|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კერატი.
|
კერატი[1] (ლათ. Ceratonia siliqua) — მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. 15 მ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ხეა. ფოთლები წყვილფრთართულია. ყვავილებს უსიამოვნო სუნი ასდის, ჯამი ადრევე სცილდება, ფურცლები რედუცირებულია, შეკრებილია მტევანში. ნაყოფი პარკია (სიგრძე 30 სმ-მდე, სიგანე 4 სმ-მდე). მიიჩნევა, რომ ველური სახით იზრდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის კუნძულებზე. ხმელთაშუაზღვისპირეთში, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ამერიკის სუბტროპიკებში ძველთაძველი დროიდანაა კულტივირებული როგორც საჭმელი, საკვები და სამკურნალო მცენარე; ხშირად ველურდება. ერთ ხეს წელიწადში დაახლ. 200 კგ ნაყოფის მოცემა შეუძლია. წყვეტენ მოუმწიფებელ პარკებს, მზეზე გამოშრობის შემდეგ იძენს მუქ ყავისფერ ფერს და წვნიან ტკბილ რბილობს (დაახლ. 50% შაქარი), რომელიც გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმის, სიროფებისა და სპირტის დასამზადებლად. ნაყოფი შეიცავს პოლისაქარიდ პოლიგალაქტომანანს, რომელიც განაპირობებს მის სიმაგრეს და თესლის მასის მუდმივობას (დაახლ. 200 მგ), რის გამოც ძველთაგანვე იყენებენ მასის საზომად, მიახლოებით უდრის კარატს. გამხმარი ჭოტების თესლებისგან მიღებული ფხვნილი (კერობი) იხმარება კაკაოს ფხვნილის სუროგატად (არ შეიცავს კოფეინს). მოყვითალოცილიანი და ყავისფერ-წითელგულიანი მერქანი მძიმეა, ადვილად პრიალდება. მრავალი ხალხი თაყვანს სცემს როგორც წმინდა ხეს. კერატთან ერთად გვარში შედის მეორე სახეობა — C. oreothauma, რომელიც სომალის ტყეებში იზრდება.[2]
-
ყვავილედი
-
ფოთლები
-
მომწიფებული პარკები
-
ბოტანიკური ილუსტრაცია