ისტრიე[1] (ბერძ. ’Ιστρίη ან ῎Ιστρος, ლათ. Histria, Histrum) — ძველი ბერძნული და რომაულ-ადრეფეოდალური ქალაქი დუნაის ქვემო წელზე (სახელი მომდინარეობს დუნაის ბერძნული სახელიდან Ιστρος). დასავლეთი შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი. ისტრიეს ნაშთები მდებარეობს რუმინულ დობრუჯაში, დუნაის სამხრეთ ტოტთან დაკავშირებული სინოეს ტბის ნაპირზე.[2]

ისტრიე
ბერძ. ’Ιστρίη

პანორამა
ისტრიე — რუმინეთი
ისტრიე
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
კოორდინატები 44°32′51″ ჩ. გ. 28°46′29″ ა. გ. / 44.54750° ჩ. გ. 28.77472° ა. გ. / 44.54750; 28.77472
მონაცემები
ტიპი ქალაქი
ფართობი 0,82 კმ²
ისტორია
დაარსების დრო ძვ. წ. 657/656 ან დაახლ. 630
მიტოვების დრო VII საუკუნის ბოლო
კულტურები ბერძნული, რომაული
აღმოჩენის წელი 1868
ისტრიე ვიკისაწყობში

დაარსდა ძვ. წ. VII ს. II ნახევარში. აყვავებას მიაღწია ძვ. წ. VI–V საუკუნეებში. ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში ისტრიე დაიპყრეს გეტებმა, ხოლო ძვ. წ. 27 წელს იგი რომის იმპერიაში შევიდა. III საუკუნეში ისტრიე გაანადგურეს გუთებმა, მაგრამ მალე აღდგა და იარსება VII საუკუნემდე. ამ დროისათვის სანაპირო მოისილა და ქალაქმა დაკარგა ზღვაზე გასასვლელი, რის შედეგადაც დაქვეითდა მისი, როგორც სავაჭრო ცენტრის, მნიშვნელობა და ისტრიე თანდათან დაცარიელდა. 1914 წლიდან აქ ხანგამოშვებით მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები რის შედეგადაც აღმოჩნდა ზღუდის (ძვ. წ. IV ს.), აფროდიტეს ტაძრის (ძვ. წ. V ს.), თერმების (III–IV სს.), საცხოვრებელ ნაგებობათა და სხვა ნაშთები. ამჟამად ისტრიე არქეოლოგიურ ნაკრძალად ითვლება.[1]

ისტრიე დააარსეს ძვ. წ. 657/656 ან დაახლ. 630 წელს მილეტელმა კოლონისტებმა. 512 წელს დაზარალდა დარიოს I-ის ლაშქრობის სკვითების წინააღმდეგ. აკონტროლებდა ბერძენთა ვაჭრობას ქვემო დუნაისპირეთისა და დნესტრისპირეთის ბარბაროსებთან: გაჰქონდათ მარცვლეული, საქონელი, მონები, თაფლი, დამარილებული თევზი; იმპორტის ძირითადი პროდუქტები იყო ზეთი და ღვინო. 400 წელს დაიწყო მონეტების მოჭრა. ადრეულ პერიოდში [დაახლ. V საუკუნე (?)] ოლიგარქების დამხობის შემდეგ ქალაქში დემოკრატია დამყარდა. სავარაუდოდ, ისტრიე შედიოდა დელოსის კავშირში, კარგი ურთიერთობა ჰქონდა თრაკიელთა ოდრისულ სამეფოსთან და სკვითებთან. 339 წელს განადგურდა სკვითებსა (მეფე — ატეასი) და მაკედონიის სამეფოს (ფილიპე II მაკედონელი) შორის მომხდარი ომის დროს. აღდგენის შემდეგ დაემორჩილა თრაკიის მეფეს (305–281) — ლისიმაქეს. დაახლ. 262 წელს ქალაქ ტომისთვის ბიზანტიონის წინააღმდეგ მიმდინარე წარუმატებელ ბრძოლაში მხარს უჭერდა კალატისს. კელტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დახმარება გაუწია პონტოს აპოლონიას. 72/71 წელს დაიმორჩილა რომაელმა მხედართმთავარმა ლუკულუსმა. ქალაქის სერიოზული ნგრევა დაკავშირებულია დაახლ ძვ. წ. 60–50 წლებში „გეტების მეფის“ ბურებისტას ექსპანსიასთან. ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს ტბის მოსილვის გამო მცირე ქალაქად გადაიქცა. აღორძინდა დასავლეთპონტოური ქალაქების კავშირის შემადგენლობაში. დაახლ. ახ. წ. 238 წელს დაზარალდა სკვითური ომების მიმდინარეობისას, რომის იმპერატორ გორდიანე III-ის (238–244) დროს შეწყდა მონეტების მოჭრა და გადაიქცა მცირე პროვინციულ ქალაქად. ისტრიეს აყვავება IV–VI საუკუნეებში დაკავშირებულია კონსტანტინე დიდთან და იუსტინიანე I-თან. ქალაქის საბოლოო დაცემა ავარების თავდასხმის (599/600) შედეგი იყო. VII საუკუნის ბოლოსკენ არსებობა შეწყვიტა.[2]

არქეოლოგია

რედაქტირება

იდენტიფიცირებულია 1868 წელს ფრანგი არქეოლოგის ე. დეჟარდენის მიერ. ისტრიესა და მისი შემოგარენის არქეოლოგიური გათხრები 1914 წელს დაიწყო ვ. პირვანმა და შემდგომში გაგრძელდა სხვა რუმინელი არქეოლოგების მიერ (1924–1943, 1949-დან). გამოყოფილია პერიოდები; ფენები განირჩევა განადგურებებისა და ხელახლა აშენებების დანაშრევებით: 3 „არქაული“ (დაახლ. ძვ. წ. 500–425, 425–350), 4 „ელინისტური“ (დაახლ. ძვ. წ. 350–300, 300–175, 175–100, 100–20), 9 „რომაული“ (დაახლ. ახ. წ. 30–100, 100–170, 170–250, 250–300, 300–375, 375–500, 500–550, 550–600, 600–680).[2]

შესწავლილია წარმართული ტაძრების, რომაული თერმების, ქრისტიანული ბაზილიკების, საცხოვრებელი კვარტლების, სიმაგრეთა 6 სხვადასხვა ხაზის და ნეკროპოლის ნაშთები. აღმოჩენილ მასალას შორისაა მონეტები, ძვირფასი მოკაზმულობა (მ. შ. განძების შემადგენლობაში), წარწერები და სხვ. 1983 წლიდან არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ.[2]

  1. 1.0 1.1 ისტრიე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 252.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Шувалов П. В. Истрия // Большая российская энциклопедия. т. 12. — М., 2008. — стр. 144.