ლელა წურწუმია

ქართველი მომღერალი
(გადამისამართდა გვერდიდან ლაივ (ალბომი))

ლელა წურწუმია (დ. 12 თებერვალი, 1969, თბილისი) — ქართველი პოპ-მომღერალი. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ დასახელდა 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად.[1] „სტუდია თბილისის“ ინტერნეტ-მაღაზიაში ეს ალბომი დღემდე ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომთა ათეულს ლიდერობს.[2] 2006 წელს ლელამ ჩამოაყალიბა საკონცერტო ბენდიც, რომელთან ერთად შემდგომში თავის სიმღერებს ასრულებდა. საქართველოს გარდა ის გარკვეული პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. 2006 წელს გამოუშვა საუკეთესო სიმღერების კომპილაცია აშშ-სა და ისრაელში. იმავე წელს, ერთ-ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში წლის ტელესახეებს შორის პირველ ათეულში მოხვდა.[3] მან ქართველ მაყურებელს შესთავაზა ერთ-ერთი პირველი კოსტიუმირებული სოლო-კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით.[4] ზოგ გამოკითხვაში სახელდება როგორც ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალი[5] ამჟამად მიჰყავს გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მთავარ არხზე.[6]

ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1969 (1969-02-12) (55 წლის), თბილისი
დაბ. ადგილი თბილისი
წარმოშობა დროშა: საქართველო საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპი, სოული, ფოლკლორი, ეთნომუსიკა
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1991 დღემდე
ლეიბლ(ებ)ი არტ-იმედი
საიტი lela.ge

ოჯახი, ცხოვრების ადრეული წლები

რედაქტირება

ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი და ლექტორი იყო, ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე, უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლიდან აქტიურად იწყებს მუსიკის სფეროში გარკვევას, დადიოდა ვოკალის პედაგოგებთან.

მუსიკალური განათლება

რედაქტირება

ლელა წურწუმია 1986—1988 წლებში სწავლობდა თბილისის საცირკო — საესტრადო სასწავლებელში, 1990 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მუსკომედიის ფაკულტეტზე, 1992 წელს კი გადავიდა სამსახიობო ფაკულტეტზე. 1994—1996 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში, ვოკალის განხრით. თეატრალურ-მუსიკალური განათლება და გამოცდილება მას დაეხმარა შეექმნა მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური იმიჯი, შესრულების მანერა.

პოპულარობის მოხვეჭამდე ლელა 1988 წელს ხდება ფილარმონიის სოლისტი, იმავე წელს მღერის ანსამბლ „თაიგულში“ 1996—1999 წლებში მღეროდა რესტორან „ევროპაში“, სადაც ყოველ საღამოს ბენდთან ერთად ცოცხლად ასრულებდა ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს. იმ დროისათვის იმავე რესტორანში მუშაობდა მისი მომავალი მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი. კახამ, იგივე მამულიჩამ შენიშნა ახალგაზრდა მომღერალი გოგონა და მალე მათ ერთმანეთი გაიცნეს. როგორც შემდგომში მამულიჩა იხსენებს, მან ლელაში დაინახა ის პოტენციალი, რომლის სათანადო რეალიზების შემთხვევაშიც ქართულ სცენას ახალ ვარსკვლავს შემატებდა. ასე დაიწყო საქმიანი ურთიერთობა, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი სხვა გრძნობაში გადაიზარდა.

მამულიჩა ამ პერიოდიდან ლელას პროდიუსერი გახდა. ერთობლივმა მუშაობამ შედეგი მალე გამოიღო. ლელა წურწუმიას მიერ შემოთავაზებულმა პირველივე სიმღერამ, კლიპმა, ალბომმა და კონცერტმა მსმენელების აღიარება მოიპოვა და განხილვის საგნად იქცა. ამ პერიოდის მის სიმღერათა შორის იყო „მინდა გიმღერო ისევ“ და „პაემანი“. ეს მელანქოლიური სიმღერები მომენტალურად გახდა ჰიტი.

სევდით სავსე სიმღერები შეცვალა „რად მინდოდამ“. 1999, რომელზეც ისრაელში, ქალაქ აშდოდში კლიპი გადაიღეს. კლიპი აღსანიშნავია იმით, რომ მასში არის იმ დროისათვის საკმაოდ თამამი კადრები, შიშველი სხეულის ნაწილები.

ამასობაში ლელა წურწუმიამ მუშაობა დაიწყო თავის პირველ ალბომზე და 2000 წლის მაისში მსმენელს უკვე შესაძლებლობა მიეცა აუდიოკასეტებზე მოესმინა ალბომი, რომელსაც მომღერალმა და მისმა პროდიუსერმა სახელად „პაემანი“ შეარქვეს. ალბომი ძირითადად ქალაქური, ლირიკული სიმღერებისგან შედგებოდა, რამაც თავდაპირველად გაამართლა, მაგრამ მომღერალმა და მისმა პროდიუსერმა გადაწყვიტეს მსმენელისათვის მომავალში სხვა მუსიკა შეეთავაზებინათ. ამიტომ მუშაობა ახალ ალბომზე დაიწყეს და პარალელურად ემზადებოდნენ პირველი სოლო კონცერტისათვის.

ლელას, მამულიჩას და პროფესიონალთა გუნდის 6 თვიანი ერთობლივი შრომის შედეგად 2000 წლის სექტემბერში შედგა ლელა წურწუმიას პირველი სოლოკონცერტი ფილარმონიაში. ეს იყო პირველი გრანდიოზული შოუ კონცერტი საქართველოში, თეატრალური დადგმებით, კოსტიუმირებული სანახაობით და რაც მთავარია, ენერგიული რიტმებით. განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა ფინალური სიმღერის, სამბას შესრულებამ. ქორეოგრაფიამ, თამამმა ჩაცმულობამ და ენერგიულმა რიტმებმა მაყურებლების ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ლელას რიგით მეორე ალბომი „ოცნება შენზე“ გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა სადებიუტო ალბომისაგან განსხვავებით. მასში სწორედ ის სიმღერები იყო შესული, რომელთა პრემიერაც კონცერტზე მოხდა. ალბომის რეპერტუარი მკვეთრად განსხვავდებოდა წინასაგან და გაჯერებული იყო დასავლური პოპის, ლათინოამერიკული რიტმებისა და მსუბუქი ჯაზის ელემენტებით, რაც სიახლე იყო მაშინდელი ქართული მუსიკისათვის. ამ მოკლე პერიოდში ლელა წურწუმია რეიტინგების სათავეში მოექცა და გამოკითხვებში სახელდებოდა, როგორც საუკეთესო მომღერალი და ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ქალბატონი.[7]

კრიზისული პერიოდი, II სოლოკონცერტი

რედაქტირება

ლელას პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, მაგრამ ლამაზი სანახაობები, მაღალი დონის მუსიკოსების მიერ დამუშავებული სიმღერები, ძვირადღირებული კლიპმეიკერების გადაღებული კლიპები, სასცენო ჩაცმულობა და ა. შ. საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მართალია ლელას ალბომები მაღალი ტირაჟით იყიდებოდა და კონცერტები ანშლაგით ტარდებოდა, მაგრამ ხარჯი შემოსავალზე მეტი იყო, ამიტომ 2002 წლისათვის არა მხოლოდ ლელას, არამედ მთელ ესტრადას კრიზისული პერიოდი დაუდგა. ლელამ და მისმა მეუღლემ, პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2 წლიანი პაუზის შემდეგ მეორე სოლოკონცერტი შეეთავაზებინათ მაყურებლისათვის. 2002 წლის მაისში კი მას-მედიით უკვე გადაიცემოდა ლელა წურწუმიას ახალი სოლოკონცერტის რეკლამა.

მაისის ბოლოს, გაზაფხულის თბილ ამინდში სპორტის სასახლესთან უამრავი ხალხი იდგა — ლელა წურწუმია კონცერტს მართავდა. კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. შესრულდა ლელას საუკეთესო სიმღერები. მათ შორის იყო „ჩუმად ნათქვამი“ — სიმღერა, რომელიც მომღერალმა მისი საუკეთესო მეგობრის გიორგი სანაიას ხსოვნას მიუძღვნა. ლელა წურწუმია საათნახევარი მღეროდა მაყურებლისათვის, ნახევრად ცოცხალ კონცერტზე. „ეს იყო ყველაზე მომგებიანი და კომერციული შოუ, რაც კი გაგვიმართავს“ — აცხადებდა კონცერტის ბოლოს პროდიუსერი კახა მამულაშვილი.

კრიზისული პერიოდი ლელას შემოქმედებაში დასრულდა.

არტ-იმედი და შემდგომი პერიოდი (2002—2007)

რედაქტირება
მუსიკალური ნაწყვეტები:

2002 წელს თბილისში მეცენატმა და ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა ჩამოაყალიბა საპროდიუსერო კომპანია ART-იმედი. მასში გაწევრიანებული იყვნენ ისეთი მომღერლები, როგორიცაა: მერაბ სეფაშვილი, ნატო მეტონიძე, ეკა კვალიაშვილი, ეკა მამალაძე, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი და სხვა. მათ შორის იყო ლელა წურწუმია, რომელიც იყო კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი. მომღერალმა ამ კომპანიის მიერ გამართულ ფაქტობრივად ყველა პროექტში მიიღო მონაწილეობა და მერაბ სეფაშვილთან ერთად არტ-იმედის სახედ იქცა. 2003 წელს პოპულარული ალბომის „სულელი წვიმის“ გამოშვების შემდეგ ლელას კიდევ ერთი წარმატებული სოლოკონცერტი 2004 წლის 7 დეკემბერს შედგა სპორტის სასახლეში. ამას მოჰყვა ალბომის მხარდასაჭერი ტურნე საქართველოს მასშტაბით და საგასტროლო ტურნეები გერმანიაში, ისრაელსა და საბერძნეთში სადაც ქართველი ემიგრანტებისათვის ადგილობრივ საკონცერტო დარბაზებში 10-მდე კონცერტი გამართა.

ტურნედან დაბრუნებულმა რამდენიმე ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა. 2007 წელს ლელა გაერთიანდა ლეიბლში Art Lend, რომლის დახმარებითაც მისი ალბომები მსოფლიოს სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიებში დაიდო. ეს ალბომებია: წამებს შენთვის ვინახავ, LIVE - Lela Tsurtsumia და იამო ჰელესა (ლაზური ალბომი)[8][9] 2007 წლის ზაფხულში ლელა თავის ბენდთან ერთად მიიწვიეს თურქეთში, არხავის ხელოვნებისა და კულტურის 35-ე საერთაშორისო ფესტივალზე.

მუსიკალური ტელე პროექტები, სოლო კონცერტები (2012–დღემდე)

რედაქტირება

2012 წელს მიიღო მონაწილეობა პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. 2013 წელს იყო მწვრთნელი ტელეპროექტ „ახალი ხმაში“. იყო პროექტების „მხოლოდ ქართული“ და „X ფაქტორი“. 2014 წელს დუტა სხირტლაძესთან ერთად მიჰყავდა „ორი ვარსკლავი“. 2018 წელს მაისში გამართა სოლო-კონცერტი თბილისის ფილარმონიაში. 2019 წლის ოქტომბერში თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა მისი სოლო-კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, რო­მე­ლიც მისი 50 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა. 2020 წლიდან მიჰყავს გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“, „მთავარ არხზე“.

საკონცერტო ბენდი

რედაქტირება

ლელა წურწუმიამ 2006 წელს, ერთდროულად ორი ალბომის გამოშვების შემდეგ შექმნა საკუთარი საკონცერტო ბენდი. ინტენსიური მუშაობა ზაფხულში დაიწყო და აგვისტოს თვეში ლელამ და მისმა ბენდმა უკვე ერთობლივი ტურნე დაიწყეს კონცერტების გამართვით. ქალაქ ზუგდიდში კონცერტს 40 000-მდე მაყურებელი დაესწრო.[10] ინტენსიური რეპეტიციები კვლავაც გრძელდებოდა. ახალი წლისათვის ჩაიწერა ლელას და მისი ბენდის სოლოკონცერტი, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გადასცა თავის ეთერში. ახალი წლის შემდეგ კი გამოვიდა ალბომი LIVE - Lela Tsurtsumia — ამ კონცერტის DVD, CD და MC ვერსიები. ეს გხლავთ ლელა წურწუმიას პირველი DVD დისკი. როგორც მისი საიტი იტყობინება, LIVE — Lela Tsurtsumia აქამდე საქართველოში გამოშვებული ყველაზე მაღალი ხარისხის ჩანაწერია. 2007 წლის 9 და 11 მარტს ლელა წურწუმიამ ბენდთან და ქორეოგრაფიულ ჯგუფ „ვერნისაჟთან“ ერთად საბერძნეთში ორი სოლოკონცერტი გამართა ქალაქებში: სალონიკი და ათენი.

ბენდის წევრები არიან:

  • კლავიში: ირაკლი მენთეშაშვილი
  • საქსოფონი: ჭაბუკა ამირანაშვილი
  • კლავიში: მაია კაჭკაჭიშვილი
  • ბას-გიტარა: ლაშა აბაშმაძე
  • სოლო გიტარა: ლევან შარაშიძე
  • პერკუსია: რამაზ ხუდოევი
  • დასარტყმელი საკრავი: ნიკა აბაშმაძე
  • ბეკ-ვოკალი: გვანცა კაჭკაჭიშვილი, რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე
  • ხმის რეჟისორი: კოტე ნონიკოვი

დისკოგრაფია

რედაქტირება

ლელა წურწუმიას გამოშვებული აქვს 12 ალბომი, აქედან — 7 სტუდიური, 3 საუკეთესო სიმღერების კომპილაცია, ერთი საკონცერტო ალბომი, ერთი სინგლი, ხოლო 2 ალბომი - საზღვარგარეთ. მისი ალბომებიდან საქართველოში რეკორდული რაოდენობით გაიყიდა „სულელი წვიმა“.[1]

სტუდიური ალბომები

რედაქტირება

კომპილაციები

რედაქტირება

ცოცხალი ჩანაწერები

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმი როლი შენიშვნები
1991 „ერთი ბედის ანოტაცია“ ფილმი
1992 „ხაფანგი“ ფილმი
1994 „ერთაწმინდა“ ფილმი
1994 „ოჩაბამბა“ ფილმი
2011 „გარიგება 2 (20 წლის შემდეგ)“ ფილმი
2011 „დარჩი ჩემთან“ ფილმი

კონკურსები, ფესტივალები

რედაქტირება
  • 1986 — კონკურსი „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ — ლაურეატი
  • 1989 — „პრესტიჟ შოუ“ — ლაურეატი
  • 1994 — კონკურსი „იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი“ მონაწილე
  • 1995 — ფესტივალი „ხელები“
  • 1996 — ფესტივალი „მარგარიტა“
  • 2000 — „ეკო“ — გამარჯვებული 2 ნომინაციაში
  • 2001 — „მეგა“ — გამარჯვებული 4 ნომინაციაში
  • 2001 — „სტუდენტური ფესტივალი“ გამარჯვებული 1 ნომინაციაში
  • 2002 — „მეგა“ გამარჯვებული 3 ნომინაციაში
  • 2002 — "სტუდენტური ფესტივალი " — გამარჯვებული 1 ნომინაციაში
  • 2002 — „შავი ზღვის უნივერსიტეტი“ — ვარსკვლავი
  • 2003 — „მეგა“ — გამარჯვებული 2 ნომინაციაში
  • 2003 — ხობის მეგრული სიმღერის ფესტივალი, მონაწილე
  • 2007 — ლელა წურწუმია და მისი ბენდი ლაზური ალბომით „იამო ჰელესსა“, არხავის საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი, თურქეთი [11]

კინოროლები

რედაქტირება

ლელა წურწუმია სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა მხატვრულ ფილმებში:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-08-22. ციტირების თარიღი: 2007-07-11.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-02. ციტირების თარიღი: 2007-07-11.
  3. http://www.cjes.ru/lenta/view_news.php?id=3&year=2007&lang=eng
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2007-07-11.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-22. ციტირების თარიღი: 2007-07-12.
  6. გადაცემის გვერდი მთავარი არხის ოფიციალურ საიტზე
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2007-07-11.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2007-07-12.
  9. http://www.musicload.de/item.ml?releaseid=2556375_2
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2007-07-11.
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2007-08-04.
  12. http://www.imdb.com/title/tt0843267/
  13. http://www.imdb.com/title/tt0794106/
  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.