თბილისის კარების შესახებ პირველ ცნობას ვხვდებით ისტორიკოს ჯუანშერთან, როცა იგი მოგვითხრობს 627-628 წლის თბილისს გარსმომდგარ ჰერაკლე კეისრისა და ხაზართა გაერთიანებული ლაშქრის ერთ-ერთ ბრძოლაზე ქალაქის დამცველებთან: „ხოლო სტეფანოზ... დღეთა ყოველთა გამოვიდის კართა ქალაქისათა, და ებრძოდის ბერძენთა“. ჯუანშერის შემდეგ თბილისის კარების შესახებ ცნობებს ვხვდებით X საუკუნის არაბ ისტორიკოსებთან იბნ ჰაუკალთან და ალ-ტაბარისთან. იბნდ ჰაუკალი თბილისის აღწერისას ამბობს, რომ ქალაქს ტინის ორი კედელი აკრავს და სამი კარი აქვს. თბილისის კარების შესახებ უფრო სრულყოფილად მოვგვითხორბს ალ-ტაბარი 853 წელს ბუღა თურქის თბილისში ლაშქრობის აღწერის დროს. ალ-ტაბარის თქმით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულ თბილისს ჰქონდა ხუთი კარი: მაიდნის კარი, კარის კარი, მცირე (პატარა) კარი, რაბადის კარი და სოღდებილის კარი. ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სოღდებილის მედინაში ასახელებს „ჰისაქის კარს“.

თბილისის კარებთაგან ზოგიერთის რეკონსტრუქცია და მათი ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დადგენა ხერხდება. ადრინდელ შუა საუკუნეებში არაბი მთხრობელები ამა თუ იმ ქალაქის კარების ჩამონათვალისას იყენებდნენ ორ პრინციპს: საათის ისრის მოძრაობის და ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომლის გათვალისწინებითაც ხერხდება მათი ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დადგენა. ალ-ტაბარი თბილისის კარების დასახელებისას პირველ პრინციპს იყენებს და მათ ჩამოთვლას ქალაქის სამხრეთ კედელში დატანებული კარებით იწყებს: მაიდნის კარი (გვიან და შუა საუკუნეებში აბანოს კარი), კარის კარი (მიესადაგება განჯის კარს), მესამე კარს მცირე (პატარა) კარი ჰქვია. მისი ადგილდებაორების ზუსტ მინიშნებას ართულებს თვით კარის რაიმე კონკრეტული სახელის უქონლობა. თუ საათის ისრის მიმართულებას გავყვებით, აღნიშნული კარი ქალაქის ჩრდილო დასავლეთით უნდა ვეძებოთ, ხოლო სახელი მის მეორეხარისხოვნებაზე უნდა მიუთითებდეს. რიგით შემდეგია რაბადის კარი, რომელის ქალაქის კედელს ჩრდილოეთიდან ჰქონდა დატანებული და ქალაქს (კალას) აკავშირებდა რაბადთან (შემდეგომში გარეთუბანთან). გვიან და შუა საუკუნეებში ქალაქს ჩრდილო დასავლეთიდან ზღუდეს ოთხი კარი ჰქონდა დატანებული, რაც ართულებს რომელიმე მათგანთან რაბადის კარის მისადაგებას. მეხუთე კარი ალ-ტაბართან სოღდებილის კარია, რომელიც მეტეხის ხიდთან მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოღდებილისაკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. საზოგადოდ, ქალაქის ზღუდეში დატანებული ესა თუ ის კარი იმ ტერიტორიის, ადგილის, დასახლებული პუნქტის, ქალაქის და ასე შემდეგ სახელს ატარებდა, საითაც იყო მიმართული.

თბილისის კარების შესახებ მართალია, ზოგად, მაგრამ საინტერესო ცნობას ვხვდებით XI საუკუნის ქართულ საისტორიო თხზულებაში „მატიანე ქართლისა“. 1045 წელს ქალაქის ბერების მოწვევით საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის ქალაქში შემოსვლისას „...მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი“ და „აღიხუნა კოშკი კართანი თავის კაცითა“. ამგვარად ქალაქის ყველა კარი იკეტებოდა და თითოეულს თავისი კლიტე, თავისი დამცველი კოშკი ჰქონდა, რომელშიც იდგა მეფის მიერ დანიშნული საგანგებო მოხელე კარის მეთვალყურე და ზედამედველი (მეკარე და მებაჟე). ყველა კარი საღამოჟამს იკეტებოდა და დაგვიანებული მგზავრი თუ ქარავანი იძულებული იყო ღამე ქალაქის კარის მიღმა გაეთენებინა.

ჟამთაამღწერელს ჯალალედინის მიერ 1226 წელს თბილისის აღების დროს გამართული ბრძოლების შესახებ თხრობისას რამდენჯემრე აქვს ნახსენები ქალაქის კარნი და გვამცნობს, რომ ქალაქის ერთ-ერთი დამცველი მემნა ბოცოსძე მოკლეს „განძის კართა კერძო“, ესეიგი განჯის კართან.

XVII-XIX საუკუნეების წერილობითი წყაროები მეტად მწრი ცნობებს შეიცავს თბილისის კარების შესახებ. ამ ხარვეზს ავსებს ქალაქის გრაფიტული გამოსახულებანი: 1673 წელს (შესრულებლი - ჟან შარდენის მხატვარი გრელო), 1701 წელს (შემსრულებელი - ო. ტურნეფორის მხატვარი ობრიე), 1735 წელს (ვახუშტი ბაგრატიონი), 1785 წელს (პიშჩევიჩი), 1800 წელს (ჩუიკო) შედგენილი თბილისის ნახატები და გეგმები. ქალაქის ეს გრაფიკული გამოსახულებანი ერთმანეთისგან განსხვავდება და, ამდენად, ურთიერთს ავსებს, რაც საშუალებას გვაძლევს მათი ურთიერთშეჯერებით, ასევე XII-XIII საუკუნეების სიგელგუჯრების მოშველიებით დავადგინოთ თბილისის კარების მეტ ნაკლებად ზუსტი სურათი. მტკვრის მარჯვენა მხარეს, გალავანში დატანებული იყო რამდენიმე კარი: სამხრეთის აბანოს (სეიდაბადის), განჯის (ციხის), დასავლეთით კოჟრის (კოჯრის, ზემო, მაღალი, მაღლა, წავკისის), ჩრდილოეთით დიღმის (შუა), მოედნის (ზემო წყლის კარი ხიდით, მუხრანის). მტკვრის მარცხენა მხარეს - ავლაბრის კარი და პატარა (მცირე) კარი.

გარდა ამისა, ქალაქში კიდევ იყო ორი „ციხის კარი“. ერთი თვით ციტადელში, ნარიყალაში, მაღლა ციხეში შესასვლელი ციხის კარი და მეორე - როსტომ მეფის მიერ XVII საუკუნის 40-იან წლებში ქალაქის ციხიდან წამოსული ქალაქისა და ციხის გამყოფ კედელში დატანებული ციხის კარი (მდებარეობდა ქვემო, თათრის, ციხის მოედანთან). ეს კარი გაუქმდა 1750 წელს თეიმურაზ II-ის მიერ ქვემო ციხის და ქალაქის გამყოფი კედლის აღებისას.

აბანოს კარი მდებარეობდა მდინარე წავკისწყლის მარცხენა სანაპიროზე, დატანებული იყო ქალაქის ზღუდეში სამხრეთ აღმოსავლეთ მხრიდან.

კანჯის კარი მდებარეობდა ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, წავკისისწყლის მარცხენა სანაპიროსთან, იგი თავისი ორი დამცველი კოშკით, ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო და სტრატეგიული კარი იყო, რომელი მეთვალყურეობდა სამხრეთიდან წამოსულ ქარავანსა თუ მგზავრს.

კოჯორის კარი მდებარეობდა დღევანდელი თავისუფლების მოედნისა და ლესელიძის ქუჩის შესაყარზე. აქედან იწებოდა გზა კოჯორისაკენ, შემდეგ კი, სამშვილდეზე გავლით, - თრიალეთისა და სომხეთისაკენ.

დიღმის კარი მდებარეობდა დღევანდელი ა.პუშკინისა და ნ.ბარათაშვილის ქუჩათა შესაყარზე; აქედან იწყებოდა ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო გზა: თბილისი - გორი - ახალქალაქი და ასევე, თბილისი - ჟინვალი და აქედან რუსეთისაკენ.

წყლის კარი ემსახურებოდა გარეთუბნელლებს და, ალბათ, ავჭალის გზით (XVII საუკუნეში ნუგზარ არაგვის ერისთავის მიერ მტკვარზე გადებული ხიდით) მოსულ ქალაქისპირა სოფლებისა და ჩრდილოელ მგზავრებს. ამ კარის გაუქმების შემდეგ, XVIII საუკუნის 50-იან წლებში, „მეიდნის (მოედნის) კარს“ შეერქვა „მოედნის წყლის კარი“ (1751) წელს, „ზემო წყლის კარი“ (1769), წელს „მუხრანის კარი“ (1800) წელს.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავლაბრის კარი დატანებული იყო შიდა ავლაბრის ზღუდეში, აღმოსავლეთ მხრიდან, საიდანა იწყებოდა „ბაღების გზა“, „კახეთის გზა (დაღესტნის დიდი გზა)“, „შუა ტბის გზა“, „ლილოს გზა“ და „ავჭალის გზა“. ავლაბრის ზღუდეში ჩრდილოეთ მხრიდან დატანებული „პატარა კარიდან“ მხოლოდ „ავჭალის გზა“ იღებდა სათავეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002