პროსილა მთავარდიაკონი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პროსილა მთავარდიაკონი, IV საუკუნის ქართლის ეკლესიის სასულიერო მოღვაწე, დიაკონი, მთავარდიაკონი. 326 წელს ქართლში მოვიდა, როგორც იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ რომის იმპერიიდან გამოგზავნილ სასულიერო პირთა ჯგუფის წევრი, იოანე ეპისკოპოსთან, იაკობთან და კიდევ ერთ მღვდელთან ერთად: "და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი"[1][2][3] (ცხოვრება ქართუელთა მეფეთას მიხედვით: "მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი",[4], რაც გვიანდელი ინტერპრეტაციაა).

სახელით – "პროსილა", იხსენიება "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში , ერთადერთხელ, სადაც ნათქვამია, რომ იაკობ მღვდელი პროსილა მთავარდიაკონთან ერთად ნათლავდა ახლადმოქცეულ მცხეთელ არისტოკრატიას, ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთებულ იუდაურ სალოცავში, რომელსაც "მთავართა სანათლოჲ" ეწოდა: "ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა შინა დასავლითსა, იყო კარსა მოგუეთისასა, მტკუარსა ზედა. და იყო მცირეჱ ბაგინი, სამარხვოჲ მათი, რომელსა ზედა აღჰმართა წმინდამან ნინო ჯუარი ქრისტესი. და ერთი ერთსა ნათელ–სცემდა მუნ შინა ჴელითა იაკობ მღდელისაჲთა და პროსილა მთავარდიაკონისაჲთა, მთავართა შვილებსა, წიაღთა ქალაქისათა. და ერქუა ადგილსა მას მთავართა სანათლოჲ"[5] [6] (ამ ადგილას ჭელიშური რედაქცია ნაკლულია, ხოლო ცხოვრება ქართუელთა მეფეთა აქაც ახსენებს რამდენიმე დიაკონს, მაგრამ არ ახსენებს სახელს – "პროსილა"[7]).

"მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში კიდევ ერთხელ არის საუბარი მთავარდიაკონის, შესახებ, სადაც ის სახელით არ იხსენიება, მაგრამ უეჭველია, რომ საქმე ეხება სწორედ პროსილა მთავარდიაკონს: რომის იმპერიიდან მცხეთაში მოსული სასულიერო პირების რჩევით, მირიან მეფემ გადაწყვიტა ჯვარი აღემართა და მისი ბრძანებით, კირით-ხუროებმა დაიწყეს საჯვარე ხის ძებნა. შესაბამისი ხის პოვნის შემდეგ, მის მოსაკვეთად მეფე აგზავნის თავის ძეს, რევს და მთავარდიაკონს. ამ უკანასკნელმა, სასწაულმოქმედი ხის ხილვის შემდეგ, წარმოთქვა მუხლი ფსალმუნიდან: "იხილეს შუენიერად დგომაჲ ხისაჲ მის, ხოლო ფურცლოოდა ჟამთა არისათა და იტყოდა მთავარდიაკონი იგი მუჴლსა დავითისსა, ვითარმედ: "ესე ხე არს დანერგული თანა წარს[ა]ვ[ა]ლსა კლდის[ა]სა ზეგარდამო [ჲ]თა ცუარითა მორწყული და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ უკუნისამდე" (შდრ. ფს. 1:3).[8][9] (შატბერდულ რედაქციაში ეს ადგილი ნაკლულია, ხოლო "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"–ში საუბარია, რომ ხის სანახავად წავიდნენ "რევ, ძე მეფისა, და ეპისკოპოსი, და სიმრავლე ერისა",[10] რაც გვიანდელი რედაქტორის ინტერპრეტაციაა). "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-სავე თანახმად, სწორედ მთავარდიაკონს უსწავლებია ახლად მოქცეული ქართველებისთვის თუ რა სახით უნდა შეექმნათ ჯვარი: "და შექმნეს სახე პატიოსნისა ჯუარისა, ვითარცა ასწავა მთავ[ა]რ-დიაკონმან"[11][12] (შატბერდულ რედაქციას და მეფეთა ცხოვრებას ეს ადგილი აკლია).

  1. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 322
  2. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 86
  3. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 13
  4. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955, გვ. 115
  5. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 347
  6. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 53
  7. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955, გვ. 116
  8. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 86
  9. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 14
  10. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 119
  11. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 86
  12. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, 14
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963;
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007.