ლავური ნაკადი
ლავური ნაკადი ან ლავური ღვარი — ლავის განლაგების ფორმა, რომელიც წარმოიქმნება ლავის ამონთხევის შედეგად. წარმოადგენს სიგრძეში გადაჭიმულ გეოლოგიურ სხეულს, რომლის სიგრძე და სიგანე დამოკიდებული ლავის სიბლანტეზე და ტერიტორიის დახრილობაზე. ჩვეულებრივ, მჟავა ლავური ნაკადის სიგრძე უმნიშვნელოა (1-10 კმ) თუმცა დამახასიათებელია დიდი სისქე (25-30 მ). ბაზალტური ლავური ნაკადებისთვის ნიშანდობლივია დიდი სიგრძე (რამდენიმე ათეული კილომეტრი), შედარებით მცირე სიგანე და სისქე. ნაკადის სიჩქარე აგრეთვე დამოკიდებულია ლავის სიბლანტეზე და რელიეფზე. ლავური ღვარების ყველაზე დიდი სიჩქარე შეინიშნება ვულკანური კრატერიდან ლავის გადმოდინებისას, ხოლო შემდეგ გზის გაგრძელებისას სიჩქარე თანდათანობით იკლებს.[1]
ყველაზე დიდი სიჩქარე ახასიათებთ აა-ს ლავებს (24 კმ/სთ). ბლანტი ლავის სიჩქარე შედარებით უმნიშვნელოა. პრეისტორიულ პერიოდში ისლანდიის ვულკან ტროლია-დანგიადან (სიმაღლე 1468 მ) ლავის ამონთხევის შედეგად შეიქმნა ლავური ნაკადი, რომლის სიგრძეა 120 კმ.[1] ავსტრალიაში ცნობილია ლავური ნაკადი, რომლის სიგრძეა 160 კმ (უნდარის ვულკანური ეროვნული პარკი). დიდი ლავური ნაკადები გააჩნიათ აგრეთვე ისლანდიის ვულკან ლაკს (60 კმ) და იაპონიის ვულკან ასამა-იამას (80 კმ). ლავური ნაკადების ზედაპირი ზოგჯერ ხეობებითაა გართულებული, ზოგჯერ მასზე წარმოდგენილია მცენარეულობა.
ლავა თანდათანობით ცივდება, ხოლო შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში ჩერდება (დამოკიდებულია გადმოდინების სისქეზე). ამასთანავე ღვარზე წარმოქმნილი მცენარეულობა, ზოგჯერ ნამდვილ ტყეში გადადის. ნაკადები ზოგჯერ, თავის ბოლოს, ტბაში, ან სულაც ზღვაში პოულობენ.
საქართველოში ფართოდ არის განვითარებული ლავური ნაკადები (ღვარები), რომლებიც ხაზობრივად არის წარმოდგენილი და კლასიკურად გამოხატულია სამხრეთ საქართველოსა და ყელის რაიონში. ზოგი მათგანი მოკლე სიგრძით გამოირჩევა, ზოგსაც კი პირიქით, დიდი სიგრძე ახასიათებს. საქართველოს ყველაზე დიდი ლავური ნაკადია — ხუნანის ლავური ღვარი (სიგრძე 120-125 კმ), რომელიც მეოთხეულში ჯავახეთის ქედის სამხრეთი კალთებიდან ჩამოვიდა და თავისი ბოლოებით მარნეულის ვაკემდე მიდის (უფრო ზუსტად მდინარე ხრამის ხეობამდე), სადაც აქ ალუვიონითაა დაფარულია. აშკარად ჩანს, რომ ხუნანის ლავური ღვარი, ბარის ტერიტორიაზე, რამდენიმე მდინარის პალეოხეობებითაა ჩამოსული და გართულებულია ტექტონიკური პროცესებით.[2]
ჩვენში მოიპოვება სხვა ლავური ღვარებიც, რომლებიც შედარებით პატარა სიგრძით გამოირჩევიან. მეოთხეულში ჯავახეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიიდან ჩამოწოლილია ღვარი, რომელიც დაახლოებით ასპინძამდე მიდის. რამდენიმე ლავური ნაკადია წამოსული ასევე ყელის ზეგნის სხვადასხვა ნაწილებიდან, მ. შ. გერმუხის ქედიდან ჩამოსულ ლავურ ღვარს 3 კმ სიგრძე აქვს და რომელიც სოფელ ქნოღომდე მიდის. ან მაღრან-დვალეთის ლავური ღვარი (სიგრძე 15 კმ), რომლის ზედაპირი ქვებითაა გართულებული. ლავური ღვარები არსებობს აგრეთვე მცირე კავკასიონზე (თორის რაიონი).[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Геологический словарь, Том I, м—я. Государственное научно-техническое издательство литературы по геологии и охране недр. М., 1955
- ↑ 2.0 2.1 მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 31/173-174 თბ. 1964.