მალაიზიის ეკონომიკა

მალაიზიის ეკონომიკა მესამე უდიდესი ეკონომიკაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის და 34-ე ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით.[1] 2018 წელს მალაიზიაში შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელი ერთ მუშახელზე 55 360 საერთაშორისო დოლარის ტოლი იყო, რაც მესამე მაჩვენებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სახელმწიფოთა შორის.[2] 2021 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით მალაიზიის ეკონომიკა მსოფლიო მასშტაბით 25-ე ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკაა.[3]

კუალა-ლუმპური ― მალაიზიის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით მალაიზიელები უფრო მდიდრულად ცხოვრობენ, რაც მეტწილად ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის სწრაფი ზრდით, შედარებით დაბალი საშემოსავლო გადასახადით, მოსახერხებელი ადგილობრივი სურსათითა და სატრანსპორტო საწვავით და მთლიანად სუბსიდირებული ერთი გადამხდელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემითაა განპირობებული. მალაიზია ახალი ინდუსტრიალიზებული საბაზრო ეკონომიკაა, რომელიც შედარებით ღია და სახელმწიფო ორიენტაციისაა.[4][5] მალაიზიის ეკონომიკა ძალიან მტკიცე და დივერსიფიცირებულია მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტით, რომელთა ღირებულებამაც 2020 წელს 92.1 მილიარი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სახელმიწფოთა შორის მეორე მაჩვენებელი იყო.[6] მალაიზია პალმის ზეთის ექსპორტით მეორე ადგილზეა მსოფლიოში (ინდონეზიის შემდეგ).[7]

ისტორია რედაქტირება

 
პალმის ზეთის პლანტაცია მალაიზიაში

როგორც მალაკის სრუტის ერთ-ერთი სახელმწიფოს, საერთაშორისო ვაჭრობა მალაიზიის ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.[8] ერთ დროს მალაიზია კალის, რეზინისა და პალმის ზეთის უდიდესი მწარმოებელი იყო მსოფლიოში.[9] ქვეყნის ეკონომიკაში წამყვანია მრეწველობაც, რომელზეც მთლიანი შიდა პროდუქტის 40% მოდის.[10] მალაიზია მსოფლიოში უდიდესი ისლამური საბანკო და საფინანსო ცენტრია.

1970-იან წლებში მალაიზიამ ოთხი აზიური ვეფხვის (სამხრეთი კორეა, ტაივანი, ჰონგ-კონგი და სინგაპური) ეკონომიკის შესაბამისი პოლიტიკა გაატარა და სამთამადნო და სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკიდან მრეწველობაზე დამოკიდებულ ეკონომიკაზე გადასვლა დაიწყო. 1970-იან წლებში დაწყებული გარდაქმნები ძირითადად სოფლის მეურნეობასა და სამთო მოპოვებაზე დამოკიდებული ეკონომიკის უფრო მრავალსექტორიან ეკონომიკაზე გადართვას გულისხმობდა. 1980-იანი წლებიდან მალაიზიის ზრდას მრეწველობის სექტორი მიუძღვებოდა, რაშიც ინვესტიციების მაღალმა დონემ ითამაშა დიდი როლი. იაპონური ინვესტიციების შემდეგ მძიმე მრეწველობა აყვავდა და წლების შემდეგ მალაიზიის ქსპორტი ქვეყნის მთავარი წამყვანი მიმართულება გახდა. 1980-1990-იან წლეში მალაიზიის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 7%-ს აღემატებოდა, ხოლო ინფლაციის დონე დაბალი იყო.

საგარეო ვაჭრობა რედაქტირება

 
მალაიზიის ექსპორტის სქემა ქვეყნების მიხედვით

2021 წელს მალაიზიის საგარეო ვაჭრობის ჯამური ღირებულება 530 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა: 295 მილიარდი ამერიკული დოლარი ექსპორტზე, ხოლო 235 მლრდ. ამერიკული დოლარი იმპორტზე მოდიოდა. ამ მაჩვენებელით მალაიზია მსოფლიოში 21-ე უმსხვილესი ექსპორტიორი და 25-ზე უმსხვილესი იმპორტიორი იყო.

მალაიზიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია. 2008 წლის შემდეგ ხუთი წლის მანძილზე მალაიზია ჩინეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის იყო. 2013 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 106 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით მალაიზია ჩინეთის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო აზიაში (იაპონიისა და სამხრეთ კორეის შემდეგ) და მერვე - მსოფლიოს მასშტაბით.[11] 2014 წლის 31 მაისს ჩინეთში ნაჯიბ რაზაქის ვიზიტის შემდეგ მალაიზიისა და ჩინეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ 2017 წლისთვის ორმხრივი ვაჭრობის დონე 160 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო. ისინი ასევე შეთანხმდნენ ეკონომიკურ და ფინანსურ თანამშრომლობაზე.[12]

სტატისტიკა რედაქტირება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მალაიზიას მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 25-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 27-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 10.941 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.74%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 4.9%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 3.4%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 5.2%-ია. ჯინის კოეფიციენტი 41-ს უტოლდება.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით მალაიზია 25-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 37-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 30-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 32-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― მე-8, გამჭვირვალობით ― 55-ე, საკუთრების უფლებებით ― მე-14, კორპორატიული მმართველობით ― მე-5, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 25-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით მალაიზიას მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 35-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 29-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 51-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით მალაიზია 33-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად სტაბილურია, 35-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 2.4%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 100-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით მალაიზია მე-20 ადგილზეა: შიდა კონკურენციით მე-11 ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 55-ეს; შრომის ბაზრის მიხედვით ― მე-20 ადგილზე: მოქნილობის ინდექსით მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 24-ეს.

მალაიზიაში ძალიან კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (მე-15 ადგილი): სიღრმით მე-15, ხოლო სტაბილურობით 28-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 24-ე ადგილს იკავებს. მალაიზიაში ძალიან კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (მე-18 ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 41-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― მე-4-ს.[13]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Report for Selected Countries and Subjects en. ციტირების თარიღი: 2022-05-18
  2. Regional Study on Labour Productivity in ASEAN en. ციტირების თარიღი: 2022-01-09
  3. The Global Competitiveness Report 2021 en. ციტირების თარიღი: 2022-06-09.
  4. Boulton, WilliaM; Pecht, Michael; Tucker, William; Wennberg, Sam. Electronics Manufacturing in the Pacific Rim, World Technology Evaluation Center, Chapter 4: Malaysia. Wtec.org (May 1997). ციტირების თარიღი: 1 November 2010
  5. Malaysia, A Statist Economy. Infernalramblings.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2010. ციტირების თარიღი: 1 November 2010
  6. High-technology exports (current US$) - Singapore, Malaysia, Thailand, Indonesia | Data.
  7. OEC - Palm Oil (HS92: 1511) Product Trade, Exporters and Importers. ციტირების თარიღი: 19 August 2017
  8. The Prime Minister's Office. The Security of the Straits of Malacca and its implications to the Southeast Asia regional security. Retrieved 26 November 2007. დაარქივებული 5 April 2008 საიტზე Wayback Machine.
  9. American University. Tin Mining in Malaysia. Retrieved 14 November 2007. დაარქივებული 7 August 2014 საიტზე Wayback Machine.
  10. Bank Negara. BNM National Summary Data Page დაარქივებული 6 February 2010 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 8 November 2007
  11. Malaysia becomes China's 3rd largest trade partner in Asia - Business - Chinadaily.com.cn.
  12. China, Malaysia target 60b trade volume[1- Chinadaily.com.cn].
  13. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 366-369.