კიუსიუ

(გადამისამართდა გვერდიდან კიუსიუ (რეგიონი))

კიუსიუ, კიუ-შიუ (იაპონ. 九州) — კუნძული იაპონიის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილო-აღმოსავლეთით იაპონიის შიგა ზღვა, დასავლეთით აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა. კიუსიუ იაპონიის სიდიდით მესამე კუნძულია.

კიუსიუ
მშობ. სახელი: 九州

კიუსიუ, იაპონიის კუნძული
გეოგრაფია
კოორდინატები 33° ჩ. გ. 131° ა. გ. / 33° ჩ. გ. 131° ა. გ. / 33; 131
ფართობი 35 640 კმ²
უმაღლესი წერტილი 1788 მ
კუძიუ
იაპონია
დემოგრაფია
მოსახლეობა 13 231 995 (2006)
სიმჭიდროვე 332.38 /კმ²
ეთნიკური ჯგუფები იაპონელები

იაპონური ლეგენდის თანახამად (წყარო: „კოჯიკი“ — ერთ-ერთი უძველესთაგანი, იაპონური ხელნაწერებიდან) კიუსიუ, სიკოკუ და ჰონსიუ წარმოქმნილა ღმერთების „იზანაგისა“ და „იზანამის“ სასიყვარულო ურთიერთობის შედეგად, ანუ ეს სამი კუნძული ლეგენდის თანახმად მოიაზრება როგორც მათი ნაშიერი-შვილები. ჰოკაიდო კი უკვე ჩვენ დროში კოლონიზირებული კუნძულია და იაპონიის ახალ ტერიტორიად ითვლება. ეს უკანასკნელი წმინდა იაპონური წარმომავლობის არაა.

იაპონიის ისტორია და უძველესი კულტურა სწორედ კიუსიუზე გაჩენილა და თანდათანობით გავრცელებულა ჩრდილოეთით. კისიუს მიეწერება იაპონიის პირველი იმპერატორის (ჯიმუ ტენო ძვ. წ. 660 წ.) მოღვაწეობა და აქ დარწეულა პირველი ცივილიზაციების აკვანი; კიუსიუზე გავლით გავრცელებულა ბუდიზმი იაპონიაში, რასაც მოწმობს უამრავი კლდეზე ნაკვეთი უძველესი ბუდას ქანდაკება. ასევე, პირველად კიუსიუდან შემოსულან პირველი ევროპელები, კერძოდ პორტუგალიელები; აქედან დაუწყია პორტუგალიელ იეზუიტს, ფრანსისკო ხავიერს, თავისი მისიონერული მოღვაწეობა და ქრისტიანული რელიგიის გავრცელების გარდა, იაპონიაში ღვინის კულტურის გაჩენაც ამ პიროვნებას მიეწერება. კიუსიუზე დამზადებული ღვინო „ზაბიერი“ (იგივე ხავიერი, რომელსაც „მუსკატ ბეილის“ ყურძნის ჯიშიდან ამზადებენ) პოპულარობით სარგებლობს იაპონიაში.

კიუსიუსთანაა დაკავშირებული, მსოფლიოში ყველასათვის კარგად ცნობილი სიტყვა „კამიკაძე“, რომელიც თავს მეცამეტე საუკუნეში იჩენს. ეს ის პერიოდია, როდესაც მონღოლეთი გაბატონდა მთელს ევრაზიაზე და 1281 წ. ყუბილაი ხანი 100 000-იანი ფლოტით იაპონიის დასალაშქრად ჰაკატას (დღევანდელი ფუკუოკა) მიმართულებით დაიძრა. აღნიშნული ლაშქრობა ზღვაზე ამოვარდნილმა გიგანტურმა ტაიფუნმა ჩაახშო და მონღოლთა ფლოტი თითქმის მთლიანად ტალღებმა შთანთქა. მონღოლთა ყაენი არ შეეპუა ბუნების სასჯელს და ხელმეორედ აიღო გეზი იაპონიისაკენ. სასწაული კვლავ განმეორდა და ზღვაზე ამოვარდნილმა შტორმმა სასტიკი განაჩენი გამოუტანა მონღოლთა მიერ ხელმეორედ შეკოწიწებულ ფლოტილიას. მადლიერმა იაპონელებმა კი ამ ბუნების სასწაულს „კამიკაძე“ უწოდეს, რაც იაპონურად „ღვთიურ ქარს“ ნიშნავს. ეს „სასწაული“, შემოდგომის დადგომასთან ერთად, ხშირად სტუმრობს თვითონ იაპონიის კუნძულებსაც და სერიოზულ ხარკს აწერს ქვეყანას, მაშინაც კი როდესაც უკვე ტაიფუნის შემოსვლა და გასვლა მატერიკიდან, მატარებლის განრიგივით გამოთვლილი და დადგენილია.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კიუსიუს რეგიონი და მისი პრეფექტურები

კიუსიუ ქართულად „ცხრა მხარეს/პროვინციას“ ნიშნავს, თუმცა ეს კუნძული შვიდი პრეფექტურით არის წარმოდგენილი: ფუკუოკა, ოიტა, მიაძაკი, კუმამოტო, კაგოშიმა, ნაგასაკი და საგა.

აქ უხვადაა ვულკანური მთები, შესაბამისად უხვადაა ცხელი წყაროები და აბანოები რომელსაც „ონსენი“ ჰქვია. ონსენი კიუსიუს სავიზიტო ბარათია და ოიტას პრეფექტურის ქალაქი ბეპუ მსოფლიოში ცხელი წყაროების სიმრავლით არის ცნობილი და ქალაქის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცხელი წყლის აბანოებია. თვითონ ქალაქს კი მუდმივად ცხელი ორთქლის ჭავლები ასდის და მეტისმეტად წარმტაცი საყურებელია. ასევე უხვადაა გოგირდის ცხელი წყაროები და სამკურნალო პანსიონებიც.

კლიმატი თბილია და ნოტიო, რაც ბუნებას განსაკუთრებულ სილამაზესა და ელფერს აძლევს. კიუსიუ განთქმულია ციტრუსის კულტურით, ოიტას პრეფექტურაში მოჰყავთ განსაკუთრებული არომატის მქონე კულტურა „კაბოსუ“, რომელსაც ლიმონის გემო დაჰკრავს მაგრამ არაა აქვს ლიმონისთვის დამახასიათებელი მკვეთრი სიმჟავე და მეტად ჰარმონიულ გემოს იძლევა. ამ კულტურას ფართო გამოყენება აქვს კულინარიაში.

კულინარია

რედაქტირება

როდესაც კიუსიუზე და თევზეულზეა საუბარი არ შეიძლება არ აღინიშნოს თევზის მეტად ექსტრემალური სახეობა ფუგუ. ამ სახეობას, გარეგნულად, თევზისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ გააჩნია: ზედაპირი უქერცლო, სრიალა და გლუვი აქვს, ფერით მოლურჯო-მომწვანოა, ხოლო მუცლის არე კი ქათქათა თეთრი. წყლიდან ამოყვანისას იბერება და ბურთის ფორმას იღებს. ეს სახეობა გამორჩეულია როგორც გემოთი ასევე მისი ექსტრემალურობით, ვინაიდან ფუგუს სახეობა შეიცავს მეტისმეტად შხამიან ჯირკვალს და მის დამზადებას სპეციალური კვალიფიკაცია და ლიცენზიაც სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბევრი გამოემშვიდობა საკუთარ სიცოცხლეს, მსურველთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია და მიუხედავად უზარმაზარი ფასისა და რისკისა მეტად პოპულარობით სარგებლობს. ოიტას პრეფექტურა კი სწორედ ის ადგილია სადაც ამ თევზის პროდუქტის მიღება შეიძლება.

მიუხედავად იაპონიის ისტორიაში და კულტურულ განვითარებაში კიუსიუს ასეთი დიდი როლისა, იგი მაინც პერიფერიად რჩება და პერიფიერიასა და ცენტრს შორის უკმაყოფილება იაპონიაშიც არაა იშვიათობა.

ფუკუოკა კიუსიუს ერთადერთი ქალაქია, რომელიც მილიონზე მეტ მოსახლეს ითვლის და თამამად აქვს დამკვიდრებული კუნძულის „დედაქალაქის“ სახელი.

კიუსიუ გამორჩეული კუნძულია მთელ იაპონიაში და ქვეყნის მასშტაბით დამსახურებულად აქვს მოპოვებული განსაკუთრებული პატივისცემა და მოწიწება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება