იაკობი (მთავარეპისკოპოსი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაკობ.

იაკობ მთავარეპისკოპოსი — ქართლის ეკლესიის მეორე მამამთავარი იოანეს შემდეგ, დაახ. IV ს-ის 40–70-იან (?) წლებში. ქართლში მოვიდა 326 წელს, მღვდლის ხარისხში, იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ გამოგზავნილ სასულიერო პირთა ჯგუფის წევრად (იოანე ეპისკოპოსთან, კიდევ ერთ მღვდელთან და პროსილა მთავარდიაკონთან ერთად). „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში იხსენიება ორივე ხარისხით, როგორც „მღდელი“ და როგორც – „მთავარებისკოპოსი“.

იაკობის ეპისკოპოსად კურთხევა მოხდა წმინდა ნინოს თხოვნით. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, წმ. ნინომ, სიკვდილის წინ, კუხეთის დაბა ბოდში, ეპისკოპოს იოანეს „დაჰვედრა იაკობ მღდელი: რაჲთა შემდგომად შენსა მან დაიპყრას საყდარი“, ხოლო „მეფეთა ცხოვრების“ ცნობით, წმ. ნინომ მეფე მირიანს მიმართა ამ თხოვნით: „შევედრა მეფესა იაკობ მღდელი: რათა შემდგომად იოანესსა იგი იყოს ეპისკოპოს“.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გვაუწყებს, რომ მირიანის გარდაცვალების შემდეგ „დაჯდა მეფედ ბაკურ, ძე რევისი. და მოკვდა იოანე ეპისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნითვე მოსრული“. ეპისკოპოს იაკობის დროს „იწყეს ქართველთა სუეტისა ცხოველისაგან ნაწილის გამოღებად და ქმნად ჯუარად, რამეთუ დიდნი სასწაულნი და კურნებანი იქმნებოდეს, სადაცა იყვის ნაწილი სუეტისა ცხოველისა. და არა აყენებდა მირდატ მეფე ნაწილისა გამოღებად, რამეთუ ეპისკოპოსმანცა ჭეშმარიტმან იაკობ ეგრეთ ჯერიჩინა და თქუა: „მინიჭებულ არს უფლისაგან და ჯერარს სუეტისა მის ღმრთივ-აღმართებულისა ქმნა სახედ ჯუარისა. და განეფინა ყოველთა ადგილთა ქართლისათა ნაწილი სუეტისა ცხოველისა“. „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, იაკობი გარდაიცვალა მირდატის მეფობაში: „და მის-ზე მოკუდა იაკობ ეპისკოპოსი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათოლიკოსისა დიაკონი“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 2007
  • ცხოვრება ქართუელთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
იოანე
მცხეთის (ქართლის) მთავარეპისკოპოსი
დაახ. IV ს–ის 40–70-იან (?) წლები
შემდეგი:
იობი