ლევ იაშინი (რუს. Лев Иванович Яшин; დ. 22 ოქტომბერი, 1929, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი ― გ. 20 მარტი, 1990, იქვე) ― რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. იცავდა მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის მფლობელი მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 1960 წლის ევროპის ჩემპიონი და 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1958 წლის შვედეთის, 1962 წლის ჩილეს, 1966 წლის ინგლისის და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957).[1][2] ლენინის ორდენის კავალერი, სოციალისტური შრომის გმირი (1990). ერთადერთი მეკარე ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც ოქროს ბურთი გადაეცა, როგორც ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელს (1963). XX საუკუნის საუკეთესო მეკარე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის[3][4][5], World Soccer-ის, France Football-ისა[6] და სხვათა ვერსიებით.

ლევ იაშინი
Lev Yashin.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლევ ივანეს ძე იაშინი [1][2]
დაბადების
თარიღი
22 ოქტომბერი, 1929
დაბადების
ადგილი
მოსკოვი, რსფსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
20 მარტი, 1990 (60 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რსფსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 189 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1945 კრასნი ოქტიაბრი ტუშინო
1949–1950 დინამო მოსკოვი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1950–1970 დინამო მ. 326 (0)
ეროვნული ნაკრები
1954–1967 სსრ კავშირი 78 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

16-ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან 13-ჯერ პირველ ნომრად.[7][8]

ბიოგრაფიარედაქტირება

ლევ იაშინი დაიბადა ქალაქ მოსკოვის ბოგოროდსკის რაიონში, ივან პეტროვიჩისა და ანა პეტროვნას ოჯახში. ბავშვობა სწორედ ამ რაიონში გაატარა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 12 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად ევაკუირებულ იქნა ულიანოვსკში, სადაც 1943 წლის გაზაფხულზე ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მოსკოვში 1944 წელს დაბრუნდა და ქარხანაში განაგრძო მუშაობა, მთელ თავისუფალ დროს კი საყვარელ თამაშს უთმობდა; ტუშინის ნაკრებ გუნდში მეკარედ თამაშობდა.

1949 წელს ლევ იაშინი მოსკოვის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა, მალე კი ალექსეი ხომიჩის შემცვლელი გახდა. ის კარიერის დასრულებამდე ამ კლუბში გამოდიოდა.

თავისი სპორტული კარიერის დასაწყისში ლევი ყინულის ჰოკეისაც თამაშობდა (1950—1953 წლებში). 1953 წელს საბჭოთა კავშირის თასის გამარჯვებული და ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ჰოკეიში. 1954 წელს ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის წინ ის ნაკრების წევრობის კანდიდატიც იყო, თუმცა კონცენტრაციის ფეხბურთზე გადატანა ამჯობინა.

მოსკოვის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება რთული იყო. გუნდის ძირითად მეკარედ ცნობილი ალეკსეი ხომიჩი ითვლებოდა, რომელსაც გულშემატკივრებმა მეტსახელად „ვეფხვი“ შეარქვეს. ლევ იაშინი გუნდის ძირითადი მეკარე 1953 წელს გახდა.

კლუბთან ერთად ლევ იაშინი 5-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1954, 1955, 1957, 1959, 1963), ხოლო 3-ჯერ — ქვეყნის თასის მფლობელი (1953, 1967, 1970).

1954 წლიდან ლევ იაშინი საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე გახდა. მის შემადგენლობაში სულ 78-ჯერ ითამაშა.[9] ნაკრებთან ერთად მოიგო 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშები და 1960 წლის ევროპის ჩემპიონატი.

ნაკრების შემადგენლობაში ლევმა 3-ჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე: 1958 წელს შვედეთში, 1962 წელს ჩილეში და 1966 წელს ინგლისში. საუკეთესო შედეგს 1966 წელს მიაღწია, როდესაც ნაკრები მე-4 ადგილზე გავიდა. ასევე გამოცხადებული იყო მესამე მეკარედ 1970 წლის მექსიკის ჩემპიონატზე, თუმცა არ უთამაშია.

ლევ იაშინმა 1963 წელს, ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე, მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო მატჩში, რომელიც ინგლისური ფეხბურთის 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

მთელ მსოფლიოში ლევს შერქმეული ჰქონდა მეტსახელები: „შავი პანტერა“ — შავი სათამაშო ფორმისა და აკრობატული ნახტომებისათვის; ასევე „შავი ობობა“ და „შავი რვაფეხა“ — გრძელი ხელების გამო.

1963 წელს ჟურნალ „France Football-სგან“ მიიღო „ოქროს ბურთი“. ის დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად.

1971 წლის 27 მაისს შედგა ლევ იაშინის გამოსამშვიდობებელი მატჩი, რომელსაც 103,000 მაყურებელი დაესწრო. ერთმანეთს შეხვდნენ საბჭოთა კავშირის სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ნაკრები გუნდი (მოსკოვის, კიევისა და თბილისის წარმომადგენლები) და მსოფლიოს ვარსკვლავთა ნაკრები, რომლის რიგებში ითამაშეს ეუსებიომ, ბობი ჩარლტონმა, გერდ მიულერმა და სხვებმა. მოედნის დატოვებისას ლევმა თავისი ხელთათმანები სიმბოლურად გადასცა „დინამოს“ 23 წლის მეკარეს, ვლადიმერ პილგუის. მატჩი ფრედ, 2–2 დასრულდა.

მიღწევებირედაქტირება

  დინამო მოსკოვი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1954, 1955, 1957, 1959, 1963
  • ვიცე-ჩემპიონი: 1950, 1956, 1958, 1962, 1967, 1970
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1960
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1953, 1967, 1970

სანაკრებორედაქტირება

  სსრ კავშირი
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები
  • ჩემპიონი: 1956
ევროპის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1960[10]
  • ვიცე-ჩემპიონი: 1964

ინდივიდუალურირედაქტირება

  • საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარე: 1960, 1963, 1966
  • ოქროს ბურთის მფლობელი: 1963
  • ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1960[10]
  • საბჭოთა კავშირის ორმოცდაათწლეულის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1967
  • XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი Placar-ის ვერსიით: 1999 [11]
  • ყველა დროის 100 უდიდესი ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით: 1999
33 საუკეთესო
  • №1: 1955, 1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1968
  • №2: 1953
  • №3: 1967, 1969

ლიტერატურარედაქტირება

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Винокуров В. И. 1972, გვ. 370–371.
  2. 2.0 2.1 Соскин А. М. 1972, გვ. 370–371.
  3. Stokkermans, Karel. IFFHS' Century Elections. RSSSF. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი, 2019.
  4. World - Keeper of the Century. Prepared and maintained by Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 21 დეკემბერი, 2019.
  5. The World’s best Goalkeeper of the Century.
  6. France Football’s Football Player of the Century.
  7. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 21 დეკემბერი, 2018.
  8. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 21 დეკემბერი, 2018.
  9. მჭედლიშვილი, კ. 1975, გვ. 122.
  10. 10.0 10.1 1960 UEFA European Championship · Team of the Tournament: Lev Yashin, Igor Netto, Valentin Ivanov, Slava Metreveli, Viktor Ponedelnik (All Soviet Union), Vladimir Djurković, Milan Galić, Dragoslav Šekularac, Borivoje Kostić (All Yugoslavia), Ladislav Novák, Josef Masopust (Both Czechoslovakia) · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 30 ივნისი, 2013. წყარო: UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
  11. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.