მაკაოს ეკონომიკა
1999 წელს მაკაოს ჩინეთისთვის გადაცემის შემდეგ მაკაოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკაა მსოფლიოში. ეკონომიკის წამყვანი სექტორი ტანსაცმლის ექსპორტი და აზარტული თამაშების ტურიზმია. მაკაოს ნაყოფიერი მიწები არ აქვს და არც ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი, რის გამოც კონტინენტურ ჩინეთზეა დამოკიდებული საკვების, მტკნარი წყლისა და ენერგიის იმპორტის მხრივ. ნედლეულისა და კაპიტალური საქონლის მთავარი მიმწოდებლები იაპონია და ჰონგ-კონგი არიან. მართალია 1997-1998 წლების აზიის ფინანსური კრიზისისა და 2000-იანი წლების რეცესიის დროს მაკაო ძლიერ დაზარალდა, მაგრამ 2001-2006 წლებში მისი ეკონომიკა საშუალოდ 13.1%-ით იზრდებოდა.[1] მაკაო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრული წევრია.[2] ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის გადაცემის შემდეგ მაკაოში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აზარტული თამაშების ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლებით მაკაოს მთავრობამ სოციალური ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მაკაოს მოქალაქეთათვის 15 წლიანი უფასო განათლება უზრუნველყო.[3] 2015 წელს მაკაოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდა (26.4%-ით წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით), რაც მეტწილად ანტიკორუფციული კამპანიის დაწყების შემდეგ კონტინენტური ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების მიერ ნაკლები დანახარჯებით იყო განპირობებული.[4]
2007 წლის პირველი სამი კვარტლის მანძილზე მაკაოს მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით 31.7%-ით გაიზარდა.[1] კონტინენტური ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას მოგზაურობაზე შეზღუდვების შერბილებამ შეუწყო ხელი. მაკაოში აზარტული თამაშების ინდუსტრიის ლიბერალიზაციის შემდეგ ამ სფეროში ინვესტიციების ზრდამ ეკონომიკის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
მაკაოს პატაკას გარდა სარეზერვო ვალუტის ფუნქციას ჰონგ-კონგური დოლარი ასრულებს. მაკაოს პატაკასა და ჰონგ-კონგურ დოლარს შორის გაცვლითი კურსი თითქმის თანაბარია: 1 ჰონგ-კონგური დოლარი 1.03 მაკაოს პატაკას უდრის.[5] 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო მაკაომ კოლაფსი განიცადა და მისი ეკონომიკა 50%-ით შემცირდა.[6]
ისტორია
რედაქტირებაXVI საუკუნეში პორტუგალიელთა ჩასვლამდე მაკაო მეთევზეთა სოფელი იყო, სადაც 400-მდე ადამიანი ცხოვრობდა.[7] 1535 წელს პორტუგალიელმა ვაჭრებმა მაკაოს ნავსადგურებში გემების შეყვანისა და სავაჭრო საქმიანობის უფლებები ხელში ჩაიგდეს. პორტუგალიელი და ჩინელი ვაჭრების მოდინების შემდეგ მაკაო მალევე იქცა მნიშვნელოვან რეგიონულ სავაჭრო ცენტრად. იგი პორტუგალიისთვის ძალიან მომგებიანი სამი მთავარი სავაჭრო მარშრუტის ნაწილი იყო: მაკაო-მალაკა-გოა-ლისაბონი, გუანჟოუ-მაკაო-ნაგასაკი და მაკაო-მანილა-მექსიკა.[8] XVII-XVIII საუკუნეში პორტუგალიელთა ძალაუფლების შესუსტების შემდეგ სავაჭრო მარშრუტებს ნიდერლანდელმა და ბრიტანელმა ვაჭრებმა გაუწიეს კონკურენცია. 1842 წელს ჩინეთმა ბრიტანეთს ჰონგ-კონგი დაუთმო, რის შემდეგაც მაკაოს რეგიონული სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობა დაკნინდა, რადგანაც ვიქტორიას ღრმა წყლის ნავსადგურში უფრო დიდი გემები შედიოდნენ. მნიშვნელობის დაკნინების შესამცირებლად, 1848 წლიდან 1870-იანი წლების ადრეულ ხანებამდე მაკაო მონების სამარცხვინო ვაჭრობაში ჩაერთო, რომლებიც პლანტაციებსა და მაღაროებში სამუშოდ მიჰყავდათ. მაკაო სამხრეთ ჩინეთიდან კუბამდე, პერუმდე და სამხრეთ ამერიკის სხვა პორტებმდე სატრანზიტო პორტის ფუნქციას ასრულებდა.[8]
რეგიონული სავაჭრო ცენტრის ფუნქციის დაკარგვის შემდეგ მაკაოში წამყვანი დარგი კვლავ თევზჭერა გახდა. 1920-იანი წლების დასაწყისში მაკაოს 84 000 მკვიდრიდან 70%-ზე მეტი თევზჭერით იყო დაკავებული.[7] ამასობაში სხვადასხვა სახის ბიზნესმაც მოიკიდა ფეხი, როგორებიც იყო: მატჩები, ფოიერვერკების წარმოება, საკმევლის წარმოება, სათევზაო ნავების მშენებლობა და სხვ. ყველაზე მნიშვნელოვანი აზარტული თამაშების ბიზნესის განვითარება იყო. აზარტული თამაშები კანონიერად გამოცხადდა XIX საუკუნეში, რათა მაკაოს შემოსავლების წყარო გამხდარიყო. 1937 წელს კაზინოზე მონოპოლია Tai Xing Compan-მ მიიღო,[9] თუმცა კომპანია ზედმეტად კონსერვატიული იყო იმისთვის, რომ აზარტული თამაშების ეკონომიკური პოტენციალი მთლიანად გამოეყენებინა. 1962 წელს აზარტული თამაშების ყველა ფორმაზე მონოპოლია ჰონგ-კონგელი და მაკაოელი ბიზნესმენების მიერ ერთობლივად შექმნილ სინდიკატს, Sociedade de Turismo e Diversoes de Macau, გადაეცა. სინდიკატმა დასავლური სტილის თამაშები დანერგა და მაკაოსა და ჰონგ-კონგს შორის საზღვაო ტრანსპორტის მოდერნიზებაზეც იზრუნა, რის შემდეგაც ჰონგ-კონგიდან ყოველწლიურად მილიონობით აზარტული თამაშებით გატაცებული ადამიანის შემოდინებას შეუწყო ხელი.[7]
ვაჭრობა
რედაქტირება2011 წელს მაკაოს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 1.119 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და მისი დიდი ნაწილი ტანსაცმლის, ტექსტილის, ფეხსაცმლის, სათამაშოების, ელექტრონიკის, მანქანებისა და მათი ნაწილების ექსპორტზე მოდიოდა. ამავე პერიოდისთვის იმპორტის ღირებულებამ 8.926 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. საიმპორტო პროდუქციაში ძირითადად ნედლეული, სამომხმარებლო საქონელი (თამბაქო, სასმელები), კაპიტალური საქონელი, მინერალური საწვავი რესურსები და ნავთობი ჭარბობდა. 2011 წელს მაკაოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი ჰონგ-კონგი (44.6%) იყო. ექსპორტირებული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი კონტინენტურ ჩინეთსა (15.9%) და აშშ-ში (7.9%) გავიდა. მაკაოს უდიდესი საიმპორტო პარტნიორები იყვნენ: კონტინენტური ჩინეთი (30.4%), ჰონგ-კონგი (12%), საფრანგეთი (10.4%), შვეიცარია (7.5%), იტალია (7.5%), იაპონია (6.2%) და აშშ (6.1%).
XX საუკუნის მეორე ნახევარში მაკაოს ეკონომიკის გამრავალფეროვნებას მსუბუქი წარმოების განვითარებამ შეუწყო ხელი, რაც კონტინეტური ჩინეთიდან მიგრანტების შემოდინებითა და ტურიზმის განვითარებით იყო განპირობებული. მაკაოსა და ბრაზილიას, ასევე პორტუგალიელთა დაქვემდებარებაში მყოფ აფრიკულ კოლონიებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებისთვის პორტუგალიის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკაოს, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილის, ეკონომიკური როლის მნიშვნელოვანი ასპექტია ევროპის კავშირსა და ტაივანს შორის ეკონომიკური კავშირები. კონტინენტურ ჩინეთთან ვაჭრობას ჭუხაის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან პირდაპირი წვდომა უწყობს ხელს. მაკაო სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია და ფუნქციონირებს როგორც თავისუფალი პორტი და როგორც განცალკევებული საბაჟო ტერიტორია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებადამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Chan, S. S. (2000). The Macau Economy. Publications Centre, University of Macau. ISBN 978-99937-26-03-6.
- Fung, Bong Yin (1999). Macau: a General Introduction (zh). Joint Publishing (H.K.) Co. Ltd.. ISBN 978-962-04-1642-2.
- Gunn, Geoffrey C. (1996). Encountering Macau, A Portuguese City-State on the Periphery of China, 1557–1999. Westview Press. ISBN 0-8133-8970-4. https://www.amazon.com/dp/B07T96VCSF
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Economic statistics from Monetary Authority of Macao. AMCM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 23 December 2007
- ↑ WTO | Macao, China - Member information.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 28 December 2012
- ↑ Macau economy - introduction. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-24. ციტირების თარიღი: 2022-11-02.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 5 November 2012
- ↑ Collapse in Gambling Totally Crushes Macau's Overall Economy (10 June 2020). ციტირების თარიღი: 30 January 2021
- ↑ 7.0 7.1 7.2 Chan, S. S. (2000). The Macau Economy. Macau: Publications Centre, University of Macau. ISBN 978-99937-26-03-6.
- ↑ 8.0 8.1 Fung, Bong Yin (1999). Macau: a General Introduction (zh). Hong Kong: Joint Publishing (H.K.) Co. Ltd.. ISBN 978-962-04-1642-2.
- ↑ (2007) Macau Yearbook 2007. Government Information Bureau of the Macau SAR. ISBN 978-99937-56-09-5.