ვოსტოკის ტბა (რუს. озеро Восток; აგრეთვე ცნობილია როგორც ვოსტოკის ყინულქვეშა ტბა ან აღმოსავლეთის ტბა) — უდიდესი ყინულქვეშა ტბა ანტარქტიდაში.[1] მდებარეობს სიცივის პოლუსის სამხრეთით, ვოსტოკის სადგურის რაიონში, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის ზედაპირზე, რომელიც მდებარეობს 3488 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე. ელიფსური ფორმისაა. ფართობი — 15 690 კმ², სანაპირო ხაზის სიგრძე დაახლოებით — 1000 კმ, მაქსიმალური სიგრძე — 250 კმ, მაქსიმალური სიგანე — 50 კმ, საშუალო სიღრმე — 432 მ, უდიდესი სიღრმე — 510 მ-იდან 900 მ-მდე.

ვოსტოკის ტბა
ვოსტოკის ტბის თანამგზავრული ფოტოსურათი
ვოსტოკის ტბის თანამგზავრული ფოტოსურათი
კოორდინატები: 77°30′ ს. გ. 106°00′ ა. გ. / 77.500° ს. გ. 106.000° ა. გ. / -77.500; 106.000
მდებარეობა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
სიმაღლე ზღვის დონიდან 3488 
სიგრძე 250 კმ
სიგანე 50 კმ
ფართობი 15 690 კმ²
მოცულობა 5400 ± 1600 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 1010 კმ
საშუალო სიღრმე 432 
მაქსიმალური სიღრმე 510-900 
ვოსტოკის ტბა — ანტარქტიდა
ვოსტოკის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ გიგანტური ტბის არსებობის შესახებ ვარაუდები, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოითქვა.[2] 1990-იანი წლების შუა ხანებში სეისმური და რადიოგლაციოლოგიური კვლევების ხარჯზე დადასტურდა ტბის არსებობა. მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ვოსტოკის ტბა ვულკანური მოქმედების პროდუქტია, რომელმაც გაალღო მიწისზედა ყინულის ნაწილი. ვოსტოკის ტბა კვებავს უნიკალურ მტკნარწყლიან ეკოსისტემას, რომელიც შეიცავს ინდივიდუალურად განვითარებულ ორგანიზმებს.[3]

1996 წელს რუსი მეცნიერების მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით, გამოქვეყნდა პირველი სამეცნიერო სტატია. ამის შემდეგ, სახელმწიფოს დაფინანსების წყალობით, რუსმა მეცნიერებმა 4 კილომეტრის სიღრმეზე ყინულის გათხრა მოახერხეს და 400 000 წლის წინანდელი ყინულის ქერქის ნიმუშებამდე მიაღწიეს, რომელშიც მიკროორგანიზმების კოლონიები აღმოაჩინეს.[2]

ტბის არსებობის შესახებ პირველმა გამოთქვა მოსაზრება რუსმა გეოგრაფმა ანდრია კაპიცამ 1955-1957 წლებში. თუმცა ტბის აღმოჩენის თარიღად მიჩნეულია 1996 წელი. 1959 და 1964 წლებში ანდრია კაპიცის ხელმძღვანელობით სადგურ ვოსტოკთან განხორციელდა მყინვარული ფარის სეისმური ზონდირება, რის ხარჯზეც გამოირკვა მისი სისქე.

1971-1978 წლებში პოლარეთის კვლევების ინსტიტუტმა შეასრულა აერორადიოლოკაციური დაპროფილება, რომლის მონაცემებით დასტურდებოდა არაორდინარული ზომის ყინულქვეშა წყალსატევის არსებობა.

1989 წელს დაიწყო ბურღვითი სამუშაოების რუსული პროექტი. საბოლოო ჯამში გაიბურღა ყინულის 3769 მ-იანი მონაკვეთი.

1999 წელს შეწყდა ბურღვა ტბის სავარაუდო ზედაპირიდან 120 მ-ზე, რათა არ მომხდარიყო წყლის დაბინძურება და უნიკალური ეკოსისტემის განადგურება.

2003 წელს პეტერბურგის სამთო ინსტიტუტში შეიმუშავეს ახალი ეკოლოგიური ტექნოლოგია და შესაბამისად, 2006 წლიდან განახლდა ზეღრმა ბურღვითი სამუშაოები. 3650,43 მ სიღრმიდან მოპოვებული იქნა პირველი ყინულოვანი კერნი.

საერთო ჯამში, 2006-2007 წლებში ჩატარებული სეზონური სამუშაოებისას დაგეგმილი იყო 75 მ-ის ყინულოვანი კერნის ამოღება. თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო თერმობურღის ჭურვი წყობიდან გამოვიდა და ბურღვა 3665 მ ნიშნულზე შეწყდა.

2008 წლის ანტარქტიდულ სეზონში კვლავ განმეორდა ავარია — მოწყდა საბურღი ჭურვი. 2009 წლის 22 იანვრიდან გაგრძელდა ბურღვითი სამუშაოები.

2011 წლის 3 თებერვლისთვის ჭაბურღილის სიღრმე 3714,24 მ-ს აღწევდა, ხოლო 2012 წლის 12 იანვრისთვის — 3737,5 მ-ს. ბურღვა სადღეღამისოდ მიმდინარეობდა. 2012 წლის 5 თებერვალს 3769,3 მ სიღრმეზე მეცნიერებმა დაასრულეს ბურღვა და მიაღწიეს ყინულქვეშა ტბის ზედაპირს.[4]

ვოსტოკის ტბა XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენად ითვლება. ტბამ სახელწოდება მიიღო ანტარქტიდული სამეცნიერო სადგურის — ვოსტოკის სახელის მიხედვით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება