კირტიშო
კირტიშო — მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — ჩვეშურის აუზში. რიონის აუზის ყველაზე დიდი მყინვარია. იგი ფირნის აუზით შეერთებულია კავკასიონის ჩრდილო ფერდობის მყინვარ ბართუის ფირნის ველთან. კვების აუზის სიგანე 3.0-3.2 კმ-ია, სიგრძე 2.8-3.0 კმ. მყინვარი ხეობის ტიპისაა, კარგად გამოხატული დანაპრალებული ენით. მყინვარის სიგრძე 6.45 კმ-ია, ენის სიგანე შუა წელში — 600 მ.
კირტიშო
| |
---|---|
კოორდინატები: 42°49′45″ ჩ. გ. 43°35′31″ ა. გ. / 42.82917° ჩ. გ. 43.59194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ცენტრალური კავკასიონი |
ფართობი | 4,6 კმ² |
სიგრძე | 6,45 კმ |
ტიპი | ხეობური |
მყინვარის ზედაპირი სუფთაა. მდინარე ჩვეშურის ხეობის ძირის ვარდნა მყინვარის წინ ძალზე მცირეა 2-3 მ/კმ. ხეობის ასეთი მორფოლოგიური თავისებურება განაპირობებს, რომ აქ კარგად არის შემონახული გლაციალური მორფოსკულპტურული ფორმები: მორენები, მორენული ბორცვები, ვერძის შუბლები და სხვა. მყინვარის ექსპოზიცია ჩრდილო-დასავლეთურია. 1930-1940-იან წლებში მყინვარის ენა მის წინ მდებარე რიგელზე იყო გადმოკიდებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;
- შენგელია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 535.