კოაბიტაცია
კოაბიტაცია (ფრანგ. cohabitation — თანაცხოვრება) — ტერმინი ფრანგულ პოლიტიკაში. გვხვდება ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთის სისტემა, სადაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. ასეთი მდგომარეობა იქმნება იმის გამო, რომ მსგავსი სისტემა პრეზიდენტს აიძულებს დანიშნოს პარლამენტისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი, რადგან პრემიერ-მინისტრს ამტკიცებს პარლამენტი. ამგვარად კოაბიტაცია ხდება ორმაგხელისუფლებიანობის გამო: არჩეული პრეზიდენტი და პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უნდა იყოს მისაღები როგორც საკანონმდებლო ორგანოსთვის, ასევე პრეზიდენტისთვის.
საფრანგეთი
რედაქტირებაწარმომავლობა
რედაქტირებაკოაბიტაცია არის საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის პროდუქტი, თუმცა დაუგეგმავი. ახალმა კონსტიტუციამ ერთად მოუყარა თავი ძლიერ პრეზიდენტს მრავალფეროვან პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს, რომელიც, თავის მხრივ, ანგარიშვალდებულია კანონმდებლებთან. პრეზიდენტის უპირველესი ამოცანა იყო, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და გადამწყვეტი მოქმედება უმოქმედობის თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკაში იყო გავრცელებული; პრემიერ-მინისტრი, ასევე, იყო მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ საკანონმდებლო ხელისუფლებას და ეხმარება პარტიათშორისი კინკლაობის გადალახვაში.
1962 წლიდან საფრანგეთის პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი საერთო-სახალხო კენჭისყრის სისტემით. ამ სისტემამ ჩაანაცვლა საარჩევნო კოლეგიის ადრეული სისტემა, რომელიც გამოიყენა მხოლოდ ერთხელ. ეს ცვლილება განხორციელდა პრეზიდენტის ძალაუფლების გასაზრდელად, რაც შეუძლებელი იყო ძველი კონსტიტუციით. ამავე დროს, პრეზიდენტს გადაეცა სახალხო მანდატი და იგი იქცა ერის სახედ და სიმბოლოდ. რა თქმა უნდა ეროვნული ასამბლეის უმრავლესობა ინარჩუნებდა თავის ძალაუფლებას, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტს მიენიჭა პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლება, იგი წარმოჩნდა როგორც უმაღლესი ლიდერი, რომელსაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის მომხდარი ნებისმიერი უთანხმოების გადაწყვეტა შეეძლო. გარდა ამისა, დისბალანსი ვლინდება იმაშიც, რომ მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს ასამბლეა ნებისმიერ დროს (მაგრამ არაუმეტს ერთისა წელიწადში), მაშინ როდესაც ასამბლეას არ აქვს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების მოხსინის ძალა.
პრეზიდენტის ამგვარი უპირატესობის ერთადერთი ნაკლი იყო ის, რომ პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის დანიშვნას სჭირდებოდა პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის თანხმობა: რადგან საკონმდებლო ორგანოს შეუძლია გამოუცხადოს უნდობლობა და დაითხოვოს მთავრობა, აქედან გამომდინარე პრემიერ-მინისტრს სჭირდება ასამბლეის მხარდაჭერა. აღნიშნული გარემოება არ იყო პრობლემა მაშინ როდესაც პრეზიდენტი და საკანონმდებლო უმრავლესობა ერთ პარტიას წარმოადგენდნენ, მართლაც პრეზიდენტი შარლ დე გოლი, რომელიც იყო კონსტიტუციის უდიდესი ნაწილის სულის ჩამდგმელი, ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი უთანხმოება შეიძლება მომხდარიყო; ასეთ სიტუაციაში საფრანგეთის საზოგადოება მას არ ჩააყენებდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი ირჩევა შვიდწლიანი ვადით, ხოლო ასამბლეა ხუთწლიანი ვადით, ადრე თუ გვიან ასეთი მდგომარეობა წარმოიშვება. პოლიტოლოგებმა ეს შეაფასეს როგორც ხარვეზი კონსტიტუციაში, რომელსაც მეხუთე რესპუბლიკის დაქცევა შეუძლია.
კოაბიტაციასთან პირველი შეხება მოხდა 1981 წელს, მას შემდეგ რაც საფრანგეთის პრეზიდენტად სოციალისტი ფრანსუა მიტერანი აირჩიეს. ამ დროს ასამბლეის უმრავლესობას მემარჯვენე ძალა იკავებდა. ახლადარჩეულმა პრეზედენტმა მიტერნმა თითქმის მაშინვე გამოიყენა მისდამი მინიჭებული ძალაუფლება და მოიწვია ასამბლეის არჩევნები, რომელშიც ამომრჩეველებმა მხარი ფრანსუა მიტერანის სოციალისტებს დაუჭირეს. ამგვარად, არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ ასამბლეაში სრული უმრავლესობა მოიპოვა და პოლიტიკური კრიზისიც თავიდან იქნა აცილებული. თუმცა, როდესაც ასამბლეის ხუთწლიანი უფლებამოსილების ამოწურვის გამო ჩატარდა ასამბლეის ხელახალი არჩევნები, სოციალისტები დამარცხდნენ, დაკარგეს უმრავლესობა და დაიწყო კოაბიტაციის პირველი ცდა.
კოაბიტაცია პრაქტიკაში
რედაქტირებასაფრანგეთში კოაბიტაციის მხოლოდ სამი პერიოდი იყო, მაგრამ თითოეული მათგანი გამოირჩეოდა უფლებამოსილების ილუსტრირებული რხევებით პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის.
მიტერან-შირაკის პერიოდი (1986-1988)
რედაქტირება1986 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად გამარჯვება მოიპოვა ჟაკ შირაკის პარტიამ „გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად“ (ფრანგ. RPR; Rassemblement pour la République). ჟაკ შირაკსა და ფრანსუა მიტერანს შორის კოაბიტაციის პერიოდში პრეზიდენტმა ყურადღება უმთავრესად საგარეო პოლიტიკის მართვაზე გაამახვილა, ხოლო შირაკს საშინაო საქმეების მართვა გადააბარა. გამომდინარე იქიდან, რომ ფრანსუა მიტერანი ჩამოშორდა საშინაო პოლიტიკას, პრემიერმა შირაკმა დაიწყო მიტერანის ბევრი რეფორმის სახეცვლა, გადასახადების დაწევის და სახელმწიფო ბალანსზე არსებული საწარმოების პრივატიზების გზით. თუმცა, კოაბიტაციის პერიოდში იყო შეუთანხმებლობებიც; მაგალითად, როდესაც მიტერანმა უარი განაცხადა მთავრობის აქტზე (ფრანგ. ordinance) ხელის მოწერაზე.[1]
მიტერან-ბალადიურის პერიოდი (1993-1995)
რედაქტირება1993 წელს პრეზიდენტი მიტერანი განმეორებით აღმოჩნდა კოაბიტაციის რეჟიმში, როდესაც მემარჯვენეებმა 80 %-იანი უპირატესობით დაიკავეს ეროვნული ასამბლეის უმრავლესობა. იგი ისევ იძულებული გახდა პრემიერად ოპოზიციის წარმომადგენელი დაენიშნა, ოღონდ ამჯერად ედუარ ბალადიური, რადგან ჟაკ შირაკი სრულად გადართული იყო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ბალადიური ამ პოსტს კოაბიტაციის რეჟიმში იკავებდა 1995 წლის 18 მაისამდე, სანამ ჟაკ შირაკი პრეზიდენტი გახდებოდა.
შირაკ-ჟოსპენის პერიოდი (1997-2002)
რედაქტირება1995 წელს მემარჯვენე ჟაკ შირაკმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და შეცვალა ამ პოსტზე ფრანსუა მიტერანი. ამგვარად, რადგან ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობას ჟაკ შირაკის პარტია, „გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად“, იკავებდა, მან შეძლო პრემიერ მინისტრად თავისი თანამოაზრე, ალენ ჟუპე დაენიშნა და დაესრულებინა პრეზიდენტისა და პრემიერის პოლიტიკური კოაბიტაცია. პრეზიდენტისა და ასამბლეის შეთანხმებული მუშაობა როგორც წესი მინიმუმ ხუთი წელი, 1998 წლის ეროვნული ასამბლეის მორიგ არჩევნებამდე გაგრძელდებოდა, რომ არა პრეზიდენტ შირაკის მცდარი სტრატეგიული ნაბიჯი.
1997 წელს ჟაკ შეირაკმა დაითხოვა ასამბლეა და დანიშნა ვადამდელი არჩევნები. ამომრჩევლებმა ამჯერად აღარ დაუჭირეს მხარი პრეზიდენტის მემარჯვენე პარტიას და ასამბლეის უმრავლესობა მემარცხენეებმა დაიკავეს. ჟაკ შირაკი იძულებული გახდა პრემიერ მინისტრად დაენიშნა სოციალისტი ლიონელ ჟოსპენი. პრემიერმა ჟოსპენმა თანამდებობა 2002 წლამდე შეინარჩუნა და ამრიგად, კოაბიტაციის მესამე პერიოდი გახდა ყველაზე ხანგრძლივი — 5 წელი. ჟაკ შირაკმა ამ პერიოდს „დამბლა“ უწოდა, რადგან ასამბლეის მუშაობა შეუთანხმებლობის გამო მეტწილად პარალიზებული იყო.
ლიონელ ჟოსპენის პრემიერობის პერიოდში, პრეზიდენტის გავლენა შეიზღუდა და მას არ ჰქონდა აზრის გამოხატვის უფლება იმ საკანომდებლო რეფორმების წინააღმდეგ, რომლებსაც მემარცხენე სოციალისტები ატარებდნენ. მათ შორის იყო 1998 წელს მიღებული კანონი, რომელიც ითვალისწინებდა სამუშაო კვირის 39 საათიდან 35 საათამდე შემცირებას და იგი 2000 წელს შევიდა ძალაში.
კვლევები
რედაქტირება- ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა ჩვეულებრივ საპრეზიდენტო სისტემით მუშაობს, მაგრამ პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის კოაბიტაციის პერიოდში ქვეყნის მართველობა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადადის, რომლის დროსაც საშინაო პოლიტიკას ხელმძღავენელობს პრემიერ მინისტრი, ხოლო საგარეო პოლიტიკას და თავდაცვას პრეზიდენტი უძღვება.
- კოაბიტაციის პერიოდში საერთო პრობლემა არის პოლიტიკური ლიდერების მიერ თავისი რეფორმების მიმართ საზოგადოებისთვის დადებითი განწყობის მოპოვება, შემდგომში არჩევნებში გასამარჯვებლად. იმის გამო, რომ თითოეული პოლიტიკური პარტია არის ერთმანეთის კონკურენტი, მათ შორის რჩება ურთიერთშეთანხმების მინიმალური შანსი. იმ დროს, როცა პრეზიდენტი და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა ერთ პარტიას წარმოადგენენ ლიდერები ეხმარებიან ერთმანეთს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებაში, კოაბიტაციის რეჟიმი შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს ეროვნული მთავრობის მუშაობა და ქვეყანა გარეგნულად არასაიმედოდ გამოიყურებოდეს.
- მიუხედევად იმისა, რომ თავდაპირველად კონსტიტუციის შემქმნელებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ საფრანგეთში ორხელისუფლებიანობა, აღმოჩნდა, რომ საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკამ თავისი ისტორიის ნახევარი, 1986-2006, კოაბიტაციის რეჟიმში გაატარა.
სამომავლო პერსპექტივები
რედაქტირება2000 წელს პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მხარდაჭერით რეფერენდუმის მეშვეობით საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის საპრეზიდენტო ვადა შვიდიდან ხუთ წლამდე შემცირდა. ამით, ხელისუფლების კოაბიტაციის რეჟიმში ყოფნა უფრო იშვიათად მოუწევს. პერსპეკტივაში, კოაბიტაციის რეჟიმში შესვლა შეიძლება გამოიწვიოს პრეზიდენტის მიერ ასამბლეის დათხოვნამ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნამ, ან მოვალეობის შესრულებისას პრეზიდენტის გარდაცვალებამ.
საქართველო
რედაქტირება2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება კოაბიტაციის რეჟიმზე გადავიდა.[2]
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, არჩევნებში 40.34% მოიპოვა რითაც საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუთმო და ოპოზიციაში გადავიდა. პრეზიდენტსა და კოალიციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა,[3] ხოლო 2012 წლის 25 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა მას ნდობა გამოუცხადა.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jean V. Poulard, The French Double Executive and the Experience of Cohabitation, Political Science Quarterly, Vol. 105, No. 2 (Summer, 1990), pp. 243-267
- ↑ არჩევნების შედეგები[მკვდარი ბმული]
- ↑ პრეზიდენტმა პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი წარადგინა[მკვდარი ბმული]
- ↑ ოცნებიდან რეალობაში: ივანიშვილი პრემიერ-მინისტრია