იოსებ სუმბათაშვილი
იოსებ სუმბათაშვილი (დ. 10 ოქტომბერი, 1915, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 2012, მოსკოვი) — ქართველი საბჭოთა მხატვარი. სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1982). სტალინური და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
იოსებ სუმბათაშვილი | |
---|---|
დაიბადა | 10 (23) ოქტომბერი, 1915 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაიცვალა | 14 თებერვალი, 2012 (96 წლის) ან 11 თებერვალი, 2012 (96 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1942 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1942–1947 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მთავარ მხატვრის თანამდებობაზე. 1948–1959 წლებში ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარია. გაფორმებული აქვს ზ. ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ და მრავალი სხვა დადგმა. თეატრის პარალელურად იოსებ სუმბათაშვილი ინტენსიურად მუშაობდა კინემატოგრაფიაში და შესრულებული აქვს დეკორაციის ესკიზები კინოფილმისათვის „ქეთო და კოტე“, „ცისკარა“, „მაგდანას ლურჯა“.
1958 წლიდან იოსებ სუმბათაშვილი მოღვაწეობდა მოსკოვის სხვადასხვა დრამატულ თეატრებში. მათ შორის: სამხატვრო თეატრში, 1974 წელს მას მიენიჭა სსრკ–ის სახელმწიფო პრემია ამ თეატრის სპექტაკლ „მეფოლადეების“ გაფორმებისათვის. 1972–1988 წლებში იგი ვახტანგოვის თეატრის მთავარი მხატვარი იყო. მას ეკუთვნის სცენოგრაფია სპექტაკლებისა: „ირკუტსკის ისტორია“ (ა. არბუზოვი); „ბატონი გლემბაები“ (მ. კრლეჟი)[1], „ზაფხული ნოანში“ (ი. ივაშკევიჩი)[2], „სტეფანე რაზინი“ (ვ. შუკშინის მიხედვით)[3], „ჭიქა წყალი“ (ე. სკრიბი)[4], „დიდი ჯადოქრობა“(ე. დე ფილიპო)[5] „ანტონიუსი და კლეოპატრა" (შექსპირი); „მისტერია ბუფი" (ვ. მაიაკოვსკი), „ქალი მწვანე კარს მიღმა“ (რ. იბრაგიმბეკოვი) და სხვა. მცირე თეატრში მუშაობდა სპექტაკლებზე: ა. ჩეხოვის „ოჩოპინტრე“; პ. ბომარშეს „დამნაშავე დედა, ანუ მეორე ტარტიუფი“; ა. სოლჟენიცინის „გამარჯვებულთა ლხინი“ და ასე შემდეგ.
იოსებ სუმბათაშვილი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო რუსეთის არმიის აკადემიური თეატრის მთავარი მხატვარი. 1962-1972 წლებში და 1990–იანების შუა წლებიდან სიკვდილამდე. მის მიერაა გაფორმებული დ. ხეიფეცის დადგმები: „პავლე I“ (1989, დ. მერეჟკოვსკი); „მასკარადი“ (1992, მიხეილ ლერმონტოვი); „ძია ვანია" (1969, ანტონ ჩეხოვი); „იაკობ ბოგომოლოვი“; სპექტაკლისათვის „ივანე მრისხანეს სიკვდილი" (1966, ა. ტოლსტოი) ქართველმა მხატვარმა პრაღის კვადრიენალეზე ოქროს მედალი დაიმსახურა. ს. კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში იოსებ სუმბათაშვილის სცენოგრაფიით დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ა. პ. პეტროვის ოპერა „პეტრე პირველი“ და მისივე ბალეტი „პუშკინი“. [წყარო არ არის მითითებული 788 დღე]
თავისი ხანგრძლივი, ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში იოსებ სუმბათაშვილი თანამშრომლობდა საზღვარგარეთის სხვადასხვა დრამატულ და მუსიკალურ თეატრთან (აშშ, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი, კორეა და სხვა მრავალი). იგი 1982 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი. დაჯილდოებული იყო: ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის, ხარისხის ნიშნის, ღირსების ორდენებითა და მედლებით; მიღებული აქვს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი" (1999) ნომინაციაში „ღირსებისა და პატიოსნებისათვის“. [წყარო არ არის მითითებული 788 დღე]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1952 : მეორე ხარისხის სტალინური პრემია
- 1968 : რსფსრ სახალხო მხატვარი
- 1974 : სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
- 1975 : ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1982 : სსრკ-ის სახალხო მხატვარი
- 1985 : ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
- 2006 : ღირსების ორდენი (რუსეთი)[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, გვ. 98, თბ., 2014