თეთრი ვეშაპი[1] (ლათ. Delphinapterus leucas) — ძუძუმწოვარი ცხოველი კბილიანი ვეშაპების ქვერიგის ნარვალისებრთა (ადრე დელფინისებრთა) ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 6 მ-მდე, მასა 1,5 ტ-მდე. ზრდასრულები თეთრად არიან შეფერილი (აქედან სახელწოდება). გავრცელებულია წრიულპოლარულად, ბინადრობს არქტიკის ზღვებში, გვხვდება ყინულებს შორის. კანს აქვს ფხვიერი ეპიდერმისის სქელი (2 სმ-მდე) ფენა. იკვებება თევზით (მოივა, საიკა, ორაგულისებრნი, ქაშაყისებრნი და მრ. სხვ.), კიბოსნაირებითა და მოლუსკებით. თევზის დევნისას ხშირად შედის დიდ მდინარეებში (ობი, ენისეი, ლენა, ამური და სხვ.); ამურში ხშირად შედის 2000 კმ და მეტზე. ცხოვრობს ჯოგებად (რამდენიმე ათეულიდან ათას სულამდე). ასრულებს რეგულარულ სეზონურ მიგრაციებს. დედალი შობს 140–160 სმ სიგრძის ნაშიერს. თეთრი ვეშაპის შეფერილობა ასაკთან ერთად იცვლება: ახალშობილი ასპიდისფერ-ლურჯია, შემდეგ რუხი, ღია რუხი (ცისფერი); მხოლოდ ზრდასრულები არიან თეთრები. სქესობრივ სიმწიფეს 2–3 წელში აღწევენ. რეწვის ობიექტია, იყენებენ მის ტყავსა და ქონს.[2]