ლია მაჭავარიანი
ლია მაჭავარიანი (დ. 6 თებერვალი, 1960, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (2006).
ლია მაჭავარიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 თებერვალი, 1960 (64 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით.
1982-1990 წლებში მუშაობდა ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის ლაბორანტად. პერიოდულად (1982-1988) სტაჟირებას გადიოდა ქალაქ მოსკოვში ვასილი დოკუჩაევის სახელობის ნიადაგთმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაეუფლა ნიადაგთმცოდნეობის ახალ მიმართულებას — მიკროპედოლოგიას. 1990 წლიდან იმავე კათედრის მასწავლებელია, ხოლო 1992 წლიდან კათედრის დოცენტი. 1993-1999 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში გეოპოლიტიკის კათედრის გამგედ, სადაც მის მიერ დაარსებულ იქნა სამეცნიერო შრომების კრებული (1997, 1999). 1998-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს გეოგრაფიის კათედრა, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, დოცენტი. 2003-2005 წლებში დეკანის მოადგილე. 2007-2011 წლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი. 2006-2012 წლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 2012 წლიდან პროფესორი. 1992 წელს მიწვეული იყო გერმანიაში (ბავარია) ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტოს პროგრამით სემინარზე — ეროზიებთან, ღვარცოფებთან და ზვავებთან ბრძოლის ბიოლოგიურ-ტექნიკური მეთოდების გასაცნობად, ხოლო 1997 წელს მიწვეული იყო ფილიპსის სახელობის მარბურგის უნვიერსიტეტში (გერმანია), სადაც გაიარა გეოინფორმაციული სისტემებისა და დისტანციური კვლევის კურსები, 2002 წელს კი ქალაქ თელ-ავივში (ისრაელი) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ „მაშავის“ პროგრამით ორგანიზებული აგრომეტეოროლოგიური კურსები. საპატრიარქოს რადიო „ივერიაში“ მიჰყავდა გადაცემა საქართველოს გეოგრაფიაში (2001). მას არაერთ სამეცნიერო სიმპოზუმსა და სემინარის მუშობაში აქვს მიღებული მონაწილეობა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და სასწავლო-მეთოდური ნაშრომები. მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამით გამოცხადებულ სამეცნიერო პროექტების შესრულებაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული „ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების უწყებათშორისი კომისიის“ წევრი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის „გეოგრაფია“ ხელმძღვანელი. სამაგისტრო პროგრამის „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ თანახელმძღვანელი. სადოქტორო პროგრამის „გამოყენებითი ეკოლოგია“ ხელმძღვანელი. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული „გამოყენებითი ეკოლოგიის“ ინსტიტუტის დირექტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საქართველოს სუბტროპიკული ეწერი ნიადაგების მიკრომორფოლოგია და მიკროქიმია“, დაიცვა 1989 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ნიადაგების კლასიფიკაცია : სახელმძღვ. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013, გვ. 200 ISBN 9789941132766
- ბუნება, თბილისი, პალიტრა L, 2013, გვ. 295 ISBN 9789941198977
- გამოყენებითი ეკოლოგიის საფუძვლები : სახელმძღვ. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013, გვ. 262 ISBN 9789941132933
- ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტური დაგეგმარება, თბილისი, უნივერსალი, 2012, გვ. 132გვ ISBN 9789941176326
- ნიადაგების გეოგრაფია ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებით : სახელმძღვ. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2011, გვ. 426 ISBN 9789941132230
- სახალისო გეოგრაფია: (სად? როგორ? რატომ?) : საკითხავი წიგნი გეოგრაფიაში ზოგადსაგანმ. სკ. მოსწ. თბილისი, ცისარტყელა, 2004, გვ. 152
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 189-190