ინდონეზიის ეკონომიკა

ინდონეზიის ეკონომიკა უდიდესია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მასშტაბით და გარდამავალ ეკონომიკას მიეკუთვნება. როგორც საშუალო შემოსავლის მქონე სახელმწიფო და დიდი ოცეულის წევრი ქვეყანა, ინდონეზია ახალინდუსტრიალიზებულ სახელმწიფოებს შორისაა.[1] იგი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით მე-17 ადგილზეა, ხოლო მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მე-7 ადგილზეა. 2019 წელს ინდონეზიის ციფრული ეკონომიკის მოცულობამ 40 მილიარდი $ შეადგინა და პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის 130 მილიარდ $-ს გაუტოლდება.[2] ინდონეზია შიდა ბაზარზე, მთავრობის ბიუჯეტის ხარჯვასა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებზეა დამოკიდებული (ცენტრალური მთავრობა 141 საწარმოს ფლობს). ინდონეზიის საბაზრო ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საბაზისო საქონლის (მათ შორის ბრინჯი და ელექტროენერგია) ფასების ადმინისტრირებაც. აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლების შემდეგ ეკონომიკის დიდი ნაწილი ინდონეზიელების მიერ ინდივიდუალურად ან უცხოური კომპანიების მიერ კონტროლდება.[3][4]

ჯაკარტა ― ინდონეზიის ფინანსური ცენტრი

1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ ინდონეზიის მთავრობამ კერძო სექტორის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინა საბანკო სესხებისა და კორპორატიული აქტივების მეშვეობით, სესხების რეკონსტრუქციის პროცესის დროს. რამდენიმე წლის შემდეგ კომპანიების პრივატიზაცია მოხდა. 1999 წლიდან ინდონეზიის ეკონომიკა აღდგა და საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 4-6%-ს გაუტოლდა.[5]

2012 წელს ინდონეზიამ ინდოეთს გადაუსწრო და დიდი ოცეულის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის მეორე ადგილი დაიკავა ჩინეთის შემდეგ.[6][7] 2020 წელს ინდონეზიის ეკონომიკის რეცესიის შედეგად ეკონომიკურმა ზრდამ -2.07% შეადგინა, რაც Covid-19-ის პანდემიით იყო გამოწვეული. 1997 წლის კრიზისის შემდეგ ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო. Covid-19-ის შეზღუდვების მოხსნისა და ექსპორტის ზრდის შემდეგ, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.69%-ით გაიზარდა.[8]

პროგნოზის თანახმად, 2045 წლისთვის ინდონეზიის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეოთხე იქნება. ჯოკო ვიდოდოს კაბინეტის გამოთვლებით ინდონეზიის მოსახლეობა 2045 წლისთვის 309 მილიონ ადამიანს მიაღწევს და 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდის შედეგად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 9.1 ტრილიონ $-ს გაუტოლდება. პროგნოზის თანახმად ერთ სულ მოსახლეზე ინდონეზიის შემოსავალი 29 000 $-ს გაუტოლდება.[9]

სექტორები

რედაქტირება

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება
 
პალმის ზეთის პლანტაცია. ინდონეზია ამ პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.

ინდონეზიის ეკონომიკის მთავარი სექტორი სოფლის მეურნეობაა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 14.43%-ს შეადგენს.[10] ამჟამად მიწების 30% გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და ამ სექტორში 49 მილიონი ადამიანია (სამუშაო ძალის 41%) დასაქმებული.[11] სოფლის მეურნეობსი მთავარ პროდუქტებს შორისაა: ბრინჯი, კასავა, არაქისი, კაუჩუკი, კაკაო, ყავა, პალმის ზეთი, კოპრა. ინდონეზიის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია პალმის ზეთის წარმოება. იგი მსოფლიოში პირველ ადგილზეა პალმის ზეთის წარმოებითა და მოხმარებით და მსოფლიო მოთხოვნის თითქმის ნახევარს აკმაყოფილებს.[12] 2007 წლისთვის პლანტაციები ქვეყნის მასშტაბით 6 მილიონ ჰექტარზე იყო გადაჭიმული.[13] თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პალმის ზეთის წარმოებასთან დაკავშირებით რიგი უარყოფითი სოციალური და გარემოსდაცვითი ფაქტორები არსებობს.

ზღვის პროდუქტები

რედაქტირება

2015 წელს ინდონეზიაში წარმოებული ზღვის პროდუქტების რაოდენობამ 22.31 მილიონ კუბურ ტონას გადააჭარბა, რომლის ღირებულებაც 18.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. 2011-2015 წლებში თევჭერა სტაბილურად ვითარდებოდა როგორც საზღვაო აკვატორიაში, ისე ხაკვაკულტურებში, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ უკანასკნელში თევწის მოპოვების მასშტაბები.[14]

ნავთობი და სამთამადნო წარმოება

რედაქტირება
 
გრასბერგის მაღაროში ოქროსა და სპილენძის ერთ-ერთი უდიდესი რეზერვია მსოფლიოში. იგი მიმიკის სარეგენტოში, ინდონეზიაში მდებარეობს

2008 წლამდე ინდონეზია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის წევრი ერთადერთი აზიური სახელმწიფო იყო. ამჟამად სახელმწიფო ნავთობის იმპორტიორია.

ინდონეზიას კალის უმსხვილესი ბაზარი აქვს მსოფლიოში. მინერალების წარმოება ტრადიციულად ორიენტირებული იყო ბოქსიტებზე, ვერცხლზე, კალაზე. სამთამადნო წარმოებაში წამყვანია სპილენძის, ნიკელის, ოქროსა და ნახშირის ექსპორტიც. 1999 წელს ნახშირის წარმოებამ 74 მილიონ კუბურ ტონას მიაღწია, ხოლო 2011 წელს 353 მილიონს. 2014 წლისთვის ინდონეზია მსოფლიოში ნახშირის მესამე უდიდესი მწარმოებელი იყო.[15]

სტატისტიკა

რედაქტირება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ინდონეზიას მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 45-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 50-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 3 870 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 2.59%-ია. უმუშევრობის დონე 4.3%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 36.9%-ია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით ინდონეზია 51-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 62-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― მე-12, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 39-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 54-ე, გამჭვირვალობით ― 77-ე, საკუთრების უფლებებით ― მე-60, კორპორატიული მმართველობით ― 57-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 68-ე.

 
ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარება ინდონეზიაში

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ინდონეზიას მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 72-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 55-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 89-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით კამბოჯა 72-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია, 54-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 3.5%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 80-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით კამბოჯა 49-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 45-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 62-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 85-ე ადგილზეა: მოქნილობის ინდექსით 119-ე, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 65-ე ადგილს იკავებს.

ინდონეზიაში საშუალო დონეზეა განვითარებული საფინანსო სისტემა (58-ე ადგილი): სიღრმით 56-ე, ხოლო სტაბილურობით 57-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა მე-7 ადგილს იკავებს. ინდონეზიაში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (29-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 44-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 25-ს.[16]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. G20 Presidency of Indonesia en-GB. ციტირების თარიღი: 2022-06-27
  2. „Indonesia poised to become Southeast Asian giant in digital economy“. Antara News. ციტირების თარიღი: 3 November 2019.
  3. Kemenperin – Ketika Swasta Mendominasi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-05. ციტირების თარიღი: 2022-11-02.
  4. 80 Persen Industri Indonesia Disebut Dikuasai Swasta (3 March 2015).
  5. Acicis – Dspp. Acicis.murdoch.edu.au. ციტირების თარიღი: 29 August 2011
  6. GDP growth (annual %). ციტირების თარიღი: 2017-08-05
  7. Why Indonesia's Apparent Stability Under Jokowi Is a Sign of Its Stagnation. ციტირების თარიღი: 2020-05-06
  8. Pertumbuhan Ekonomi 2020 -2,07% Terburuk Sejak Krismon 98 id. ციტირების თარიღი: 2021-02-05
  9. Indonesia Will be World's 4th Largest Economy by 2045, President Jokowi Says (2017-03-27). ციტირების თარიღი: 2021-05-25
  10. Suryowati, Estu (12 August 2014). „Satu Dekade, Kontribusi Pertanian terhadap PDB Menurun“. Kompas (ინდონეზიური).
  11. Pertanian di Indonesia (Agriculture in Indonesia). Indonesia Investments. ციტირების თარიღი: 5 December 2015
  12. McClanahan, Paige (11 September 2013). „Can Indonesia increase palm oil output without destroying its forest?“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 September 2013. ციტირების თარიღი: 17 September 2013.
  13. Palm Oil. Greenpeace. ციტირების თარიღი: 26 September 2013
  14. Fisheries Country Profile: Indonesia (June 2018). ციტირების თარიღი: 24 April 2021
  15. Coal Mining in Indonesia - Indonesian Coal Industry | Indonesia Investments. ციტირების თარიღი: 2020-05-06
  16. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 282-285.