წელს. [2]

უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობის გარდა, მასუმე ებთექარი თეირანის საქალაქო საბჭოს წევრად მუშაობდა 2007 - 2013 წლებში. იგი მიესალმა სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, როგორც ქვეყნის მეტი გახსნის პერსპექტივას.[3]

პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის და აკადემიურ სფეროში მიღწეული წარმატების მიუხედავად, მძევლებთან დაკავშირებული მისი როლი თან სდევს ებთექარის კარიერას. ამ მიზეზის გამო მის მიმართ ზოგჯერ არცთუ თბილი დამოკიდებულება სუფევს. მაგალითად, ირანელი ვიცე-პრეზიდენტის მიწვევის გამო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრიომი კრიტიკის ობიექტი გახდა 2018 წელს.[4]

თავად მასუმე ებთექარი სინანულს არ გრძნობს. იგი განმარტავს, რომ ამერიკული საელჩოს შტურმი ზოგადად რევოლუციური პროცესების განვითარების ჭრილში უნდა იყოს განხილული, ხოლო შაჰის დაბრუნების საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, დიპლომატთა დაკავებამ ქვეყანას ზიანზე მეტი სარგებელი მიუტანა.[5]

ოჯახური მდგომარეობა

რედაქტირება

1981 წელს მასუმე ებთექარი დაქორწინდა იმ სტუდენტური ჯგუფის ერთ-ერთი მეთაურზე, რომელმაც განახორციელა აშშ-ს საელჩოს დაკავება 1979 წლის 4 ნოემბერს. მუჰამედ ჰაშემი ერთხანს უშიშროების მინისტრის მოადგილე გახდა, შემდეგ კი მან ბიზნესს მიჰყო ხელი.

წყვილს ორი შვილი ჰყავს.

2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი შვილი ეისა ჰაშემი ჩიკაგოს პროფესიული ფსიქოლოგიის სკოლის ლოს-ანჯელესის ფილიალში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლობდა. მშობლების პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ამ სიახლეს არაორაზროვანი რეაქცია მოჰყვა.[6]

პუბლიცისტიკა

რედაქტირება

მძევლებთან დაკავშირებულ მოვლენებზე 2000 წელს კანადაში წიგნის სახით გამოიცა მასუმე ებთექარის მოგონებები, Takeover in Tehran: The Inside Story of the 1979 U.S. Embassy Capture რომელიც შემდგომში სპარსულად და არაბულად ითარგმნა.