სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომისა (მრავალმნიშვნელოვანი).

ლომისა — უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთის სამხრეთით, 6-7 კილომეტრზე, მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე (ახალგორის მუნიციპალიტეტი). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ლომისას ჯაჭვი

სახელწოდება რედაქტირება

სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.

არქიტექტურული აღწერა რედაქტირება

კომპლექსში შედის წმინდა გიორგის ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე აკლდამა.

ეკლესია რედაქტირება

ნაგებობა გეგმით მარტივი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (14,5X7,8მ). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. ამჟამად ნახევრად მიწაში და ნანგრევებშია ჩამჯდარი. გადაკეთებულია მრავალჯერ, რის გამოც ინტერიერი მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია, დარბაზის თავდაპირველი გადახურვა შეცვლილია ახალი ცილინდრული კამარით, რომელიც საბჯენ თაღს ეყრდნობა. თაღს გასამაგრებლად შუაში შეყენებული აქვს დიდი სწორკუთხა ბურჯი - გრძივ კედლებზე გადაყვანილი თითო თაღით. დარბაზის დასავლეთ კუთხეებში თაღების პილასტრებია შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მინაშენიდან. შესასვლელის პირდაპირ, ჩრდილოეთ კედელში მსგავსი კარია, რომელიც დარბაზს ჩრდილო მინაშენთან აკავშირებს. აღმოსავლეთით ექვსი საფეხურით შემაღლებული სწორკუთხა საკურთხეველია, რომელიც დარბაზისგან ფართო პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღითაა გამოყოფილი. საკურთხეველი განათებულია აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილი თაღოვანი სარკმლით. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილო კედლებში თითო ყრუ თაღია, რომლებშიც მინაშენებში გამავალი თითო სწორკუთხა კარია მოწყობილი (სამხრეთის კარი ამოშენებულია). ორივე შესასვლელის ზემოთ თითო მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია, მსგავსი თითო ნიშია აღმოსავლეთ კედლის კიდეებთან. საკურთხეველში ორი ტრაპეზის ქვა დგას, ერთი - შუაში, მეორე (შემორჩენილია ნაწილი) - სარკმლის ქვემოთ. შეცვლილია საკურთხევლის გადახურვაც. კუთხეებში, 3 მეტრ სიმაღლეზე, გარდიგარდმო გადებული ბრტყელი ქვები, რაც კონქის ნახევარწრიულ საფუძველს ქმნის. ეკლესიის ორივე მინაშენი განივი კედლით ორ-ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან აღმოსავლეთ ნაწილები მხოლოდ საკურთხეველს უკავშირდება, დასავლეთისა - დარბაზს. აღმოსავლეთის ორივე სათავსში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. ერთი სწორკუთხა სარკმელია სამხრეთ მინაშენის დასავლეთ სათავსის დასავლეთ კედელში. სამხრეთ მინაშენის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიდგმულია თაღებიანი კარიბჭე, რომლის აღმოსავლეთ და დასავლეთ თაღები ამოშენებულია. ეკლესიას, მინაშენებს და კარიბჭეს ფიქლის სახურავი აქვს.

სამრეკლო რედაქტირება

ეკლესიის სამხრეთით დგას ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდელი შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად მისგან მხოლოდ ჩრდილო ნახევარია შემორჩენილი (პირველი სართულის ორივე ბურჯი და მეორე სართულის განაპირა ბურჯების ნაწილი). მეორე სართულზე ბურჯები შედარებით ვიწროა, რომელთა შორის თითო მსგავსი ბურჯი იყო მოთავსებული. სამრეკლოს პირველი სართული გადახურული იყო დაბალი კამარით. მეორე სართულის გადახურვის ფორმა არ დგინდება.

აკლდამები რედაქტირება

ეკლესიის ირგვლივ არსებული აკლდამებიდან ყველაზე უკეთ შემონახულია დასავლეთით მდებარე ერთი აკლდამა, რომელსაც კარი და სარკმელი აქვს. იგი გადახურულია კამარით, რომელიც პირდაპირ იატაკიდან იწყება.

სტატუსი რედაქტირება

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა რედაქტირება

  • გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 286.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 115-116, ISBN 978-99940-27-10-1.
  • გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, 1967, ტ. 3;
  • მაკალათია ს., მთიულეთი, ტფ., 1930;

სქოლიო რედაქტირება

[[კატეგორია:კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე]]