იაპონიის შიგა ზღვა

იაპონიის შიგა ზღვა, სეტო-ნაიკაი (იაპონ. 瀬戸内海) — ზღვა წყნარ ოკეანეში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია კუნძულ ჰონსიუს დასავლეთი ნაწილის სამხრეთი ნაპირით, სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება კუნძულ კიუსიუს ნაპირი, სამხრეთით კუნძულ სიკოკუს ჩრდილოეთი ნაპირი. ზღვა მეტწილად იზოლირებულია იაპონიისა და ფილიპინის ზღვებისაგან და მხოლოდ შეზღუდულად არის დაკავშირებული მათთან. ჩრდილოეთით ვიწრო და თხელი (10–10,5 მ) კამონის სრუტეა. წყნარ ოკეანეს უკავშირდება კიისა და ბუნგოს სრუტეებით, ხოლო იაპონიის ზღვას — სიმონოსეკის სრუტით. ზღვა გაჭიმულია დაახლოებით განედის მიმართულებით. კუნძულთშორისი კონტინენტური ზღვაა. სიგრძე 445 კმ, სიგანე 55 კმ, ფართობი 18 000 კმ². მაქსიმალური სიღრმე 241 მ. საშუალო სიღრმე 20–60 მ. მარილიანობა 30-34 ‰.

იაპონიის შიგა ზღვა
იცუკუსიმის ტაძარი
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი წყნარი ოკეანე
ტიპი კუნძულთშორის-კონტინენტური
ფართობი 18 000 კმ²
საშუალო სიღრმე 20-60 
უდიდესი სიღრმე 241 
სიგრძე 445 კმ
სიგანე 55 კმ
კუნძულ(ებ)ი 3000
მარილიანობა 30-34 
ნავსადგური კობე
ოსაკა
სიმონოსეკი
იაპონიის შიგა ზღვის რუკა
იაპონიის შიგა ზღვის რუკა

ზღვაში დაახლოებით 3000 კუნძულია, რომლებიც იკავებენ მისი სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. კუნძულები გაყოფილია მრავალრიცხოვანი სრუტეებით. ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია. ზღვის შუა ნაწილი მეტად მცირეწყლიანია. მოქცეულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ ზონაში. წარმოადგენს იაპონიის უმნიშვნელოვანეს შიგა საზღვაო გზას. ზამთარში აზიის მატერიკზე ვრცელდება მაღალი წნევის მდგრადი ოლქი, ხოლო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია ალეუტის მინიმუმი, რომლის ცენტრი ლოკალიზდება ალეუტის მწკვრივის აღმოსავლეთ ნაწილში. ამასთან დაკავშირებით იაპონიის შიგა ზღვის ღია სივრცეებში გაბატონებულია ჩრდილოეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის ქარები (ზამთრის მუსონი), რომელთა განმეორებადობა აჭარბებს 60%-ს, ხოლო მათი სიჩქარე საშუალოდ უდრის 3–4 მ/წმ-ს (ცალკეულ თვეებში ეს მაჩვენებელი მატულობს). ნაპირების რთული ოროგრაფია შესამჩნევად ახდენს გავლენას ქარების მიმართულებასა და სიჩქარეზე.

ცალკეულ რაიონებში (კამონის სრუტე) ქარები მიმართულების მხრივ არამდგრადია. ქარის სიჩქარე აქ აღწევს საშუალოდ 4–6 მ/წმ-ს. სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე ქარები ხშირად აღწევენ შტორმულ ძალას (ბუნგოს სრუტე, ჰონსიუს სანაპირო და სხვა). ამ სეზონში ზღვის დიდ ნაწილში ფიქსირდება 2–4, ხოლო ადგილ-ადგილ 6–12 შტორმული დღე. შტილი იშვიათია. ზაფხული ცხელი და მეტად ნოტიოა. ივნისის შუა რიცხვებში მყარი ღრუბლები ფარავენ ცას და თითქმის არ აღინიშნება დღე წვიმის გარეშე. დამახასიათებელია მოღრუბლული, დახშული, წვიმიანი ამინდები ნათელი დღეების გარეშე. უძველესი ზონის ნაპირები ზომიერდება ბრიზით, თუმცა ღამის საათებში გაგრილებული ზღვის ბრიზი წყდება და ამინდი ხდება ცხელი, ნოტიო და დახშული.

მთავარი ნავსადგურებია: კობე, ოსაკა, სიმონოსეკი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Б. С. Залогин, А. Н. Косарев., Моря, Мысль, Москва, 1999.