კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (რუს. Организация Договора о коллективной безопасности — ОДКБ) — მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსი. იგი წარმოადგენს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელსაც ხელი მოეწერა 1992 წლის 15 მაისს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, რუსეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მთავრობების მეთაურების მიერ, 1993 წელს მას შეუერთდა აზერბაიჯანი, ბელარუსი და საქართველო. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1994 წლის 20 აპრილს 5 წლის ვადით.[1]

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია
რუს. Организация Договора о коллективной безопасности
შეიქმნა 15 მაისი, 1992
ტიპი სამხედრო ალიანსი და საერთაშორისო ორგანიზაცია
შტაბ-ბინა მოსკოვი, რუსეთი
წევრები
1 დამკვირვებელი
ენა რუსული ენა
გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი
თავმჯდომარე ალექსანდრე ლუკაშენკო
კავშირები სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და უზბეკეთი
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუკა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუკა
odkb-csto.org

1999 წელს აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა შეწყვიტეს წევრობა, სხვა მონაწილე სახელმწიფოები კი შეთანხმდნენ ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებაზე კიდევ 5 წლით.[2] 2002 წლის 14 მაისს ხელშეკრულება გადაკეთდა მთავრობათაშორის ორგანიზაციად, რომლის წესდებაც დამტკიცდა 2002 წლის 7 ოქტომბერს, 2003 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში დარეგისტრირდა, 2004 წელს კი მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსი. ამჟამად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) შედის ბელარუსი, რუსეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი (უზბეკეთი ორგანიზაციას მეორედ შეუერთდა 2006 წელს, 2012 წელს კვლავ დატოვა იგი).[3]

ხელშეკრულების მეოთხე საკვანძო მუხლის მიხედვით:

ვიკიციტატა
„თუ რომელიმე მონაწილე სახელმწიფო წარმოადგენს რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის აგრესიის სუბიექტს, ეს აღიქმება, როგორც აგრესია ხელშეკრულების წევრი ყველა ქვეყნის წინააღმდეგ. რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის აქტის განხორციელების შემთხვევაში, ყველა მონაწილე სახელმწიფო მიაწოდებს მას საჭირო დახმარებას, მათ შორის, სამხედროს და მხარს დაუჭერს გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით მინიჭებული კოლექტიური თავდაცვის უფლების განხორციელებაში.“

ორგანიზაციის ქარტიის მესამე მუხლის თანახმად, ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს მშვიდობის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება, მონაწილე სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული ინტეგრაციისა და სუვერენიტეტის დაცვა.

ისტორია რედაქტირება

1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ახალმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოფიციალურად ცნობდა საბჭოთა კავშირის დაშლას და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დაარსებას. 1991 წლის 21 დეკემბერს ალმატის პროტოკოლზე ხელმოწერის შედეგად ამ სახელმწიფოებს შეუერთდა სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. საქართველო დსთ-ს წევრი ორი წლის შემდეგ გახდა, თურქმენეთის და უზბეკეთის მთავრობებმა კი არ მოახდინეს ორგანიზაციის ქარტიის რატიფიკაცია და მხოლოდ ასოცირებული წევრების სტატუსი მიიღეს.

1992 წლის 15 მაისს, ტაშკენტში უზბეკეთმა და დსთ-ის წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ ხელი მოაწერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს გარე აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთის დახმარებას ავალდებულებდა. დსთ-ს წევრი სახელმწიფოებისგან მხოლოდ მოლდოვა და თურქმენეთი არ შეუერთდა აღნიშნულ ხელშეკრულებას. რუსეთისთვის ეს ხელშეკრულება წარმოადგენდა რეგიონში საკუთარი გავლენის შენარჩუნების ინსტრუმენტს, მაშინ, როდესაც ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებოდნენ რუსეთის პირობას, რომ იგი პატივს სცემდა მათ ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ინტეგრაციას. ამ სახელმწიფოებს აგრეთვე სურდათ, რომ წვდომა ჰქონოდათ რუსულ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნოლოგიებთან, რადგან თავადაც დიდწილად საბჭოთა კავშირის პერიოდის შეიარაღებაზე იყვნენ დამოკიდებული. 1999 წელს ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდა 5 წლის ვადით, თუმცა მის გაგრძელებაზე საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა უარი განაცხადა. 2002 წელს ხელშეკრულების წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ქარტიას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო), რომელიც მიზნად ისახავდა უფრო ღრმა თანამშრომლობის ხელშეწყობას. წევრ სახელმწიფოებს სურდათ თანამშრომლობისთვის მიეცათ მეტად ინსტიტუციონალიზებული ფორმა, რომელსაც ექნებოდა სტრუქტურა და ძლიერი რეგიონული ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშან-თვისებები. ამის მიუხედავად, კუხო წლების განმავლობაში რჩებოდა ფურცელზე დაწერილ შეთანხმებად, თუმცაღა უკანასკნელი დეკადის განმავლობაში ორგანიზაციამ გააძლიერა საკუთარი ავტორიტეტი და შესაძლებლობები, გაზარდა ერთობლივად წარმოებული იარაღის რაოდენობა, მოახდინა საჰაერო თავდაცვის ინტეგრირება, ჩაატარა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები, დაიწყო წევრ სახელმწიფოებს შორის ტერორიზმისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა.

მოსკოვს სურდა გაეზარდა კუხოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. თავდაპირველად ყურადღება გამახვილებული იყო ნატოს მიერ კუხოს თანასწორ პარტნიორად აღიარებაზე, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე, რუსეთისა და კუხოს ოფიციალური პირები მუდმივად სთავაზობდნენ ნატოს ერთობლივი ძალისხმევით ებრძოლათ ტერორიზმისა და ნარკოტიკის ტრეფიკინგის წინააღმდეგ და მხარი დაეჭირათ ავღანეთის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ეს ინიციატივები ნატოს მიერ მუდმივად უარყოფილი იყო. ამის მიუხედავად, 2004 წელს კუხომ მაინც მიიღო საერთაშორისო აღიარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, როდესაც მიიღო გენერალური ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსი. ორგანიზაციამ დაამყარა კავშირი გაეროს უშიშროების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტთან. 2010 წლის მარტში კუხომ გაეროს სამდივნოსთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ორგანიზაციას ნებას რთავდა გაეროს მანდატით მონაწილეობა მიეღო სამშვიდობო მისიებში. 2012 წელს კუხომ და გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტმა გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი. კუხოს ურთიერთობა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) შემოიფარგლება ოფიციალური პირების შეხვედრებით და ძირითად ღონისძიებებზე მიწვევით. მოსკოვი მხარს უჭერდა კუხოსა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის კავშირების დამყარებას, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას. 2007 წელს კუხომ და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც განსაზღვრავს მათ შორის თანამშრომლობას დანაშაულის, ტერორიზმის და ნარკოტიკის ტრეფიკინგის წინააღმდეგ თანასწორ და კონსტრუქციულ საფუძველზე.

წევრები რედაქტირება

ამჟამინდელი წევრები რედაქტირება

ქვეყანა წევრობა გაწევრიანების
თარიღი
  ბელარუსი სრული წევრი 1994
  რუსეთი სრული წევრი 1994
  სომხეთი სრული წევრი 1994
  ტაჯიკეთი სრული წევრი 1994
  ყაზახეთი სრული წევრი 1994
  ყირგიზეთი სრული წევრი 1994

ყოფილი წევრები რედაქტირება

ქვეყანა წევრობა გაწევრიანების
თარიღი
გასვლის
თარიღი
  აზერბაიჯანი ყოფილი წევრი 1994 1999
  საქართველო ყოფილი წევრი 1994 1999
  უზბეკეთი ყოფილი წევრი 1994 (პირველად)
2006 (მეორედ)
1999 (პირველად)
2012 (მეორედ)

დამკვირვებლები რედაქტირება

ქვეყანა სტატუსი გაწევრიანების
თარიღი
გასვლის
თარიღი
  სერბეთი არაწევრი დამკვირვებელი 2013
  ავღანეთი არაწევრი დამკვირვებელი 2013 2021
   რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფო კავშირი არაწევრი დამკვირვებელი 1999

გენერალური მდივნების სია რედაქტირება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნები იყვნენ:[4]

სტრუქტურა რედაქტირება

კოლექტიური უსაფრთხოების საბჭო წარმოადგენს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უმაღლეს ორგანოს და შედგება წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან. საბჭოს თავმჯდომარეობა არის გარდამავალი რუსული ანბანის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ საბჭო არ გადაწყვეტს სხვაგვარად. საბჭო განიხილავს ძირითად საკითხებს და იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად გასატარებელ აქტივობებთან დაკავშირებით. სხდომები იმართება წევრ სახელმწიფოებში მინიმუმ წელიწადში ერთხელ.[5]

საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო წარმოადგენს ორგანიზაციის საკონსულტაციო და აღმასრულებელ ორგანოს წევრ სახელმწიფოებს შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებში თანამშრომლობისთვის.[5]

თავდაცვის მინისტრთა საბჭო არის ორგანიზაციის საკონსულტაციო და აღმასრულებელი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობას სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში.[5]

სამხედრო კომიტეტი ჩამოყალიბდა 2012 წელს თავდაცვის მინისტრთა საბჭოში, ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ძალებისა და საშუალებების დაგეგმვისა და გამოყენების დაუყოვნებლად განხილვისა და საბჭოსთვის საჭირო შეთავაზებების მომზადების მიზნით.[5]

უსაფრთხოების საბჭოთა მდივნების კომიტეტი არის ორგანიზაციის საკონსულტაციო და აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს წევრ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის კოორდინაციას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.[5]

ორგანიზაციის გენერალური მდივანი არის ორგანიზაციის უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი და ხელმძღვანელობს ორგანიზაციის სამდივნოს. ინიშნება კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მიერ წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეთაგან და ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე.[5]

ორგანიზაციის სამდივნო არის ორგანიზაციის მუდმივი სამუშაო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციულ, საინფორმაციო, ანალიტიკურ და საკონსულტაციო დახმარებას ორგანიზაციის სხვა ორგანოებისთვის.[5]

კუხოს გაერთიანებული შტაბი არის ორგანიზაციის მუდმივი სამუშაო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია კუხოს სამხედრო კომპონენტთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებასა და გადაწყვეტილებების შესრულებაზე.[5]

კუხოს ასევე აქვს ქვედა დონის უწყებათაშორისი ორგანოები, როგორიცაა ნარკოტიკის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კომპეტენტური ორგანოების ხელმძღვანელთა საკოორდინაციო საბჭო. პრეზიდენტთა სამიტებზე და სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე მიიღება ერთობილი განცხადებები, რეზოლუციები და ოქმები, რომლებიც აჯამებს წევრ სახელმწიფოთა მთავრობების შეხედულებებს და სამომავლო მიზნებს.[5]

რეგიონული უსაფრთხოების მიმართ კუხოს მიდგომა დაფუძნებულია სამ „საყრდენზე“: პოლიტიკური თანამშრომლობა, სამხედრო თანამშრომლობა და თანამედროვე საფრთხეებსა და გამოწვევებზე რეაგირება. პოლიტიკური თანამშრომლობა მოიცავს წევრ სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის კოორდინირებასა და კონსულტაციებს, თანამშრომლობას სხვა მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან და კრიზისებზე რეაგირებას. კუხოს სამხედრო შესაძლებლობები მოიცავს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალებს, რუსულ-ბელარუსულ და რუსულ-სომხურ რეგიონულ დაჯგუფებებს, კოლექტიური საავიაციო და სამშვიდობო ძალებს, ერთობლივ სამხედრო სისტემებსა და ინფრასტრუქტურას. მესამე „სვეტი“ მოიცავს ინსტიტუციურ რეაგირებას საერთაშორისო ტერორიზმსა და ექსტრემიზმზე, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგზე და დანაშაულებრივ ქმედებებზე კიბერ სივრცეში.

სამხედრო წვრთნები რედაქტირება

ყოველწლიურად კუხოს სამდივნო და გაერთიანებული შტაბი იღებენ და ახორციელებენ კოლექტიური საბრძოლო მომზადების გეგმას. უკანასკნელი წლების განმავლობაში, კუხომ გაზარდა ასეთი წვრთნების სიხშირე, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ. წვრთნების მიზანია გაზარდოს ორგანიზაციის თავდაცვის, ნარკოტიკებთან ბრძოლის, დაზვერვისა და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები.

  • „Взаимодействие“ (ურთიერთქმედება, თანამშრომლობა) არის ყოველწლიური, მსხვილმასშტაბიანი, მრავალეროვნული წვრთნები, რომლებიც ამოწმებს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების შესაძლებლობებს. კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალები ჩამოყალიბდა 2009 წლის თებერვალში, იგი შედგება დაახლოებით 20 000 ადამიანისგან და აქვს, როგორც სამხედრო, აგრეთვე განსაკუთრებული ბუნების დავალებების შესრულების ფუნქცია.
  • „Рубеж“ (საზღვარი) ამოწმებს კოლექტიური ძალების სწრაფად განლაგების შესაძლებლობებს ჰიპოთეტური ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ავღანეთსა ან ცენტრალურ აზიაში.
  • „Нерушимое братство“ (ურღვევი ძმობა) მიზნად ისახავს სხვადასხვა სამშვიდობო უნარის განმტკიცებას.
  • „Кобальт“-ის (კობალტი) წვრთნები ორიენტირებულია წევრი სახელმწიფოების სამხედრო ძალების შესაძლებლობების განმტკიცებაზე.[6]

კუხო და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რედაქტირება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა და 1991 წელს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა. 1992 წელს შეიქმნა ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, საფრანგეთი და რუსეთი. 1994 წელს მხარეებმა ზავი გამოაცხადეს, რომელიც მუდმივად ირღვევა. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია. მისი დამოუკიდებლობა ამ დრომდე ოფიციალურად არ უღიარებია სომხეთს.

2016 წლის ბოლო მსხვილმასშტაბიანი დაპირისპირების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის ზონაში კონფლიქტი 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები საზავო პირობებზე 10 ოქტომბერს, რუსეთის შუამავლობით შეთანხმდა, ამის მიუხედავად სამხედრო დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა. საზავო შეთანხმება ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას ჰუმანიტარული მიზნით — ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანის ჯარებს შორის ტყვეებისა და ორკვირიანი შეტაკებების პერიოდში დაღუპულთა გვამების გაცვლას.[7] რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა:

 
„ადამიანები კვდებიან, ორივე მხარეს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი. იმედი გვაქვს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდება უმოკლეს ვადებში.“

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, იმ ფაქტს, რომ სომხეთი არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, თუმცა აზერბაიჯანი და ეთნიკურად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა კი არა და დაამატა:

 
„ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ გრძელდება საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ ის არ მიმდინარეობს სომხეთის ტერიტორიაზე.“

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, უფრო მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის ვალდებულება კუხოს ფარგლებში არ ვრცელდება ყარაბაღზე.[8]

კუხო და საქართველო რედაქტირება

საქართველო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას 1993 წელს შეუერთდა, 1999 წელს კი ხელშეკრულების ვადის 5 წლით გახანგრძლივებაზე უარი თქვა და შეწყვიტა მასში მონაწილეობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება