იოსებ მამაცაშვილი

იოსებ ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი (დ. 1809, რუისი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 6 სექტემბერი, 1874) — ქართველი ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაწყებითი განათლება მიიღო გორის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში (დაამთავრა 1827 წელს). მსახურობდა თარჯიმნად ჯერ გორში – ოლქის უფროსთან, შემდეგ თბილისშიკავკასიის უზენაეს სასამართლოში („ექსპედიცია სუდა ი რასპრავი”). 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის მამაცაშვილი გადაასახლეს ვიატკაში, სადაც მსახურობდა ერთ–ერთ კანცელარიაში. აქ იგი სოლომონ დოდაშვილთან ერთად დაუახლოვდა გადასახლებაში მყოფ ალექსანდრე გერცენს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1836) გორში მსახურობდა მაზრის მოსამართლედ. ეწეოდა ინტენსიურ საზოგადოებრივსა და ლიტერატურულ საქმიანობას. იყო კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრი. საგლეხო რეფორმის გატარების პერიოდში ყმა გლეხების ინტერესებს იცავდა, რისთვისაც მეორედ გადაასახლეს საქართველოდან. 60-იან წლების დასაწყისში წერდა წერილებს, ლექსებსა და თარგმანებს. მისი სტატიები სოფლის მეურნეობის საკითხებზე იბეჭდებოდა „ცისკარში” და „გუთნის დედაში”. თანამედროვეთა ცნობით, ლექსებსაც წერდა. ჩვენამდე კი მოაღწია მხოლოდ ერთმა — «ივანე ერისთავის „იამბიკოს” პასუხი».

მამაცაშვილს ცოლად ჰყავდა ნინო მეღვინეთხუცესიშვილი (დ. 1816 – გ. 1894), ისტორიკოს დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის და, მოგონებების ავტორი.[1] მამაცაშვილების სალონში გორში თავს იყრიდნენ იმ დროისთვის გამოჩენილი მოღვაწეები: იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ანტონ ფურცელაძე, კონსტანტინე მამაცაშვილი (იოსების უმცროსი ძმა), ვახტანგ თულაშვილი და სხვ.; იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, დისპუტები. ამ წრეში დაიბადა ფართო პროფილის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ორგანიზაციის შექმნის იდეა, რომელიც საბოლოოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახით განხორციელდა. მამაცაშვილის მეცადინეობით ოფ. ხოვლეში დაარსდა კერძო ქართული სკოლა. მამაცაშვილი დაახლოებული იყო ასევე მარი ბროსესთან.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნინო მეღვინეთუხუცესიშვილი, „მოგონებები“ დაარქივებული 2019-01-15 საიტზე Wayback Machine. . ლიტერატურის მუზეუმი. ნანახია: 14 ოქტომბერი, 2018.