კრისტიან III
კრისტიან III (დან. Christian 3., ნორვ. Christian III; დ. 12 აგვისტო, 1503 — გ. 1 იანვარი, 1559) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ I-ისა და ანა ბრანდენბურგელის ვაჟი. 1533 წელს, მამის დაღუპვის შემდეგ დაიწყო ბრძოლა სამეფო ტახტისთვის, რაც ერთ წელს გაგრძელდა. ეს პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც „უმეფობის ხანა“, რომელიც 1534 წელს დასრულდა კრისტიანის ტახტზე ასვლით. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის ისტორიაში პირველი ლუთერანი მონარქი, რამაც ამ ქვეყნებში ფაქტობრივად დაასრულა პროტესტანტული რეფორმაცია.
კრისტიან III | |
---|---|
დანიისა და ნორვეგიის მეფე | |
კორონაცია: | 12 აგვისტო, 1537, კოპენჰაგენი |
მმართ. დასაწყისი: | 4 ივლისი, 1534 |
მმართ. დასასრული: | 1 იანვარი, 1559 |
წინამორბედი: | ფრედერიკ I |
მემკვიდრე: | ფრედერიკ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 აგვისტო, 1503 |
დაბ. ადგილი: | შლეზვიგი, დანია |
გარდ. თარიღი: | 1 იანვარი, 1559, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოლინგი, დანია |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, როსკილე, დანია |
მეუღლე: | დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი |
შვილები: |
ანა, საქსონიის კურფიურსტი ფრედერიკ II, დანიის მეფე მაგნუსი, ჰოლშტაინის ჰერცოგი ჰანს II, შლეზვიგის ჰერცოგი დოროთეა, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | ფრედერიკ I, დანიის მეფე |
დედა: | ანა ბრანდენბურგელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაკრისტიანი დაიბადა 1503 წლის 12 აგვისტოს. იგი იყო დანიის მეფე კრისტიან I-ის ნაბოლარა ვაჟის, შლეზვიგის ჰერცოგ ფრედერიკისა და მისი პირველი ცოლის, ანა ბრანდენბურგელის პირველი ვაჟი. მართალია მისი მშობლები კათოლიკეები იყვნენ, მაგრამ ძლიერი გადახრა ჰქონდათ ლუთერანიზმისკენ, რის გამოც კრისტიანსა და მის დას, დოროთეას ლუთერანებად ზრდიდნენ და ამისათვის გერმანელი რეპეტიტორებიც ჩამოუყვანეს. 1520 წლიდან იგი ევროპაში მოგზაურობდა, სადაც 1521 წელს იგი შეხვდა თვით მარტინ ლუთერს, რა დროსაც იგი ლუთერანად მოინათა და 1523 წლამდე მკაცრად მარხულობდა.
1523 წელს, იგი იძულებული გახდა დანიაში დაბრუნებულიყო, სადაც დიდი არეულობა იყო. ამ წელს მამამისმა, ახლა უკვე დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ I-მა ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ძმისწული, მეფე კრისტიან II და ქვეყნიდან გააძევა იგი. ამ დროისათვის კრისტიანი საღვთო რომის იმპერიაში იყო, რომელსაც კრისტიან II-ის ცოლის ძმა მართავდა, რის გამოც ფრედერიკს ძლიერ ეშინოდა, რომ გერმანელები მას ან მოკლავდნენ, ან დაატყვევებდნენ, რის გამოც დაუყოვნებლივ დააბრუნა დანიაში. უკან დაბრუნებული კრისტიანი, მამასა და დიდებულებთან ერთად აქტიურ ლუთერანულ კამპანიას ეწეოდა. 1526 წელს, როგორც დანიის დიდებულთა საბჭოს თავმჯდომარემ, ხოლო 1529 წელს როგორც ნორვეგიის ვიცე-მეფემ, კრისტიანმა საოცარი დიპლომატიური უნარ-ჩვევები გამოავლინა.
სამოქალაქო ომი და რეფორმაცია
რედაქტირება1533 წელს, 61 წლის ფრედერიკ I გარდაიცვალა. წესით მეფე კრისტიანი უნდა გამხდარიყო, თუმცა მას ტახტში მისი ბიძაშვილი, ყოფილი მეფე კრისტიან II ეცილებოდა. ამას ორ კრისტიანს შორის დაპირისპირება და ტახტისათვის ბრძოლის გაჩაღება მოჰყვა, რა დროსაც მეფე არცერთი იყო. კრისტიან II-ს ზურგს ჰაბსბურგები და კათოლიკური ეკლესია, ხოლოდ კრისტიანს ინგლისის მეფე ჰენრი VIII, შვედები და გერმანელი პროტესტანტები უმაგრებდნენ. სულ მალე, კრისტიანმა ჰენრი VIII-ის ტირანული მაგალითის მიხედვით, 12 აგვისტოს საეკლესიო გადატრიალება მოაწყო. მან კოპენჰაგენში დაიბარა ყველა კათოლიკე მღვდელმთავარი და რვა ეპისკოპოსი, რომელთა ხოცვაც ღამის ოთხ საათზე დაიწყეს მის მიერ დაქირავებულმა გერმანელმა მეომრებმა. მხოლოდ როსკილეს ეპისკოპოსმა მოახერხა თავის გადარჩენა, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა. ამრიგად, ამის შემდეგ დანია ოფიციალურად გამოცხადდა ლუთერანულ სახელმწიფოდ და უკვე კათოლიკების შევიწროვება დაიწყო. ამაში მას შვედეთის ლუთერანი მეფე გუსტავ I-ც დაეხმარა. ამრიგად, კრისტიან II-მ დანიაში თავისი მოკავშირეების ძირითადი ნაწილი დაკარგა, რის გამოც 1534 წელს კრისტიან III დანიისა და ნორვეგიის მეფედ გამოცხადდა. მისი გავლენით, ლუთერანული სარწმუნოება ელვისებური სისწრაფით გავრცელდა დანიის კუთვნილ ისლანდიასა და ნორვეგიაშიც. ლუთერანები ამ სახელმწიფოებში ყველანაირად ცდილობდნენ ყოველივე კათოლიკურის წაშლას, რა დროსაც არც ეკლესია-მონასტრებისა და წმინდა წიგნების გადაწვას ერიდებოდნენ.
მეფობა
რედაქტირებადანიისა და ისლანდიისაგან განსხვავებით, ნორვეგიაში რეფორმაცია ეკლესიის განწმენდის ნაცვლად ძარცვა-გლეჯვად იქცა. მართალია კალმარის უნიის დაშლის შემდეგ ნორვეგია კვლავ დანიის დაქვემდებარებაში დარჩა, მაგრამ იგი მაინც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობის გარკვეულ ელემენტებს.
პროტესტანტულ სახელმწიფოდ ქცევამ, დანიას მოკავშირეებთან ერთად უამრავი მტერიც გაუჩინა, რომელთაგან განსაკუთრებით ჰაბსბურგები აქტიურობდნენ. საღვთო რომის იმპერატორი კარლ V, რომლის დაც, იზაბელა ავსტრიელი კრისტიან II-ს ჰყავდა ცოლად, ყოველნაირად ცდილობდა თავისი სიძისთვის ტახტის, ხოლო დანიის კათოლიკურ წიაღში დაბრუნებას. 1541 წელს იგი კრისტიან III-თვის ომის გამოცხადებას აპირებდა, თუმცა შმალკადენის ომებმა შეაჩერა. 1542 წელს კარლმა დანიას ომი გამოუცხადა და შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში შეიჭრა, რომელიც ოფიციალურად საღვთო რომს ექვემდებარებოდა. 1544 წელს, კარლი ნიდერლანდებში ატეხილი არეულობის გამო, იძულებული გახდა დაზავებოდა კრისტიანს.
ამის შემდეგ, კრისტიან III იმპერიაში შემავალ პროტესტანტებს ყველანაირად ეხმარებოდა და ხელს უწყობდა ომების წამოწყებაში. ამას მოჰყვა 1546 წელს შმალკადენის ომების განახლება, ასევე 1553 წელს დააფინანსა მეამბოხე საქსონიის ჰერცოგი, რომელმაც იმპერატორი შიევერჰაუზენის ბრძოლაში დაამარცხა. საქმეები კრისტიანის სასიკეთოდ მიდიოდა, თუმცა ამავე 1553 წელს ინგლისის ტახტი კათოლიკე დედოფალმა მერი I-მა დაიკავა, რომელიც მალევე კარლ V-ის ვაჟზე დაქორწინდა, რამაც დანიას ინგლისი, როგორც უდიდესი მოკავშირე წაართვა.
1559 წლის ახალი წლის დღეს, 55 წლის კრისტიან III გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, მის შემდეგ მისი ვაჟი, ფრედერიკ II ავიდა.
შვილები
რედაქტირება1525 წლის 29 ოქტომბერს, ლაუენბურგის სასახლეში კრისტიანმა ცოლად შეირთო საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ მაგნუს I-ისა და კათარინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ასული დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა:
- ანა (1532-1585), ცოლად გაჰყვა საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ I-ს, რომელთანაც შეეძინა თხუთმეტი შვილი;
- ფრედერიკ II (1534-1588), დანიისა და ნორვეგიის მეფე 1559-88 წლებში, ცოლად შეირთო სოფია მეკლენბურგ-გიუშტროველი, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა;
- მაგნუსი (1540-1583), ჰოლშტაინის ჰერცოგი და ლივონიის ტიტულარული მეფე, ცოლად შეირთო რუსი დიდებული მარია ვლადიმიროვნა, რომელთანაც ორი ასული შეეძინა;
- ჰანს II (1545-1622), შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სანდენბურგის ჰერცოგი, პირველად იქორწინა ელიზაბეთ ბრაუნშვაიგელზე, რომელთანაც თოთხმეტი შვილი შეეძინა, მისი დაღუპვის შემდეგ კი ცოლად აგნეს ანჰალტელი შეირთო, რომელთანაც კიდევ ცხრა შვილი ეყოლა;
- დოროთეა (1546-1617), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა თხუთმეტი შვილი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Grell, Ole Peter (1995) The Scandinavian Reformation. From evangelical movement to institutionalisation of reform (2 ed. Cambridge University Press) ISBN 0-521-44162-5
- Lausten, Martin Schwarz (1987) Christian d. 3. og kirken, 1537-1559 (Copenhagen: Akademisk forlag)
- Lockhart, Paul Douglas (2007) Denmark, 1513–1660. The rise and decline of a Renaissance monarchy (Oxford University Press) ISBN 0-19-927121-6.
- Gesellschaft für Schleswig-Holsteinische Geschichte, Neumünster: Wachholtz, 2008, pp. 73-109, here pp. 87seq. ISBN 978-3-529-02606-5